logo_geo
eng_logo
„რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დავეცი, აი, მაშინ მივხვდი, რომ...“ - პოლიტპატიმარი, რომელსაც ციხე ეტლით დაატოვებინეს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:47


 


ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გოგლიჩიძე მეხუთე წელია, დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება. 40 წლის ახალგაზრდა მამა ორ შვილს საკუთარი ფეხით ვეღარ ასეირნებს. 2011 წლიდან მისი ცხოვრება ეტლზეა დამოკიდებული.


2011 წლამდე აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, საკრებულოში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენდა და ზესტაფონელების პრობლემების მოგვარების მიზნით უკან არაფერზე იხევდა. სწორედ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შეეწირა გიორგი გოგლიჩიძე. მუქარა, ოჯახის დაშინება, თავდასხმა, ქრთამი, ზეწოლა - ეს ის წნეხია, რომელსაც გიორგი გოგლიჩიძემ წლების განმავლობაში გაუძლო, თუმცა ბოლოს მაინც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლად იქცა.


ციხეში საკუთარი ფეხით შეიყვანეს, იქიდან კი ეტლით გამოიყვანეს. ციხეში, გიორგი გოგლიჩიძის შშმ პირად ქცევა დაუმორჩილებელი პოლიტიკოსის სამაგალითოდ დასჯის მცდელობა იყო, თუმცა უშედეგოდ. მართალია, დღეს გიორგი გოგლიჩიძე ეტლით გადაადგილდება, მაგრამ მომავლის იმედს არ კარგავს, მკურნალობს და აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებასაც აპირებს.


„პრაიმტაიმი" დაინტერესდა იმ ისტორიით, რომელმაც გიორგი გოგლიჩიძე მსხვერპლად აქცია. ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, ყველაფერი 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო და „დაგვირგვინდა" იმით, რომ 2011 წელს დაიჭირეს.


გიორგი გოგლიჩიძე: 2006-2010 წლებში ვიყავი საკრებულოს წევრი და წარმოვადგენდი ლეიბორისტულ პარტიას. 2007 წლის 7 ნოემბერს ვიყავი აქციების მონაწილე და ამის შემდეგ იყო შერბილებული წნეხი ჩემი მისამართით. 2008 წელს ზესტაფონის რაიონში მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და მათთვის, ჩემი აქტივობით, სრულიად მიუღებელი ვიყავი. ყველაფერს კადრულობდნენ, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარჩოს გარეშე.


- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ სიტყვებში „ყველაფერს კადრულობდნენ"?


- ოფისში ხელყუმბარა შემომიგდეს, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ დასრულდა. ჩემი მანქანით ჩემი მეგობარი მოძრაობდა, მაშინ მანქანები დაბურული მინებით იყო, ვერ შეამჩნიეს, რომ მე არ ვიყავი და საგარეჯოს შესასვლელში დაესხნენ თავს. არ ვიცი, რამდენი რამე ჩამოვთვალო. მხვდებოდა მესიჯები, წერილები, ამონაბეჭდი და არა ხელნაწერი.


- რა ეწერა? ოჯახს ემუქრებოდნენ?


- წერილებში ეწერა, რომ თავი თუ არ გიყვარს, შვილები მაინც უნდა გიყვარდესო. ჩემი მეუღლე დილით გავიდა და კარში დახვდა ჩადებული ასეთი ბარათი-მესიჯი.


- რატომ გემუქრებოდნენ, რა იცოდით ისეთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" საფრთხეს უქმნიდა?


- 2006 წელს, როცა საკრებულოში შევედი, რაიონში გაზი გამოირთო. გავაკეთე პრესკონფერენცია და განვაცხადე, რომ, თუ რაიონში გაზი არ ჩაირთვებოდა, 3 იანვრიდან დაიწყებოდა პერმანენტული აქციები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაშინდელი „ზესტაფონგაზის" წინააღმდეგ. პრესკონფერენციამდე მოვიდნენ შუამავლებით და მთხოვეს, არ ჩამეტარებინა პრესკონფერენცია და ამაში ფულს გადამიხდიდნენ. იმ პერიოდში დავალიანება 72 000 ლარი იყო. მე მათ განვუცხადე, რომ ჩემთვის თანხის მოცემას სჯობდა, დავალიანება გადაეხადათ და მთელ რაიონს გაზი ექნებოდა. არც მე მექნებოდა სათქმელი და აღარც პრესკონფერენციის ჩატარების მიზეზი მექნებოდა.


- შეგიძლიათ, კონკრეტული გვარები დაასახელოთ, ვინ მოვიდა თქვენთან და რა რაოდენობის თანხა შემოგთავაზეს?


- ვერც სახელებს და ვერც თანხას ვერ დავასახელებ, არ მინდა, ამ ადამიანებს უხერხულობა შევუქმნა, ვინაიდან ისინი გამოყენებული იყვნენ შუამავლებად მაშინდელ „ზესტაფონგაზსა" და ჩემს შორის. ამის შემდეგ ჩემთან ფინანსური გარიგება 2008 წელს სცადეს და საპარლამენტო არჩევნების წინ ფინანსური რესურსის სანაცვლოდ მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნა შემომთავაზეს. მე მათთვის წარმოვადგენდი პრობლემას და ამ პრობლემის განეიტრალება უნდოდათ. ეს რომ ვერ მოახერხეს, ყველაზე დიდმა წნეხმა სწორედ ამ პერიოდში იმატა. 2008 წლის 23 თუ 24 მაისს მაშინდელი რაიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამაკავა და წამიყვანა თბილისში.


- რა იყო ბრალდება, რის გამოც დაგაკავეს?


- სულელური ბრალდებები: ავარიისადმი გულგრილობა, როდესაც, მაგალითად, მიდიხარ ქუჩაში, არის დაზარალებული და არ აღმოუჩენ დახმარებას და სათანადო ყურადღებას არ მიაქცევ და მეორე ეხებოდა მედიკოსებს, იძულებით ნაყოფის მოცილება.


- თქვენ ფლობთ ამ საბუთებს, სადაც ეს ყველაფერი წერია?


- კი, რა თქმა უნდა, და იქ ყველაფერი წერია. როგორც კი თბილისში ჩამიყვანეს, გამიშვეს, ე.წ. მოდულის შენობამდეც კი არ მივსულვარ. შემდეგ იყო 2011 წელი. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის სიძეს უნდოდა. სატელეფონო საუბარი შედგა და მე განვუცხადე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებდი. რამდენიმე საათის ინტერვალში მოჰყვა ჩემი მეგობრების ზარი, რომ განცხადება გამეკეთებინა და გვერდში დავდგომოდი ახალ გაერთიანებას. ეს მეგობრები იყვნენ იმერეთის რეგიონის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ზუსტად მეორე დღეს გავხდი ნაციონალების ინტერესის საგანი. ბიზნესში ვიყავი და ბიზნესის აყვავებას მპირდებოდნენ. მე უნდა გავმხდარიყავი „ნაციონალური მოძრაობის" აგენტი, შევიდოდი „ქართულ ოცნებაში" და მივაწვდიდი ინფორმაციას. ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაფერი, მოდულში დაბარება, პროკურატურაში დაბარება. ეს იყო დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე. პირველად მოდულში 2011 წლის ოქტომბრის 11 ან 12 რიცხვში დამიბარეს. მთავაზობდნენ მეგობრობას, თუ მათ მოვეხმარებოდი, გამიკეთებდნენ პოლიტიკურ კარიერას და ბიზნესში ხელს შემიწყობდნენ. მე უარი ვთქვი. წამიყენეს ბრალდება - საბუთების გაყალბება კომპანია „ვისოლიდან", სადაც ერთი დღეც კი არ გვიმუშავია. იყო ასეთი პიროვნება, სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისის" მფლობელი დემურ გაგელია, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. ისე შეკერა საქმე, რომ მე დამიჭირეს. ამის შემდეგ, იმდროინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დემურ გაგელია ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა პრეზიდენტის სახელით. მე დამიჭირეს 2011 წლის 10 ნოემბერს და საპყრობილე დავტოვე 2012 წლის 20 ნოემბერს. სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს. მთავრობა რომ არ შეცვლილიყო, ვერ გამოვიდოდი, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ექსპერტების ბევრი დასკვნა არსებობს ჩემს ჯანმრთელობაზე, ერთ-ერთია დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია. მის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადამიყვანეს. მესამე დღეს ისევ ჩემი ციხეში გადაყვანა უნდოდათ. მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მისი კლინიკა არ დამეტოვებინა. ჯანდაცვის დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ, როგორც ექიმი, არ დაუშვებდა, რომ იქიდან ვინმეს წავეყვანე. ეუბნებოდა, რომ ყველანაირი სასიცოცხლო რესურსი მაქვს ამოწურული და თუ საავადმყოფოს დავტოვებდი, აუცილებლად გარდავიცვლებოდი. ფსიქოტროპული პრეპარატებით ვიყავი გაჟღენთილი, კრუნჩხვები და ჰალუცინაციები მემართებოდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა. ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის".


- თქვენ ციხიდან ეტლით გამოხვედით, რა ხდებოდა ის ერთი წელი ციხეში?

 

- როგორც ყველა, არც მე ვიყავი გამონაკლისი. ეს იყო არაადამიანური მოპყრობა, წამება. გლდანის მეხუთე დაწესებულება მაქვს გამოვლილი, ყველამ იცის, იქ რა ხდებოდა და ასეთი არის ბევრი. ამ ცოდვას ვერ მოიცილებენ. ძალიან მძიმე რამე აქვთ გადატანილი, მათ ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდათ, რომ როგორმე ხმები მიიღონ. შემდეგ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. არანაირი პრობლემა არ მქონია, უბრალოდ, მქონდა წნევა. ზოგადად, წნევას ისედაც ვატარებდი. სტენოკარდიული შეტევა მქონდა და გადამიყვანეს, შემდეგ დამტოვეს. სხვათა შორის, ძალიან განსხვავებული გარემო იყო. მათ ჰქონდათ სხვანაირი წნეხი. ეს იყო მედიკამენტოზური მკურნალობა. ორ ინექციას მიკეთებდნენ და ამ ორიდან ერთს ყოველთვის სხვა მხარზე აკეთებდნენ. მერე ჰალუცინაციები მეწყებოდა, დროის შეგრძნება არ მქონდა და სად ვიყავი, იმასაც ვერ ვგრძნობდი. როდესაც გონება მიბრუნდებოდა და ვხედავდი, ისევ ციხის საავადმყოფოში ვიმყოფებოდი, გულგატეხილი ვიყავი.


- თქვენ ამტკიცებთ, რომ მგრძნობელობა ციხის საავადმყოფოს მკურნალობის გამო წაგერთვათ, ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს?


- მე მაქვს დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს მედიკამენტებისგან არის გამოწვეული. პრეპარატი ვერ დადგინდა. იყო საუბარი სხვადასხვა პრეპარატზე, მაგრამ სისხლში არ აღმომაჩნდა, ამიტომ ვერ დადგინდა, რომელი ჯგუფის პრეპარატი იყო, რომ გაკეთებულიყო ანტიდოტი. ამან ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვია, მგრძნობელობის დაქვეითება და პარალიზება. მარჯვენა ხელსაც ვერ ვამოძრავებდი.


- თქვენ როდის მიხვდით, რომ არასწორი მედიკამენტური მკურნალობა მიდიოდა?


- ერთ დღეს, ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ კიბეებზე ვერ ამოვედი. ვერ ამოვდივარ-მეთქი, ოფიცერს ვეუბნები. მითხრეს, რომ ლიფტით მესარგებლა და ლიფტში დამახვედრეს სკამი, გამიკვირდა, რომ მითხრეს, სკამზე დაბრძანდიო, მეთქი, კარგი ხალხია. ამ პერიოდის შემდეგ რამდენიმე დღეში, გასავლელად რომ ავდექი, ვერ გავიარე და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დავეცი. აი, მაშინ მივხვდი, რომ სწორი მკურნალობით არ მივდიოდი. როდესაც ადვოკატმა ნახა და საბუთები გამოითხოვა, იქ ჩემი წნევაც კი არ ეწერა. მეხუთე წელია, სავარძელს ვარ მიჯაჭვული და პირველ წელსვე რომ გაეგოთ, რომელ მედიკამენტს მაძლევდნენ, გავივლიდი. რეაბილიტაციის შემდეგ კუნთი ნელ-ნელა აღდგება, ქსოვილიც წამოვიდა. სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ და როდესაც გამსინჯეს, ნახეს, რომ შედეგი არის ძალიან კარგი და ძალიან მალე უნდა გავიარო. წესით, ვარაუდობენ, რომ სწორი მკურნალობით რამდენიმე თვეში გავივლი.


- ახლა ისევ ხართ ჩართული პოლიტიკაში?


- ამჟამად არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ. მე არც ერთი პარტიული ორგანიზაციის წვერი არ ვარ, მაგრამ მივხვდი ჩემს საჭიროებას ამ არჩევნებში. ჩემი მიზანია, დავანახვო საზოგადოებას, ვისთან აქვს საქმე, რომ შეცდომა აღარ დავუშვათ. ზურაბ ბუცხრიკიძე იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი. სამი თუ ოთხი, ზუსტად არ მახსოვს და საკმაოდ გავლენიანი პირი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში", მაინტერესებდა მისგან პასუხი და მივედი შეხვედრაზე ზესტაფონში. ვინაიდან მე ვარ ამ ხელისუფლებისგან დაზარალებული, დაინვალიდებული, მინდოდა პასუხი და მივიღე ასეთი პასუხი - თქვენ ახლა აქ ვინ გამოგგზავნათ, პროვოკატორმა? თქვენ ახლა აქ რომ ბრძანდებით, ვინ გადაგიხადათ, რამდენი გადაგიხადათ ბიძინა ივანიშვილმა? მინდა, ზურაბ ბუცხრიკიძეს მივმართო - რა ღირს ადამიანის სიცოცხლე და როცა ამ კითხვაზე გასცემენ პასუხს, მერე მკითხონ, რამდენი გადამიხადა ივანიშვილმა.


ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გოგლიჩიძემ ახალი მიზანი დაისახა - ამხილოს „ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოებას არჩევნების წინ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. ამ მიზნის განხორციელება ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა აქტივისტმა ზესტაფონიდან დაიწყო და „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პატიმარი, რომელიც ციხეში საკუთარი ფეხით შევიდა და იქიდან ეტლით გამოვიდა, იწყებს აქციებს, აპირებს, ჩავიდეს ყველა რეგიონში, ამხილოს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი და ღიად ჩაერთოს პოლიტიკურ ბატალიებში.

 

 

 

სალომე ჩადუნელი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner