ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ თუ „ნაციონალები" გააგრძელებენ იმას, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ, შეიძლება პარლამენტის გარეშე დარჩნენ.
„ჩემი აზრით, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, 5-6 პარტია შევა პარლამენტში. ტელეკომპანია „იმედის" მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებში გამოიკვეთა რამდენიმე პარტია, ვინც ჩანდა. ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებს" და ბოლო ორი კვირის გარდაქმნებს თუ გადავხედავთ, გაჩნდა შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები" გავლენ მეორე ადგილზე. კარგი იქნებოდა, რომ არჩევნების შემდეგ მთავარ ოპოზიციურ ძალად „თავისუფალი დემოკრატები" მოგვევლინოს. ასეთი სცენარით „ნაციონალური მოძრაობა" მინიმალური რაოდენობით, 5 კაცით გავა. მიიღებს თავის მინიმუმს, არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ვერ შევიდნენ. თუ ამას გააგრძელებენ, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ, არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტის გარეშე დარჩნენ. ისე, კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტში 5 კაცით მაინც იყვნენ წარმოდგენილები, რომ ხალხს არ დაავიწყდეს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.