ავტორი ანა ნონიკაშვილი
„რუსთავის მწერალ-შემოქმედთა კავშირის ბინა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს თამარ ჩიქოვანზე გასხვისდა",- ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა ლია მარტაშვილმა განაცხადა. როგორც მარტაშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში რუსთავის მწერალთა სახლი იყო აღნიშნულ ბინაში განთავსებული და დღევანდელ ხელისუფლებას სთხოვენ რუსთავის მწერალ-შემოქმედთა კავშირის წევრები მოხდეს საქმის გამოძიება და აღნიშნული სახლი კვლავ ძველ მფლობელს დაუბრუნდეს.
„რუსთავის მწერალ-შემოქმედთა კავშირს ბინა წაართვეს, სადაც ათეული წლის განმავლობაში განთავსებული იყო მწერალთა სახლი. თავის დროზე რუსთავის ხელმძღვანელობამ ის გადასცა გივი ჯახუას. ეს იყო სახლი, სადაც თავს იყრიდნენ მოსწავლეები, ლიტერატურით, მწერლობით დაინტერესებული ადამიანები, პედაგოგები და ა.შ.
ჩემთვის დღემდე გაუგებარია, ვინ, სად, როდის მიიტაცა ეს სახლი. ამ სახლის გასხვისებაში იმ დროის მთავრობამ, „ნაციონალებს" რომ ვეძახით, გაასხვისა ქონება თამარ ჩიქოვანზე, ყოფილი მერის მამუკა ჩიქოვანის მეუღლეზე",- განაცხადა მარტაშვილმა.
უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუ საიდან აღმოჩნდა ყოფილი მერის მამუკა ჩიქოვანის მეუღლის სახელზე მწერალთა სახლი. აღნიშნული სახლის გასხვისებაში მონაწილეობას იღებდა დავით კირკიტაძეც, რომელიც დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რუსთავში და ძალიან სამარცხვინოა, რომ ამ ადამიანებისგან ცდილობენ ხმების მიღებას. ჯერ უყიდიან ქონებას, აყაჩაღებენ, ატერორებენ, ციხეში სვამენ და მერე ეუბნებიან, კვლავ ხმა უნდა მომცეო. ყველაფერი ეს არის რუსთაველების დაცინვა",- განაცხადა კობაიძემ.