logo_geo
eng_logo
ლექსო ლეკიაშვილი: თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ღირდა თუ არა ეს ცვლილება - მე ვთვლი, რომ ღირდა!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 13:47



ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

დღეს 2016 წლის პირველი ოქტომბერია და ჩვენი მოტყუება სულაც არაა ადვილი.

4 წლის წინ იყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი.

ხოლო მანამდე...

ჩემი, არცთუ ურიგო მეხსიერების წყალობით კარგად მახსოვს, რა იყო 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე.

მახსოვს ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც პარტიის ოფისთან ჩავლისას საწინააღმდეგო მხარეს იყურებოდნენ, რომ, ემანდ, „გამარჯობა" არავის დასცდენოდა ჩვენი მისამართით.

მახსოვს ჩემი მეგობრების მშობლები, რომლებიც თვალს მარიდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომქართული ოცნების" მაისური მეცვა.

მახსოვს თბილისი-დედოფლისწყაროს ტაქსის მძღოლი, რომელმაც უარი მითხრა რაიონის კულტურის ცენტრში მიყვანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მიმდინარეობდა პირველი შეხვედრაოცნების" ლიდერებთან.

მახსოვს ჩემი მშობლების მეგობრები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ოჯახის უსაფრთხოებაზე უნდა მეფიქრა და თავი შემეკავებინა მკვეთრად ოპოზიციური განცხადებებისგან.

მახსოვს გატეხილი ჩემი ნაქირავები ბინა, როცა სოფლიდან დავბრუნდი - იატაკზე გადმოყრილი ყველა ნივთი, საწოლზე დაგდებული ჩემი შვილის მანეჟი, გადაყირავებული კარადა - მაგრამ არაფერი დაკარგული და შემდეგ გარედან დაკეტილი კარი.

მახსოვს ნახევრად შეხსნილი კარებიდან და ფანჯრებიდან მომზირალი შეშინებული თვალები, როცა დედოფლისწყაროს ქუჩებში მსვლელობებს ვაწყობდით.

მახსოვს შეხვედრებზე გამოსული, შედარებით გამბედავი, ან ისეთი მოქალაქეები, რომელთაც აღარაფერი ჰქონდათ დასაკარგი.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა 83 წლის მარტოხელა მოხუცი, რომელსაც პენსია დაუყადაღეს მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო და ქალი, რომლის ძმაც დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით, ხოლო ის ადამიანი, ვისი მკვლელობის გამოც დააპატიმრეს - ცოცხალი აღმოჩნდა.

კიდევ ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ ყველაფერს ვერ დავატევ სტატუსში.

დღეს პირველი ოქტომბერია.

4 წლის წინ ერთად მოვაწერეთ ხელი, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ და ბრბოდ აღარასდროს ვიქცევით.

რა თქმა უნდა, პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს და ვიდრე პირადად მე ველოდი.

შეცდომებიც უამრავია.

მაგრამ რაც მთავარია - არ არის ამ შეცდომების გენიალურ ნოვაციებად შემოსაღების მცდელობა და ამ პრობლემებზე ხმამაღლა მოსაუბრეებსაც თავპირდამტვრეულებსა და შუბლგახვრეტილებს არავინ პოულობს ქუჩაში.

და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ღირდა თუ არა ეს ცვლილება - მე ვთვლი, რომ ღირდა.

თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ოქტომბერს (23 ნოემბრისგან განსხვავებით) ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისად არავინ მიიჩნევს და ამ დღეს ისე ვხვდებით, როგორც ცივილიზებულ ხალხს შეეფერება - პომპეზურობისა და განსაკუთრებული აღნიშვნების გარეშე.

პრინციპში, სხვანაირად რატომ უნდა იყოს - ერთი ჩვეულებრივი არჩევნები იყო, სხვა ხომ არაფერი", - წერს ლეკიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner