ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ქართული ოცნების" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ პარტიული სიით 48-54%-მდე მიიღებს „ქართული ოცნება", ხოლო მაჟორიტარებიდან 60-70 მაჟორიტარს გაიყვანს.
„გავიმეორებდი ჩემს პროგნოზს. პარტიული სიით არჩევნებში, მე ვფქირობ, რომ 48-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება" მიიღებს. ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ქართულმა ოცნებამ". ვიღაცები ახერხებენ კრიტიკულ გამონათქვამებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათო. პარტია არის აბსოლუტურად დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს უახლოეს მიმდევარს, ორნახევარჯერ და სამჯერ უსწრებს. გასაგებია, რომ ის პრინციპი, რაც შეიცვალა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, 30%-ის ნაცვლად, 50% გახდა გამსვლელი. მეორე ტური იქნება იმ მიზეზით, რომ უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს მაჟორიტარებისა არჩევნებში. რეგიონში 8-9 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, ხმები გადანაწილდება და რთული იქნება, რომ პირველივე ტურში 50% მოაგროვონ. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ნუ აკნინებენ, ეს არის ძალიან კარგი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.