ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
"იბერია-ტვ"-ზე ნაჩვენები ცემა-ტყეპა გახდა მსოფლიოს ტელეარხების "საღადავო" თემა და ამ ინციდენტის ზოგიერთი, ნებსით თუ უნებლიე, "ორგანიზატორი" ხუმრობანარევი სიამაყით უყვება ხალხს ამ სამარცხვინო ფაქტის უცხოური ინტერპრეტაციის შესახებ. რა თქმა უნდა ეს შემთხვევა უნიკალური არ არის, სხვა ქვეყნებშიც არაერთგზის მომხდარა, მაგრამ საქართველოს ტელეარხებზე ეს "მიმართულება" უკვე სისტემურ ხასიათს იძენს. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ 2-3 არხი. და მიზეზი, უწინარესად წამყვანთა და პროდიუსერთა უაღრესად დაბალ კვალიფიკაციაში, პროფესიული კულტურის დაბალ დონესა და განათლების სიღარიბეში უნდა ვეძებოთ. "შანსიანი", "მომწოლი". "ხმაზე მომუშავე" წამყვანების დრო ძალიან დიდი ხანია წასულია ნორმალური ტელეარხებიდან, ახლა კომპეტენტური, პროფესიული ეთიკისა და ფსიქოლოგიის უნარ-ჩვევების მატარებელი, მრავალმხრივ განათლებული და ინფორმირებული, მაღალკულტურული და მახვილი გონების მქონე, ობიექტური (და არა მხარე) წამყვანებს ითხოვს დრო და არა სკანდალებს დახარბებული, პროვოცირებაში დაოსტატებულ, მოჟურნალისტო პერსონებს.
ეს ცალკე თემაა და, ალბათ, მოვიდა დრო ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებისთვის.
და კიდევ ერთი!
ახლა ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ორი "დაპირისპირებული მესაზღვრის" ემოციური "შეხვედრის" კადრები. ცრემლის გარეშე ვერ უცქერ ნორმალური ადამიანი ამ "როკვას".
აი, ეს კადრები უნდა ვრცელდებოდეს ყველა არსებული საშუალებით და არა ის მუშტი-კრივი და დედის გინებით, ლანძვით, მუქარით, შეურაცხმყოფელი იარლიყებით აღსავსე "ცირკი", რომელსაც ჩვენ, რატომღაც, "ტოკ-შოუს" ვუწოდებთ. სწორედ ეს უნიკალური კადრები უნდა გახდეს საერთაშორისო ტელესივრცის "ხიტი"...
სწორედ ჩვენთან, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება შევესწროთ "დაპირისპირებული" ადამიანების გულწრფელი ემოციების მსგავს ამოხეთქვას.
...ჰოდა, იმას დაექცეს ოჯახი, ვინც საზღვრის გავლებამდე მიიყვანა ძმები, ვინც ხელი წეუწყო ძმათა ომის გაჩაღებას: განურჩევლად დროისა, ეროვნებისა, სქესისა და თანამდებობისა!
ამინ!