logo_geo
eng_logo
ფოთში ცემენტის ქარხანა გაიხსნება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 22:09



4 ოქტომბერს, ფოთში ,,საქართველოს ცემენტის კომპანია" (GCC)  ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცემენტის ქარხანას გახსნის.


კომპანიის ინფორმაციით, ქარხანაში მუშაობის შედეგად  100 მეტი ადამიანი დასაქმდება, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. გაცილებით მეტი იქნება არაპირდაპირი თანამშრომლების რაოდენობა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის წარმოება.


 ქარხანა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის 11 ერთეული ფილტრით, რაც   უზრუნველყოფს ჰაერის სიწმინდეს ევროსტანდარტის დონეზე. ქარხანაში არსებული უნიკალური ლაბორატორია საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადაში დადგინდეს პროდუქციის ხარისხი, ქიმიური შემადგენლობის ჩათვლით.


პროექტი ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია, მსოფლიო ბაზრის ლიდერ  ,,ლაფარჟჰოლციმთან" თანამშრომლობით განახორციელა. „ლაფარჟჰოლციმი" (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500 მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში.


პროექტის განხორციელების პროცესში ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ"  ითანამშრომლა არაერთ ქართულ კომპანიასთან. ბიზნეს-ჯგუფი სამომავლოდაც  გეგმავს ხელი შეუწყოს ქართული წარმოების განვითარებას, მათ შორის საქველმოქმედო პროექტებით, რადგან კომპანიის  საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობაა.


,,პროექტის წამოწყებამდე  საქართველოს ცემენტის ბაზრის საფუძვლიანი  კვლევა ჩავატარეთ. კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზარი ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს ეკავა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბაზარზე არსებობდა ნიშა მსხვილი ბიზნესმოთამაშისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვესწრო პოტენციური კონკურენტებისთვის. რომ არა ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო, ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებდით", - განაცხადა საქართველოს ცემენტის კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ჩიხრაძემ. 


ქარხნის გახსნაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ასევე, ,,ლაფარჟჰოლციმის"  წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე. ცერემონიას  ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner