logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლის სკანდალური განცხადება ნიკა გვარამიაზე
- +

4 ოქტომბერი. 2016. 13:08



სოციალურ ქსელში, facebook-გვერდზე „Rustavi ori" ვრცელდება „რუსთავი 2"-ის თანამშრომლის სკანდალური მიმართვა.
 
მიმართვაში, „რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საუბრის ფარული ჩაწერა მხოლოდ მამუკა ახვლედიანთან არ განახორციელა და ასევე მისი ჩაწერილია პაატა ბურჭულაძესთან საუბარიც. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ნიკა გვარამია თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის თათბირებსაც იწერდა.


"მივესალმები ჩემს კოლეგებს „რუსთავი 2“-დან. მოგესალმებით საქართველოს ყველა მოქალაქეს. თემა, რომელზეც უნდა ვისაუბრო, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება. მე სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე, ვინ არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მშვიდად იცხოვროს. ჩვენს ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სისხლისღვრის და ერთმანეთის ჭამის დრო. უნდა დაისაჯონ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის მტრები. მე ამ ნაბიჯს ვუძღვნი განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს „რუსთავი 2“-დან. ეს არის პროტესტი, ჩვენ არ უნდა გამოგვიყენონ და არ უნდა მოგვისროლონ. ეს ჩვენი შეურაცხყოფა და ჩვენი ღირსების შელახვაა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ისევე როგორც თქვენ და მე არ ვარ ბრმა იარაღი. მაშ ასე, გაჩვენებთ, რა აღმოვაჩინე ერთ-ერთ კომპიუტერში აქ, „რუსთავი 2“-ში. ის, რაც მე ვნახე, იმან ჩემში შოკი გამოიწვია, რადგან ვფიქრობდი, რომ ის, რაც ხდება „რუსთავი2“-ის თავს, არ არის ბინძური პოლიტიკის ნაწილი და თამაში ჩვენი დირექციის მხრიდან. თქვენ ნახავთ და მოისმენთ, როგორ ჰპირდება ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს, ჩვენ კი კაპიკებზე გვამუშავებენ. მამუკა ახვლედიანთან საუბარი რომ ნიკა გვარამიამ ჩაიწერა, ეს თავად აღიარა. მისივე ჩაწერილია საუბარი პაატა ბურჭულაძესთან. მე ასევე გიჩვენებთ, როგორ იწერდა მიხეილ სააკაშვილთან თათბირებს, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. ეს არის უზნეო ადამიანი, რომელიც ყველა საშუალებით იწერს ყველას, შინაურს თუ უცხოს. მე ამას იმიტომ ვაკეთებ და ვასაჯაროებ, რომ ჩვენ გავხდით ბინძური თამაშის მძევლები და ბრმა იარაღები. ჩვენ გვიყენებენ ფარად თავისი ბინძური გეგმების განსახორციელებლად. მის მიერ ჩაწერილი საუბრის მოსმენის შემდეგ საბოლოოდ დავწმუნდი, ნიკა გვარამია საკუთარი მიზნების მისაღწევად სისხლისღვრასაც არ მოერიდება, ნებისმიერ ჩვენგანს გასწირავს. მოგიწოდებთ ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს, ვინც არ არის მოწამლული იმ სიბინძურით. დავდგეთ ერთად და ვუთხრათ „არა“ პოლიტიკურ შეკვეთებს. უახლოეს პერიოდში კიდევ მოგაწვდით საინტერესო მასალებს და მერე უკვე ჩემს ვინაობასაც გაგიმხელთ. ამ ეტაპზე ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ფორმა ავირჩიე. ახლა კი ბევრს აღარ გავაგრძელებ და გთავაზობთ გვარამიას შექმნილ შედევრებს და ამავე დროს ვტოვებ კვალს გამოძიებისთვის, რათა მიაგნონ კრაზანის ბუდეს", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი ვიდეოში. 

 

გთავაზობთ facebook-ლინკს, სადაც აღნიშნული მიმართვა გავრცელდა და ასევე youtube-ლინკს, სადაც ვიდეო აიტვირთა.
 
https://www.facebook.com/profile.php?id=100013589658012&__mref=message
 
https://www.youtube.com/watch?v=Ayt-QPC7fsY



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner