და როცა წილისყრით „ლივერპულს" მეტოქედ თბილისის დინამოელები ერგოთ, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სიხარულისაგან ცას ეწია: „რომელიღაც თბილისის „დინამო", ძალიან კმაყოფილები ვართ წილისყრის".
ჩვენთან, საქართველოში კი, უნდა ითქვას, განწყობილებას ოპტიმისტურს ვერა და ვერ უწოდებდით. ბედი არ გინდა: ასეთი კენჭი რომ შეგხვდეს! მშვიდობით, ტურნირო!
ერთადერთი ნოდარ ახალკაცი ინარჩუნებდა ჩვეულებრივ დუმილს. ტაშკენტში, მორიგი მატჩის შემდეგ აეროპორტს რომ ვუახლოვდებოდით, ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: ,,თუ დათო, ვოვა და რამაზი (ე.ი. ყიფიანი, გუცაევი და შენგელია) მწყობრში იქნებიან, ,,ლივერპულს" ნამდვილ ბრძოლას გავუმართავ და, ალბათ, ჩემს სახეზე აშკარა გაუგებრობა და ეჭვი ამოიკითხა, რომ დაუმატა: „აი, ნახავ!" და თვითმფრინავის ტრაპისკენ გასწია.
კოტე მახარაძე, 2001 წელი.