logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: „ნამდვილი მხედარმთავარი ომს იგებს მახვილის ქარქაშიდან ამოუღებლად...“
- +

3 ოქტომბერი. 2016. 15:12



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებსა და მათი დაბრუნების გზებზე საუბრობს.

 

- ბატონო  კობა, დღეს ახმეტელის თეატრში ვეტერანებთან ძალიან ემოციური, თუმცა, თბილი შეხვედრის დროს  აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები და 2008 წელს, წინა ხელისუფლების „თანმიმდევრული" პოლიტიკის წყალობით ოკუპირებული ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა გაიხსენეთ... ალბათ დარბაზში არავისთვის ყოფილა ამ თემაზე საუბარი ადვილი; ყველას უზომო ტკივილი ეწერა სახეზე... ერთმა მოხუცმა ვეტერანმა დარბაზიდან გასვლისას თავისთვის, ჩუმად, უიმედოდ ჩაილაპარაკა - მე ვეღარ მოვესწრები მაგ ტერიტორიების დაბრუნებასო... მისი ეს უიმედობა მეტკინა ძალიან...

 

- არ მეგულება ქართველი, ვისაც ეს საკითხი არ სტკივა... მაგრამ ამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მხოლოდ ტირილი არა, ქმედითი, თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო; არაფრის მომტანია გულზე მჯიღის ცემა და ისტერიკამდე მისული რიტორიკა, როგორც ამას წინა ხელისუფლების დროს ვაწყდებოდით. სააკაშვილის ხელისფლების წყალობით და დიდი მეცადინეობითაა სწორედ, რომ დღეს ახალგორი, რომელიც არასოდეს იყო სამაჩაბლოს შემადგენლობაში და დალის ხეობა, რომელიც აფხაზეთს არასოდეს ეკუთვნოდა, დღეს ასევე ოკუპირებულია. დალის (კოდორის) ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის" დარქმევა სწორედაც რომ გამიზნული ნაბიჯი იყო შემდეგ მისი რუსეთისთვის „გადასაცემად"!


...2008 წლის ომის დროს მე და ჩემი მეგობრები, ვისაც ომი საკუთარ თავზე გამოგვიცდია, მივედით შესაბამის ორგანოებში და ვითხოვეთ, უბრალო ოფიცრებად მაინც გავეშვით, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მივიღეთ... თუმცა, რად გინდა ვინმეს თანხმობა იმისთვის, რომ შენი საკუთარი მიწა-წყალი, შენი სისხლი და ხორცი დაიცვა?!.. გამოუცდელი, პირტიტველა, 18 წლის ბიჭები მტერს მარტო შეატოვეს და ჩვენი პატრიარქის ძალისხმევა რომ არა, ბევრი მათგანის ცხედარსაც კი დავკარგავდით!.. არაერთი სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა და მე ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული თითოეული მეომრის ხსოვნის წინაშე! ბევრ მათგანს პირადადაც ვიცნობდი... ომში მსხვერპლი გარდაუვალია, მაგრამ თითოეულ დაცემულ სიცოცხლეს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული მიზანი და გამართლება...


  ...ნათქვამია, „გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის!" ომი არის ის პროცესი, რომელსაც ვერანაირად აიცილებ გულში მჯიღის დარტყმით, ან კიდევ ბაქი-ბუქით. ომის ტაქტიკური განსაზღვრებაა - ორი შეიარაღებული შენაერთის ორგანიზებული შეჯახება. ომის თავიდან აცილების პროცესი უნდა წარიმართოს მანამდე, სანამ ეს ორი შენაერთი ერთმანეთს შეეჯახება. შეჯახების პროცესში უკვე სხვა მექანიზმები ერთვება და ეს მთელი მეცნიერებაა. ამას ჩვენ ასე ზედაპირულად და რემბოს დონით, სათვალეებით თავზე, ხელზე გადაჭრილი თათმანებით და თუნდაც, ყველაზე ბოლო მოდელის სამხედრო ფორმებითა და აღჭურვილობით ვერ გადავწყვეტთ. თვით სუნ-ძი ამბობდა, რომ ნამდვილი მხედარმთავარი ომს  იგებს მახვილის ქარქაშიდან ამოუღებლად...


...რაც შეეხება უიმედობას - თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, გაცილებით უფრო პატარაც ყოფილა ჩვენი სამშობლო, ვიდრე დღესაა, გაცილებით უფრო მეტი განსაცდელი ჰქონია და უფრო მეტი მსხვერპლიც გაუღია, მაგრამ ყოველთვის მოქმედებდა ზამბარის პრინციპი - ზამბარას როგორც არ უნდა კუმშავდე, ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ ის გაიშლება და ამ გაშლის მიმართულებიდან ერიდები. ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, ერისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი ტრაგედია არის საკუთარ სამშობლოში მასპინძლის როლის შეგრძნების დაკარგვა, რაც ასე ძალუმად იგრძნობოდა წინა ხელისუფლების დროს! მთავარია, ეს დროებით დაკარგული ტერიტორიები ისევ ჩვენს ორგანულ ნაწილად აღვიქვათ, სულიერად არ დავშორდეთ მათ... არასოდეს უნდა გვქონდეს ვიღაც „თოვლის პაპის" მოლოდინი, რომელიც ჯადოსნური ჯოხის მოქნევით დაგვიბრუნებს ჩვენს მიწა-წყალს! ამაყად გავიძახით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკეთებელ საქმეს ვიღაც სხვა გააკეთებს, თავად კი გაბრწყინებული, უდარდელი სახეებით ვივლით ამ კურთხეულ, ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით და ხორცით გაპოხიერებულ მიწაზე! ის, რაც გამოსასწორებელია, ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ,, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს! უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია მუდმივი მეგობრობის განცდა, ყველას აქვს თავისი მუდმივი ინტერესები...


...XXI საუკუნეა და ჩვენ ფაქტობრივად, უფრო მეტს თავით უნდა ვფიქრობდეთ, ვიდრე კუნთით ვაზროვნებდეთ. აღარაა დღეს ის ჟამი, როდესაც კუნთით იაზროვნებ... ბრძოლა პროცესია, უშუალოდ ამ პროცესში სისასტიკე გამართლებულია, მაგრამ ბრძოლის შემდეგ გამართლებულია შენდობაც. წლები გადის, მაგრამ, რატომღაც, სადღაც ღვარძლი ისევ ფეთქავს ხოლმე. როგორც არ უნდა ვისაუბროთ დღეს, არ გვაქვს არჩეული, რა გვინდა და საით მივდივართ. გასაგებია, რომ იყო დაძაბულობა და საბრძოლო მოქმედებები იმავე აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს გაგვჭირვებია.


- რას გულისხმობთ?


- რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩვენ ვმასპინძლობდით 2002 წელს აფხაზეთის მხრიდან საველე მეთაურებს. მთავარი პროცესის დაწყებაა, თორემ შედეგი ყოველთვის ყველა ქმედებას მოაქვს. შეიძლება, უბრალოდ, დროში გაიწელოს... მათ რუსებიც კი გაწიეს გვერდზე და ჰქონდათ სურვილი, რომ გაკეთებულიყო ერთობლივი დასახლებული პუნქტი, სადაც მათი და ჩვენი მხრიდან რამდენიმე ადამიანი, უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეები, თავიანთი ოჯახებით ჩასახლდებოდნენ ეგრეთ წოდებულ „ბუფერულ ზონაში", გაიხსნებოდა სკოლა, დაიწყებოდა მშვიდობიანი თანაცხოვრება, და ეს ყველაფერი გახდებოდა გარანტია იმისა, რომ იარაღს აღარ ვესროდით ერთმანეთს... მერე ძალიან დიდი პრობლემა გაჩნდა მათთან და რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენთანაც - ხელისუფლებაში. ეს პირველი ეტაპი იყო. ამით დიდდებოდა სამშვიდობო, ბუფერული ზონა. ანუ იქ, სადაც ერთობლივი სოფელი თუ დასახლებული პუნქტი, აგრესიის შიში აღარაა, ძალაუნებურად, ის კონტინგენტი, რომელიც შუაში დგას, ბუფერულ ზონას ქმნის და სამშვიდობო  მისიას ასრულებს. ამ მისიის შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, უკვე ეს ურთიერთნდობის ზონა ფართოვდება, ნდობა მაღლა იწევს... სხვათა შორის, ჩვენც ვიყავით 2003 წელს სოხუმში. მათ შემოგვთავაზეს იქ ჩასვლა, ჩვენ უარი არ გვითქვამს.. სხვათა შორის, ჩვენგან განსხვავებით, აფხაზებს შესწევთ იმის უნარი, რომ ემოცია შეიკავონ. სტუმრად რომ ხარ ჩასული და პასუხისმგებლობას რომ იღებენ მასპინძლობაზე, არც ზედმეტს გამოგატანენ და არც არაფერს გაკადრებენ... ახალდასახლების იდეა უშუალოდ ჩვენ და აფხაზეთის მხარეს გვეკუთვნოდა, კერძოდ სამხედროებს, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ენთუზიაზმით არ შეგვხვედრია მაშინდელი სახელისუფლებო წრეები, ჩვენ კი, როგორც ინიციატორებმა, სამწუხაროდ სათანადო რესურსები ვერ მოვიძიეთ და ეს ყველაფერი დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!"


...იცით, ეს კავკასიაა და კავკასიას თავისი მენტალიტეტი აქვს, კავკასიაში სხვანაირია სიტყვის ფასი, აქ არის სხვა წამახალისებელი რამ, თუნდაც ადამიანური ურთიერთობები... რაც უფრო პატარაა ერი, მით უფრო სჯერა თავისი განუმეორებლობის და ის პრინციპები, რომელიც ღვივდებოდა ერში, ინახავდა ამ ერის თვითმყოფადობას. რაღაც დემოკრატიას ვესწრაფვით, მაგრამ უმთავრესი გვავიწყდება ჩვენ - ქართველებს, აფხაზებს და ოსებს ჯერ ერთმანეთი ვერ გვიპოვია! ერთმანეთისთვის მოქნეული ხელი ჩვენს სამშობლოს ხვდება! ვსაუბრობთ ყველაფერზე - პრობლემაზე, გაუმართლებლობაზე, ღვთის რისხვაზე, ერთ რამეზე ვერ ვჯერდებით მხოლოდ - რომ იქნებ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ, უბრალოდ, ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ!..


...აი, ესაა მთავარი პრობლემა და მჯერა, ეს პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, პრობლემის რეალური მოგვარებისკენ გააზრებულ, ქმედით ნაბიჯებს გადადგამს!.. და მე, გენერალი კობა კობალაძე, სწორედ ამიტომ ვდგავარ ამ პოლიტიკური ძალის გვერდით!..


ესაუბრა შორენა სიხარულიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner