logo_geo
eng_logo
3 ოქტომბრიდან 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტთა რეგისტრაცია იწყება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:12



რას ნიშნავს სწავლების დუალური მეთოდი და რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველებს.





პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს იწყება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მხოლოდ პირადობის მოწმობით, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სერვისცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში. სახელმწიფო დაფინანსებას კი, ის სტუდენტები მოიპოვებენ, რომლებიც პროფესიულ ტესტირებაში მინიმალურ ზღვარს გადალახავენ.



მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს განათლების სამინისტრო სთავაზობს, სწავლების დუალური მეთოდია, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტების შერჩევის პროცესში და შემდგომ, სწავლებაშიც, დამსაქმებლები ჩაერთვებიან. ამ მეთოდით წელს პირველად, საქართველოში სამი ახალი პროფესიული პროგრამა - მეღვინეობა, მეცხოველეობა და მეხილეობა ინერგება. სხვათა შორის, ამ სიახლის შესახებ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა და საქართველოს  მოსახლეობას ახალი პროგრამების დანერგვა, შესაბამისად, განათლების ახალ სისტემაზე გადასვლა მიულოცა.



იმის გასარკვევად, რას გულისხმობს სწავლების დუალური მეთოდი და რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, „ვერსია" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს დაუკავშირდა.



-ქალბატონო ქეთევან, სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა და რა არის საჭირო სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად?


- რეგისტრაცია 3 ოქტომბერს იწყება და  16 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლია დარეგისტრირდეს. მსურველებმა მიაკითხონ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც  პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. პროფესიული ტესტის წარმატებით გავლის _ მინიმალური ზღვრის გადალახვის შემდეგ, სახელმწიფო მათ განათლებას სრულად დააფინანსებს. წელს პროფესიული განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ. რეგისტრაციას 150-ზე მეტ პროფესიაზე ვაცხადებთ, მათგან 50 კი, ახალი, მოდულური მიდგომით, ანუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  შემუშავებული პროგრამაა. დუალური მიდგომით შემუშავებული პროგრამების დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის პირველი ოფიციალური და სისტემური მცდელობა, რომ დამსაქმებელი იყოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი პროფესიული განათლების პროცესში ანუ, პირველად ვსაუბრობთ უფლებების, პასუხისმგებლობის, როლებისა და ფუნქციების თანაბარ გადანაწილებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია.


-იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას ნიშნავს სწავლების დუალური მეთოდი?


- დუალური ანუ ორმხრივი ნიშნავს, როცა ადამიანი შესაბამის ცოდნას პროფესიულ სასწავლებელშიც იღებს და გარკვეულ უნარებს ეუფლება საწარმოშიც. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე. სასწავლო პროცესი პარალელურად მიმდინარეობს სასწავლებელსა და საწარმოშიც, სადაც გაწერილი პროგრამების სწავლების პროცესში, კომპანიის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები არიან ჩართულნი.


- უკვე ბევრი კომპანია დაინტერესდა სწავლების დუალური მეთოდით?


- მისასალმებელია, რომ დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2013 წელს, როცა მოდულური მეთოდით სწავლებას ვიწყებდით, კერძო სექტორიდან თანამშრომლობაზე მზაობა, პრაქტიკულად, არ იყო. თან  იმ პერიოდისთვის რეალურად დუალურ მიდგომაზე კი არა, მხოლოდ პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაზე ვსაუბრობდით. დღეს ვითარება შეცვლილია. იმ პროგრამებშიც კი, რომელიც დუალური მიდგომით არ ისწავლება, დანერგილია მოდულური მიდგომა, ანუ უფრო მოქნილია, პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე მორგებული და გაძლიერებულია პრაქტიკული სწავლებისა და გამოცდილების კომპონენტი. დამსაქმებელი ჩართულია ამ პროცესებში. გვყავს პარტნიორები დუალური პროგრამების განხორციელებისთვისაც. ვფიქრობ, სწორედ ასე, ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, გავიდეთ შედეგებზე და ქვეყანას ჰქონდეს პროფესიონალების რესურსი. სისტემურად, პირველად იწყება საქართველოში დუალური მიდგომით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ეს იქნება მეღვინეობის, მეცხოველეობის, მეხილეობის მიმართულება. ამ სფეროების თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მზადაა, პარტნიორი იყოს. ამ პროცესებში მხარს გვიჭერს შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, გაერო-ს განვითარების ფონდი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების სააგენტო. მათი ექსპერტები თანამშრომლობენ ჩვენთან, რომ სწორად დავინახოთ, როგორია ევროპული გამოცდილება. ახალი არაფერი გამოგვიგონია. ეს კარგად აპრობირებული პრაქტიკაა, რომლებიც განსაკუთრებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან კარგად მუშაობს და კარგია, რომ ეს მოდელი საქართველოშიც ინერგება. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ ამ მოდელის ადაპტირება სწორედ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკისა და რეალობის შესაბამისად ხდება.


- სასწავლო პროცესში დამსაქმებლის აქტიური ჩართვა ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი მომავალში დასაქმების პრობლემის წინაშე არ დადგება?


- ჩვენი საბოლოო მიზანი სწორედ ისაა, ქვეყანაში, კვალიფიციური კადრებით დასაქმების პრობლემა აღარ იდგეს. დარწმუნებული ვარ, დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება. სწავლის ეს მოდელი აძლევს შესაძლებლობას სტუდენტს, პოტენციური დამსაქმებელი გაიცნოს განათლების პროცესშივე. პარალელურად, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის ინტერესშია, ნახოს როგორ სწავლობს, მუშაობს, იზრდება და ყალიბდება ესა თუ ის კადრი მისივე კომპანიაში. ზოგადად, დასაქმების კუთხით, წინსვლა გვაქვს. ყოველწლიურ კვლევას ვატარებთ, ვაკვირდებით, როგორ და სად საქმდებიან ჩვენი კურსდამთავრებულები. 2013 წლის დასაწყისისთვის, სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა 35% საქმდებოდა. მას შემდეგ საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში დამსაქმებლის ჩართვის მიმართულებით. შედეგი სახეზეა- 14%-ული პუნქტითაა გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. 2013 წელთან შედარებით,  2,5%-ით არის გაზრდილი კურსდამთავრებულთა მიერ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მაჩვენებელიც. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც, დგინდება, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები.


- შეთავაზებული 150 პროფესიიდან, რომელია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?  


- მოთხოვნადი პროფესიების სია საკმაოდ ვრცელია. მათგან შეიძლება გამოვყოთ მაგალითად, კომპიუტერული მიმართულების პროგრამები, ბუღალტერია, ტურიზმი, სამშენებლო მიმართულებები... კარგია, რომ ჩვენი დაკვირვებით, აპლიკანტები სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც უფრო და უფრო ინტერესდებიან.


- პროფესიული განათლების პროგრამებს რომელი სასწავლებლები განახორციელებენ?


- მართლაც დიდი მიღწევაა, რომ დღეს დაფარვა გვაქვს ყველა რეგიონში. ანუ, ყველა რეგიონში არის პროფესიული სასწავლებელი - კოლეჯი ან უნივერსიტეტი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებაზე. ვცდილობთ, არსებულ სასწავლებლებს ჰქონდეთ ე.წ. ფილიალები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს  რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსები დამატებით 8 მუნიციპალიტეტში. გვაქვს სამი ახალი სასწავლებელიც, რომლებიც წელს იწყებენ ფუნქციონირებასა და სტუდენტების მიღებას: გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელსაც ძალიან საინტერესო პროგრამები აქვს ამ მიმართულებით; მცხეთაში, წინამძღვრიანთკარის კოლეჯი, ავტორიზაცია გაიარა საჯარო სკოლამაც აგარაში და სამშენებლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების შეთავაზებას ასევე კომპანიასთან თანამშრომლობით იწყებს. რაც შეეხება დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელებას, აქ ჩართულია 4 კოლეჯი - წინამძღვრიანთკარში, სენაკში ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებელი, კაჭრეთსა და ახალციხეში. ამ სასწავლებლებში მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ მეღვინეობა, მეცხოველეობა, მეხილეობის მიმართულებებზე. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ამ ცვლილებების შედეგად, დამსაქმებელი წელს პირველად ერთვება თვითონ სტუდენტების შერჩევის პროცესშიც - ზოგადი ფორმატისგან განსხვავებით, დუალური სწავლების შემთხვევაში, პროფესიულ უნარებში ტესტირებამდე, სტუდენტი ჯერ დამსაქმებელთან გადის გასაუბრებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში დამსაქმებელმა გარკვეული ინვესტიცია უნდა ჩადოს.  


- ინვესტიციის ჩადებაში" რა იგულისხმება? კომპანიებიც იხდიან სტუდენტების სწავლის საფასურს?    


-ხარჯებს ვიყოფთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ ირიდებს, მათ შორის, არც ფინანსურს. კომპანიები ამ პროცესში თანამონაწილეობენ, მაგალითად, ისინი იხდიან სტიპენდიებს, პროცესში ჩართული სპეციალისტების ანაზღაურებას...  


- რაიმე სიახლე თუ არის სოციალურად დაუცველი ან დევნილის სტატუსის მქონე აპლიკანტებისთვის?


- სახელმწიფო აგრძელებს მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დევნილთა სამინისტროსთან. მათ აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ, დევნილ მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროფესიული განათლებით, აუნაზღაურებენ ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ხარჯებს. სიახლე გვაქვს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვისაც - გაიზარდა ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებაზე. დღეს უკვე შესაძლებელია, არაქართულენოვანმა პირმა პროფესიული ტესტირება გაიაროს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, შემდეგ კი ის გაივლის ქართული ენის სპეციალურ მოდულს, რომლის დამსახურებითაც, პროფესიულ პროგრამაზე სწავლას ქართულად აგრძელებს. ეს მას ხელს შეუწყობს ინტეგრაციაშიც და დასაქმებაშიც. გრძელდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამები. 2015 წლის ბოლოს 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული მომსახურებით.


- ყველა სასწავლებელი უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ- ტექნიკური ბაზით, რათა ეს სიახლეები დანერგონ?


- ტექნიკურ-მატერიალურ ბაზაზე მუშაობა რამდენიმე წელია დაწყებულია. მოდულების შემუშავებაში დამსაქმებლის ჩართულობა ვახსენე. ეს გულისხმობს, იმასაც, რომ მათთან ერთად ვმუშაობთ, რათა განისაზღვროს, როგორ გარემოში უნდა მომზადდეს ესა თუ ის კადრი, რა ტიპის აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს სასწავლებელს, რომ პროფესიონალის მომზადება შეძლოს. დღეს, თითქმის ყველა კოლეჯს აქვს განახლებული, ახალი სტანდარტების, პროგრამების შესაბამისი გარემო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებზეც. ვმუშაობთ მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზეც. ისინი გადიან ტრენინგებს მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში. ინოვაციისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად, 14 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოეწყო ფაბლაბები (სამრეწველო ინოვაციების  ლაბორატორიები). ყველაფერი ეს ერთად გვაძლევს საფუძველს, რეალურად მივაღწევთ სასურველ მიზანს და შედეგს.


- ამ ფონზე, თქვენი მოლოდინი როგორია - წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი გაიზრდება?


- 3 ოქტომბრიდან ნამდვილად ველით რეგისტრანტების უფრო გაზრდილ რაოდენობას. ამის თქმის საფუძველს ბოლო წლების სტატისტიკაც მაძლევს - 2013 წელს დაახლოებით 12 ათასი პირი იყო დარეგისტრირებული, 2014 წელს ეს რაოდენობა 15 ათასს გადასცდა, 2015 წელს კი - 17 ათასზე მეტი იყო. ვფიქრობ, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგადად, პროფესიული განათლებაზე მოთხოვნა გაზრდილია, რადგან ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები. შესაბამისად, ხელისუფლებაც, პროფესიულ განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოქალაქეებს, დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, ბაზრის კვლევის შესაბამისად, პროგრამებს მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით სთავაზობს.  





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner