„რუსთავი 2"-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა. ამის შესახებ გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამია აცხადებს, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილმა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა, შემდეგ, ეს პირად კომპიუტერში განათავსა. თუ როგორ მოხდა ჩანაწერის გავრცელება, გვარამიასთავის უცნობია.
„ეს მოვლენები დაახლოებით ერთი წლის წინ ხდებოდა, როცა ჩვენი საქმის პიკი იყო. ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი. ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხვდა ჩემს მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, ეს არის კიბერდანაშაული, ყველას გვაქვს ეს ჩანაწერი მოსმენილი, კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ეს ჩანაწერი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. აუდიოჩანაწერში საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, სადაც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად" მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი, „კატასტროფად" აფასებს.