გავლენიანი ამერიკული გამოცემა EurAsiaNet-ი, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორის არცთუ სახარბიელო სავარაუდო მომავალზეა საუბარი.
გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას (ავტორი პიტერ ზალმაევი):
არის ერთი ასეთი ანდაზა: „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო". ეს ხატოვანი გამოთქმა პოლიტიკისაც ეხება და თუ დღევანდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილზეა ზედგამოჭრილი, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი გახლავთ.
მიხეილ სააკაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და არაერთგვაროვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა ევრაზიის სივრცეში. იგი იყო ისეთი ლიდერი, რომელიც დემოკრატიული მიზნების მიღწევაში ხშირად არადემოკრატიული მეთოდებს იყენებდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დატოვა, ანუ მან მაქსიმალურად გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული ორი ვადით არჩევის უფლება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა, ფაქტიურად, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დასრულდა, როცა მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში [პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან - ბიძინა ივანიშვილის] „ქართულ ოცნებასთან" ჭიდილში დამარცხდა. პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან აშშ-ში წავიდა, მოგვიანებით კი, 2014 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმ დროს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა თავის დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა: 2015 წელს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მთელი მსოფლიო გააკვირვა იმით, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო (მას აუტსაიდერის როლში ყოფნა არ სურდა), მაგრამ ბევრი პრობლემის წინაშე დადგა. ოდესის ოლქში მექრთამეობას ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ამიტომ ბრძოლა უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე მშობლიურ საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მკაცრმა განცხადებებმა და ავტორიტარული სტილით მუშაობამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო - დაბალ დონეზე კორუფცია საკმაოდ შემცირდა, განსაკუთრებით საგზაო პოლიციის თანამშრომლებში. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა უარყოფითი გავლენა მოახდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, ზოგჯერ კი უხეშად ირღვეოდა სამართლებრივი ნორმებიც.
მიხეილ სააკაშვილმა მალე დაინახა, რომ ბრძოლის მისეული მეთოდები, რომლებსაც იგი სამშობლოში იყენებდა, უკრაინაში, ოდესის ოლქში შედეგს არ იძლეოდა. რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერი კარგად არ გამოუვიდოდა, შეიძლება იმ ობიექტური მიზეზებით აიხსნას, რომლებიც ოდესის ოლქში არსებული სიტუაციითა განპირობებული: აქ ხომ პოსტსაბჭოთა უკრაინის ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო კორუფციის მოსპობა და ვითარების გამოსწორება...
კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობა გასაგებია, მაგრამ უფრო ძნელად ასახსნელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები როგორც უკრაინაში, რომლის მოქალაქეობა ახლახან მიიღო, ასევე საქართველოშიც, სადაც ამომრჩევლებმა მისი პოლიტიკური ხედვები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უკუაგდეს და სადაც მისი ადმინისტრაციის კარგ და ცუდ საქმეებს დღემდე არჩევენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რვა ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, უკრაინაში კი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ ორ კურდღელს დასდევს.
მიხეილ სააკაშვილის პრობლემა (მას საქართველოშიც და უკრაინაშიც ხშირად უბრალოდ მიშას ეძახიან) იმაში გამოიხატება, რომ იგი ორივე ქვეყანაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ მაინცდამაინც პოპულარულ პიროვნებას არ წარმოადგენს. უკრაინაში მიშამ დიდი სკანდალები ატეხა, მაგრამ ოდესის ოლქში რაიმე კონკრეტულ წარმატებებს მაინც ვერ მიაღწია. უფრო მეტიც - გუბერნატორად მისი დანიშვნის ბრძანებას ჯერ მელანი არ შეშრობოდა, რომ მიშამ უფრო მაღალ თანამდებობაზე - თავისი ახალი სამშობლოს პრემიერ-მინისტრობაზე დაიწყო ფიქრი. ამგვარმა [ერთობ გადაჭარბებულმა] ამბიციებმა უკრაინელ ხალხზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოქალაქეობა შედარებით მცირე ხნის წინ მიიღო. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებამ მიხეილ სააკაშვილს მტრებიც გაუჩინა იმ ლიდერების სახით, რომლებსაც უკრაინის პოლიტიკურ არენაზე საქმიანობის მასზე უფრო მეტი სტაჟი გააჩნდათ. ნაწილობრივ ეს შეიძლება ავხსნათ მიშას ანტიკორუფციული თავგამოდებით, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მის ბაგეთაგან წამოსული აგრესიული პრეტენზიები და უსაფუძვლო ბრალდებები თვითპიარად აღიქმებოდა და ზოგიერთ მძიმეწონიან, მნიშვნელოვან პიროვნებას აღიზიანებდა.
სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში მომხდარი სკანდალის ფიგურანტი გახდა: ერთ-ერთ სოფელში გოგონა მოკლეს. სოფლის მოსახლეობამ ეჭვი იქვე არსებულ ბოშათა თემზე (ბანაკზე) მიიტანა, რასაც დარბევა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა კი ამ ტრაგიკული ფაქტის კომენტირებისას, იმის ნაცვლად, რომ თვითგასამართლება დაეგმო, როგორც ჩანს, ცეცხლზე ნავთი დაასხა და ბოშები დამნაშავედ შერაცხა. და როცა მიშას ასეთი მოქმედება მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ამერიკულმა „ფორინ პოლისმა" არაკორექტულად მიიჩნია, გუბერნატორმა ისინიც გააკრიტიკა და მათ მიკერძოებაში დასდო ბრალი.
მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მას თავისი მიზნების განხორციელება უკრაინაშიც უნდა და იმავდროულად საქართველოშიც, სადაც მას დაბრუნება სურს და ხელისუფლებაში მოსასვლელად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ანუ საკუთარს თავსაც) ეხმარება.
საქართველოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 2012 წლის არჩევნებში ნაგემი მძიმე დამარცხების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს. საპარლამენტო არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი კვირეები დარჩა და როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, „ნაციონალები" მმართველი „ქართული ოცნების" ფეხდაფეხ მიდიან. პარტიის რებრენდინგის ერთ-ერთი ფაქტორი ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წასვლით „ნაციონალებმა" გარკვეულწილად შეძლეს დისტანცირება ახლო წარსულში ჩადენილი ქმედებისაგან და მოახერხეს მმართველი „ქართულ ოცნების" პროდასავლურ ალტერნატივად ჩამოყალიბება. ამიტომაც თუ მიშა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო რბოლაში ჩაბმას გადაწყვეტს (რაც სრულიად შესაძლებელია), ეს ფაქტი იქაურ (ანუ ქართველ) პროდასავლელ ლიბერალებს უხერხულ სიტუაციას შეუქმნის. ამასთან, შესაძლოა მიშას იმედები არ გამართლდეს: ერთი მხრივ, არჩევნებში „ნაციონალების" სავარაუდო გამარჯვება ის ფაქტორი გახდება, რაც ამომრჩევლებს მეტ-ნაკლებად გადაავიწყებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში ჩადენილ დანაშაულობებს, მაგრამ თუ მიშა დაბრუნდება, მაშინ მოსახლეობისთვის იმ ყველაფრის დავიწყება ძნელი იქნება. მეორე მხრივ, თუ „ნაცმოძრაობა" მიშას დაუხმარებლად არჩევნებში კარგ შედეგს მიაღწევს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში ძნელადმისაღწევი გახდება. ორივე მომენტი ექს-პრეზიდენტს ხელს უშლის.
ამასობაში კი უკრაინაში გაჩნდა სიმპტომები იმისა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოპულარობის დაცემა ყველაზე ქვედა წერტილს უახლოვდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი შეთავაზებები უკრაინას აღარ ჭირდება.
უკრაინა ძალიან ბევრი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მათგან ყველაზე მთავარი რუსული აგრესიაა, რომლის გამოც კიევი ყირიმს ვერ აკონტროლებს, დონბასი კი კონფლიქტის რეგიონად იქცა. არანაკლებ მასშტაბური გამოწვევებია კორუფციასთან ბრძოლა და თანამედროვე ეკონომიკის შექმნა, რაც ყოველი უკრაინელის ინტერესებს ემსახურება. ამ პრობლემების მოგვარება უკრაინის ყოველი მთავრობისათვის ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ოდესური „გამოხტომები" ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: მიშას ამბიციები და პოლიტიკური მეთოდები, კერძოდ ის, რომ ვინც მას არ ეთანხმება, იგი ყველას რუსეთის აგენტებს და კრემლის ლაქიებს ეძახის, სრულიადაც არ უწყობს ხელს უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის დაწყნარებას.
საქართველოში ამომრჩეველს მთელი ათი წელი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მიხეილ სააკაშვილში - ამ საკმაოდ კოლორიტულ, დრამატულ და აღმაფრთოვანებელ ლიდერში - არასტაბილური და ავტორიტარული მეთოდების მოყვარული პიროვნება იმალებოდა. აშკარაა, რომ უკრაინელ ხალხს და მის ლიდერებს ამისათვის შედარებით ნაკლები დრო დაჭირდებათ.
თუ მიშა მართლაც თავის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და საქართველო-უკრაინის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაშინ მან ორი კურდღლის დევნა უნდა შეწყვიტოს და სხვა გზა აირჩიოს.