„თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალაძე აცხადებს, რომ კვლევებთან დაკავშირებით დოკუმენტები მას „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიაწოდა, თუმცა კალაძე მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
„არ მინდა საფრთხე შევუქმნა იმ ადამიანს, რომელმაც დოკუმენტაცია მომაწოდა. შესაძლოა, მის მიმართ პროვოკაციები განხორციელდეს. ამ დოკუმენტზე წვდომა პარტიის რიგით წევრს ვერ ექნებოდა. მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობაში" ინახებოდა, რომელიც ამ ადამიანმა 4-5 დღით ადრე მომაწოდა და მითხრა, რომ არის ნამდვილი შედეგი, სადაც ნაცმოძრაობას 12,5% აქვს, რის გამოც პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟებული არიან; ალტერნატივა კი ასეთია, საჯაროდ ყალბი მონაცემები უნდა გამოვიდესო. ყალბი ვარიანტი კი ის იყო, რაც „რუსთავი 2"-ზე გამოაქვეყნეს, ანუ - 26%", - განაცხადა კალაძემ გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს.
„ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული და ჩამოშლილია. შესაძლოა, მათ პარლამენტში 15 კაციც ვერ გაიყვანონ. ეს თავადაც კარგად იციან, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ ხომ ვერ იტყვიან?! მე ბრიფინგზე დავაანონსე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებდა, რაც მოხდა კიდეც. მხოლოდ სამგორის ორგანიზაციიდან 120 ადამიანი წამოვიდა და პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს. მათ შორის - ის ადამიანიც, რომელმაც კვლევის შესახებ დოკუმენტები მომაწოდა", - განაცხადა ბესო კალაძემ.