logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ამ განცხადებას რომ აკეთებდა, ფიქრობდა, რამდენი ათასი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე?!
- +

17 თებერვალი. 2016. 14:48


„ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინიციატივას - შემცირდეს ქვეყანაში სამინისტროები, „რეპორტიორთან" საუბრისას აფასებს:


„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლა გახლდათ გამოსვლა გამოსვლისთვის! მისი ინიციატივა, სამინისტროების გაუქმებასა და შემცირებასთან დაკავშირებით, არასერიოზულია. მან შესაბამისი მაგალითებიც მოიყვანა და პარალელები შვეიცარიასა და ირლანდიასთან გაავლო. რა თქმა უნდა, შორეულ პერსპექტივაში შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე სამინისტროს გაუქმება, მაგრამ როდესაც ჩვენ მაგალითად მოგვყავს სხვა ქვეყანა - არასწორია! ჩვენი და შვეიცარიის გამოწვევები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამ ორი ქვეყნის რეალობა თვისობრივად განსხვავებულია ერთმანეთისგან, შესაბამისად, მათგან რაიმეს გადმოკოპირება, იმიტომ რომ მათ ამგვარად აქვთ, არასერიოზულია.

 

როდესაც ქადაგიძე ამ განცხადებას აკეთებდა, თუ ფიქრობდა, რამდენი ათასი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე და რა მძიმედ აისახება ეს ქართულ ეკონომიკაზე? ეს კარგ შედეგს არ მისცემს ჩვენს ქვეყანას. 

 

ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში შესაძლებელია ლარი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს და უფრო მეტიც, შესაძლოა ლარის 1,4-მდე გამყარება. თუ ეს მართლაც ასეა, ახლა წასვლის წინ მაინც უთხრას მთავრობას ან გვითხრას საზოგადოებას, რაში მდგომარეობს ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ან აქამდე ვინ უშლიდა ხელს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში.

 

მისი შენიშვნები გასაგებია, მაგრამ მასთან პირადად მე და საზოგადოებას გვაქვს რამდენიმე კითხვა. კერძოდ, რომელი აუცილებლობით იყო გამოწვეული და რა მიზანს ემსახურებოდა რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდა, რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია? მისი განცხადებები, რომ რეფინანსირების სესხი გავლენას არ ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე, სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი. მეორე - რატომ არ იყენებდა რეზერვებს მაშინ, როდესაც პიკი იყო და რატომ ახდენდა დოლარის გამოტანას ბაზარზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პიკი უკვე გადავლილი გახლდათ?" - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner