logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს
- +

17 თებერვალი. 2016. 14:39


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. მინისტრის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.


კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დღის წესრიგში სხვა უწყებების გაუქმებაც დადგეს.


 

„ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ  მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად  არ მომხდარა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა. მართალია, ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ალბათ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე. 

 

მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ.

 

ვფიქრობ,  რომ სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკი: როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის  ავტონომიის მინიჭება არ უნდა  მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. მაშინ სამინისტროში  სამინისტრო  იყო. ამ მოდელით თუ წავალთ და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით უპორტფელო მინისტრი იქნება, ასეთ მოდელს არ ვეთანხმები. მაგრამ თუ სტრუქტურას კარგად დავალაგებთ, რატომაც არა. რაც უფრო შევკვეცავთ სახელმწიფო აპარატს, მით უფრო ქმედითი გახდება სისტემა.

 

ყველა ის სამინისტრო, რომელზეც ქადაგიძის მხრიდან  საუბარი იყო, მაშინ შეიქმნა, როდესაც ავანგარდში იყო ხელისუფლება, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს ბატონ ქადაგიძეს. ასე რომ, თუ რამე პრეტენზიები იყო ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით,  თავის დროზე რომ განეცხადებინა, სანამ სტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა,  კარგი იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ის, რაც გასაუქმებელია, ამასაც გავაკეთებთ, რომ ქმედითი სახელმწიფო აპარატი მივიღოთ.

 

როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე არსებობს, ხელმძღვანელის მხრიდან დარგის განვითარებას  და რეფორმების გატარებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. როდესაც ერთი ადამიანი, მინისტრის პორტფელით და პოლიტიკური წონით აღნიშნული დარგის განვითარებაზე მუშაობს, შედეგი სულ სხვა იქნება და როდესაც ერთ-ერთ სამინისტროში, დეპარტამენტად არის, ის მეხუთეხარისხოვნად განიხილება", - აცხადებს კახიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner