logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: არ გამოვრიცხავ, ვინც თავის დროზე გადაიღო და შეინახა, ის ავრცელებდეს ამ კადრებს!
- +

15 მარტი. 2016. 15:02


„სად ვართ ხალხნო, რომელი საუკეუნეა? რას ვაკეთებთ საერთოდ?! ეს ხომ ჩვენი განაჩენია, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვერ შედგა. ერი, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპული ქვეყანა, რაზე ლაპარაკობს საერთოდ?!", - აღნიშნული განცხადება ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე საუბრისას დეპუტატმა ანი მიროტაძემ გააკეთა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა „რეპორტიორს" განუცხადა, დღეს საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი. მისი თქმით, ადამიანთა პირადი ცხოვრების დაუცველობა 2 ძირითადი მიზეზიდან გამომდინარეობს: „ჩვენ არ დავსაჯეთ დამნაშავეები თავის დროზე, როდესაც ათიათასობით ფაილი დაიდო და მეორე, არ არის შემუშავებული მკაცრი რეგულაციები, რათა დაცულები იყვნენ ადამიანები ამგვარი ქმედებებისგან", - ამბობს დეპუტატი.


მიროტაძის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრების გავრცელება არა ერთეული ადამიანების, არამედ მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.


„მაქსიმალურად ვემიჯნები მსგავსი ტიპის სიმახინჯეებს. არ მგონია, ამ ყოველივეს გონებრივად ჯანმრთელი ადამიანები აკეთებდნენ. ეს არის დანაშაული ჩადენილი, არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ. როდესაც ასეთი მასშტაბებით ხდება კადრების ტირაჟირება, გათვლილია საზოგადოებაში ქაოსის მოწყობაზე, პოლიტიკური პროცესების არევაზე და ა.შ. ეს აღარ არის კონკრეტული პირების პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ისეთი ზომის შემუშავებაზე, რაც ყველას დაიცავს მსგავსი სიმახინჯეებისგან. არავის არაფრის არ ეშინია, მაგრამ არ არის სასიამოვნო, როდესაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ასეთი ბინძური კადრები", - განაცხადა მიროტაძემ.


ამასთან დეპუტატი ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაღებული ფარული ჩანაწერების რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს. მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებული კადრები მისმა ჩამწერმა გაასაჯაროვა.


„ეჭვი არ მეპარება რომ არსებობს კადრების რამდენიმე ეგზემპლარი. ასე რომ, სულაც არ გამოვრიცხავ, ვინაც თავის დროზე გადაიღო და შეინახა, ის ავრცელებდეს დღეს ამ კადრებს. კეთილი უნდა ინებოს შესაბამისმა ორგანოებმა რაც შეიძლება სწრაფად, მთელი რესურსების ჩართვით და ოპერტიულად გამოავლინოს დამნაშავეები და სათანადოდ დასაჯოს. უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ აღარ ხდებოდეს მსგავსი სიბინძურეებით ადამიანების გონების მოწამვლა", - განაცხადა მიროტაძემ.


დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი შემაკავებელი პერვენციული ზომა არის კანონის გამკაცრება. თუმცა, დეპუტატის განცხადებით, ეს საკმარისი ვერ იქნება. მიროტაძე მომხრეა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, დაარქივება, გავრცელება გადიოდეს მძიმე კატეგორიის დანაშაულში შესაბამისი სანქციით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner