შსს-ს ახალი ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. მასში უწყების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი ერთიანდება.
აღნიშნული ცენტრი რეალურ დროში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს დანაშაულის კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების, მიტოვებული და საეჭვო ნივთების დაფიქსირებასა და აღმოჩენას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ასევე ქვეყანაში მომხდარი ინციდენტებისა და მათზე განხორციელებული რეაგირების ღონისძიების მონიტორინგს და საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციულ ანალიზს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა, რომელიც დანაშაულისა და საგზაო შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს.
„მაღალი ტექნოლოგიებისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გამოყენებით, საქართველო ჩაერთვება უსაფრთხოების ერთიან გლობალურ სისტემაში, გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოკავშირე ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და ადამიანით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში",- განმარტა მთავრობის მეთაურმა.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით კი, ეს არის 21-ე საუკუნის პოლიცია.
„ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ ქვეყანაში არ არის. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას.
ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი",- აღნიშნა მღებრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის გახსნასთან ერთად, შს სამინისტრო საქართველოს 3 ქალაქში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტის განხორციელებას იწყებს.