„პირადი ცხოვრების კომპრომატად ქცევა და შემდგომში ადამიანების შანტაჟი, ეს სადაურია, ამასაც ევროპა გვასწავლის? არა, სავარაუდოდ, ევროპა ახლა უკვე ნამდვილად დგას გაოცებული ემოციების ყველაზე მაღალ მწვერვალზე" , - ასე ეხმაურება „ფეისბუქში" „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის" დამფუძნებელი ელენე ლორთქიფანიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას.
„დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ „მსხვერპლმა" რაც არ უნდა თავი იმართლოს და განაცხადოს, თუ რა პრობლემაა, რომ ამით ვერ დაააშინებენ და საერთოდ, რა განცხადებებიც მოვისმინეთ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მივიჩნევ, ჩვენ იმის უნარიც არ გვექნება, რომ უბრალოდ წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ დიდი ფსიქოლოგიური თუ ემოციური ზეწოლისა და ძალადობის წინაშე დგანან ისინი და ტყუილად ნურც უარყოფენ.
ასეა ეს, არავის არ აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და მითუმეტეს, შემდგომში ეს ადამიანი აშანტაჟოს, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იმ რეგულაციების ფარგლებში მოქმედება , რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
ასევე მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ ადამიანების კონკრეტულ მხარეზე, რომელთაც სოლიდარობა ჩემთვის მიუღებელი მიმართულებით გამოხატეს და სიამაყით მოახდინეს აფიშირება, რომ მათაც აქვთ მდიდარი სექსუალური ცხოვრება, რომ მზად არიან, საჯაროდ გამოიფინოს მათი უზნეო ცხოვრების ფარული კადრებიც და აშ. აზროვნების ეს ფაზა ცნობიერების ყველაზე დაბალი დონის გამოვლინებაა და ნუ გგონიათ, რომ რაიმე საამაყოს ღაღადებთ, დაფიქრდით, იქნებ არსებობს თქვენნაირი „თავისუფალი" აზროვნების მქონე ხალხისთვის, ერთი პატარა რაღაც მაინც ,რაც რიდს გაგიჩენთ და მოგიკლავთ სურვილს მსგავსი უზნეო აზრების ყვირილისა და მით უფრო სიამაყით დემონსტრირებას ყოველივე ამის.
არა, არა და არა!!! არ გვაინტერესებს საერთოდ არცერთი ადამიანის „სექსუალური მადა" განურჩევლად ორიენტაციისა!!! ნუ აბინძურებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას თქვენი არაჯანსაღი და ვითომ თავისუფალი აზროვნებით!", - წერს ლორთქიფანიძე.