logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა დაინახეს „ნაციონალების“ რეალური სახე
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:45


 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი რესურსი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა იყო, რაც მათ დღეს აღარ აქვთ. მისი თქმით, აშშ-მ და ევროპამ კარგად დაინახეს „ნაციონალების" რეალური სახე.

 

„მთავარ მონაპოვარამდე რომ მივიდე, უნდა გავიხსენო რამდენიმე მომენტი. უნდა გავიხსენო, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა იმით, რომ კოჰაბიტაციის პროცესი გაგრძელდა 4 წლის განმავლობაში. ამავდროულად მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ გარკვეული ნაწილი დარჩა „ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის მსხვერპლად. მოგახსენეთ, რომ პროპაგანდას რაც შეეხება, მოხდა უფრო მნიშვნელოვანი, რომ მთავრობას არ ჰყავს მედია და მთავრობა გულწრფელად ემსახურება საკუთარ ხალხს და აჩვენებს შედეგებს და შედეგები არის ძალიან შთამბეჭდავი ყველა მიმართულებით. თუ ჩვენი კვლევების არ სჯერათ ოპონენტებს, ნახონ საერთაშორისო კვლევები. ძალიან დიდი წარმატებაა ყველა მიმართულებით. ამ მხრივ, ის, რომ პროპაგანდის მსხვერპლად „გავწირეთ" მოსახლეობის რაღაც ნაწილი, ასე ვთქვათ, მაგრამ უფრო დიდი დავიცავით, რომ მთავრობას არ აქვს საკუთარი მედია, რაც იყო ჩვენი უახლესი ისტორიის დაავადება.

 

კოჰაბიტაციას რაც შეეხება, ამაზე არის ძალიან დიდი საყვედური. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი სწორი პროცესი, რასაც ჩვენ ხელი შევუწყეთ. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა დღესაც და ადრე უფრო მეტი იყო უკმაყოფილო. მე რომ ხელისუფლებაში მოვედი, ვერც წარმომედგინა სხვა მიმართულება.

 

ეს ოთხი წელიწადი იყო ძალიან რთული წლები. მე არასდროს მითქვამს ტელევიზიით, მაგრამ მე ზუსტად ასეთი წარმომედგინა, მაგრამ ის, რომ საოცრება ვერ მოხდებოდა და ეს ხალხი ხელწერას ვერ შეიცვლიდა, ეს თავიდანვე ჩანდა. თუმცა, საზოგადოება არის უკმაყოფილო. „ნაციონალებს" ჰქონდათ უზარმაზარი რესურსი, ფინანსური, ნაძარცვი, რაც გარეთ ჰქონდათ გატანილი. მათ ჰყავდათ 46 დეპუტატი და ერთადერთი  ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში იყო წარმოდგენილი. მაგრამ მათ დღეს ყველა რესურსი ამოეწურათ. ყველაზე დიდი რესურსი, რაც გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას", ეს გახლდათ საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა, მხარდაჭერა აშშ-დან და ევროპიდან. მხარდაჭერა ჰქონდათ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განსხვავებული ინფორმაცია. შიდა ინფორმაცია იყო ერთი და და გარეთ ჰქონდათ კარგად შეფუთული ინფორმაცია, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა. ყველაზე დიდი და მძიმედ გადასატანი რესურსი, ჩემთვის პირადად მთელი წლების განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობა გახლდათ. ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა, რომ ასეთი „დემოკრატიის შუქურა" ქვეყანაში ამდენი თანამდებობის პირი დასჯილიყო. ეს რესურსი პირნათლად, ბოლომდე ამოეწურათ. მათ საზღვარგარეთიდან არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა დაინახეს მათი რეალური სახე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner