„მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანია „გურიის მოამბესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც წინა მთავრობებში ბიუჯეტის ფულით გამდიდრნენ და ათასგვარ სიბინძურეს სჩადიოდნენ.
- არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და პოლიტიკურ ოპონენტები ერთმანეთის მიმართ სულ უფრო მწვავე კრიტიკით გამოდიან. ბატონო კახა,ბოლო დღეებში თქვენც არაერთხელ განაცხადეთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის" მითითებით, რევოლუციისთვის ემზადება. რა გაძლევთ ამის ვარაუდის საფუძველს?
- საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დათმობის შემდეგ, რაშიც ნათელაშვილმა „ნაცმოძრაობისგან" დიდი თანხა აიღო, იგი ამ პარტიასთან დღემდეა დაკავშირებული და მასთან კორუფციულ გარიგებებშია. აი, მაგალითად, 2007 წელს ნათელაშვილის წინააღმდეგ შპიონაჟის ბრალდებით აღიძრა საქმე, მაგრამ მოულოდნელად სააკაშვილის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა, შემდეგ ვანო მერაბიშვილის მითითებით ჩასვა პარტიის სიაში ვინმე თევდორაძე, 2008 წლის შემდეგ კი იწყება ნათელაშვილის წარმოუდგენელი გამდიდრება. ამ თემაზე „მემარცხენე ალიანსმა" ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ციფრები და აუდიტორის დასკვნაც წარმოადგინა.
- ანუ თქვენი სიტყვებით, გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის" კადრია?
- დიახ, მათ საქმეს აკეთებს.
არჩევნების ღამეს ნათელაშვილი ლეღვის ფოთოლივით აეფარება სააკაშვილს და მოუწოდებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისკენ. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც ნათელაშვილი „ნაცმოძრაობის" სქემებით იმოქმედებს.
ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც წინა მთავრობებში ბიუჯეტის ფულით გამდიდრნენ და ათასგვარ სიბინძურეს სჩადიოდნენ.
- შევარდნაძის მთავრობის კადრებსაც გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა, შევარდნაძის დროინდელი კადრები მოდებულები არიან ყველგან. „ნაციონალები" შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის" კადრები არ იყვნენ? თუ, მიშა ციდან ჩამოვარდა ციური მანანასავით?! რაღაც ყველას მალე დაგვავიწყდა, როგორი კორუფციული ხელისუფლება და ჭაობი იყო შევარდნაძის დროს. აი, ახლა „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე გურიაში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს... მაინტერესებს, რა ნამუსით ჰპირდება ჩხაიძე ხალხს, რომ კარგი საქმეების კეთებას აპირებს?! იქნებ, უნდა შევახსენოთ, თავის დროზე როგორ მონაწილეობდა ჩახლართულ ფინანსურ ოპერაციებში, უმალავდა ფულს სახელმწიფო ბიუჯეტს, მოკვლით ემუქრებოდა ამერიკაში მცხოვრებ ბიზნესმენ ალეკო მაღლაფერიძეს... ამ უკანასკნელი ფაქტით 2002 წელს, სხვათა შორის, FBI-ც დაინტერესდა და უწყების დასკვნაში რუსეთის კრიმინალურ სამყაროსთან ჩხაიძის კავშირზეც იყო საუბარი. ამერიკის საემიგრაციო სამმართველომ კი, FBI-ის დასკვნის შემდეგ, ალექსანდრე მაღლაფერიძეს ამერიკაში დარჩენის ნება დართო, რადგან მიიჩნია, რომ ბიზნესმენის სიცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა. ნებართვას ხელს აწერს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი კოლინ პაუერი.
კაკო ჩხაიძის მიერ ლინდაგების ჭრასა და ჯართად გაყიდვაზე ლამის ანეკდოტები დადიოდა...
და ეს ყველაფერი ხომ ჩემი მოგონილი არ არის - ჩხაიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მიმართულებით იყო აღძრული. ის ეჭვმიტანილი იყო რკინიგზის ლიანდაგების ჯართის სახით უკანონო გაყიდვაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში.
- თუმცა „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის" ყოფილმა შეფმა მაშინ ამისთვის უკვე აგო პასუხი - ბიუჯეტის სასარგებლოდ დიდი თანხა გადაიხადა...
- დიახ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი თანხა გადაიხადა. ნაცებმა რომ დაიჭირეს, მისთვის რაღაც სასაცილო თანხა- 3 მილიონი ლარი ჩაარიცხინეს ბიუჯეტში და გაუშვეს, როცა იმ დროისთვის აკაკი ჩხაიძე ყველაზე მდიდარი ქართველების სიაში 44 ადგილზე იყო და მისი ქონება 20 მილიონს შეადგენდა. ვერ დამაჯერებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მაშინ ამ თანხას დასჯერდა და არ გამიკვირდება, რომ აკაკი ჩხაიძე დღესაც ნაცების მოვალეა და მათი მითითებით მოქმედებს. თანაც, ეტყობა, ფული მოაკლდა და რატომაც არა, საფრთხე ხომ ჩავლილია და ერთხელაც სცდის ბედს.
- თავად აკაკი ჩხაიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მას ერთი თეთრიც არ ჰქონია გადაცდომა და თავის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებდა...
- და დაიჯერებს ვინმე იმას, რომ აკაკი ჩხაიძე, რომელიც შევარდნაძის მთავრობის საარჩევნო კამპანიების მთავარი დამფინანსებელი იყო, ამ ფულს მეზობლებსა და მეგობრებში აგროვებდა. ამაზე ლაპარაკი სასაცილოა...
იცით, რკინიგზის შეფს, ფინანსურის გარდა, არაერთი მორალური დანაშაულიც აქვს ჩადენილი. აი, ერთ მაგალითს გავიხსენებ:
გენერალი ზურაბ მამულაშვილი და მისი რაზმის მებრძოლები იყვნენ საკადრო და ერთადერთი რკინიგზელები, კერძოდ კი - შეიარაღებული დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 1992-1993 წლებში აფხაზეთში გამართულ ბრძოლებში. სწორედ ამ ადამიანს 1995-2003 წლებში მოუწია თავის და თავისი კოლეგების უფლებების კბილებით დაცვა, რადგან აკაკი ჩხაიძემ რკინიგზის უწყებრივი დაცვის სამსახური გააუქმა და რკინიგზიდან გააძევა ეს ხალხი. მაშინ სასამართლო დავა, რა თქმა უნდა, რკინიგზის გავლენიანმა შეფმა მოიგო.
და კიდევ, ჩხაიძის თავკაცობით 1997 წელს დაბეჭდილ „საქართველოს რკინიგზის ღირსების წიგნში" არ არის შეტანილი გენერალ ზურაბ მამულაშვილის რაზმის აფხაზეთში დაღუპული 10 რკინიგზელი მებრძოლი, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ისტორიაში 1994 წელს პირველად დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით. რკინიგზის შეფს ეს ხალხი გამორჩა, თუმცა არ დავიწყნია თვითრეკლამა და პირველივე გვერდზე დიდი ამბით არის დაბეჭდილი ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით აკაკი ჩხაიძის დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულება. სამარცხვინოა ეს ამბავი იმ დაღუპული ბიჭების წინაშე, რომლებიც ჩხაიძეს პასუხს ვერ მოსთხოვენ...
წყარო: "გურიის მოამბე"