გთავაზობთ პულიცისტ ვასილ მაღლაფერიძის ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც მან გაზეთ „ვერსიას" მისცა:
- მეხსიერება თუ არ მღალატობს, საჯაროდ გაიხსნეთ, 7 ნოემბრის დარბევა როგორ დაიგეგმა, არა?
- თათბირს გულისხმობთ?
- დიახ...
- მედიის მაშინდელ მდგომარეობას ისიც აჩვენებს, რომ ამის მიმართ ძალიან პატარა ინტერესი არსებობდა, თორემ ამ თათბირის დეტალები მერე კი არა, იმავე დღეს გავიხსენე _ ჩავიწერე. საერთოდ, ჩვევა მაქვს, რომ რაღაც დღიურივით ვაწარმოო. რაც მოხდა, არათუ აღვწერე, არამედ, იმავე საღამოს მაშინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ვუთხარი, რომელთანაც სახლში მივედი.
- ეს 7 ნოემბრის ღამე ხდება?
- არა, 3 თუ 4 ნოემბერი იყო, როცა 7 ნოემბერი დაიგეგმა... ამას პირველად ვყვები...
- ამ დროს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხართ?
- დიახ. ამ თათბირიდან ღამე, 10 თუ 11 საათზე გამოვედი.
- თათბირი მერაბიშვილთან ჩატარდა?
- დიახ...
- ბატონო ვასილ, უნდა ჩაგეკითხოთ ხოლმე...
- ჩამეკითხეთ...
- თათბირზე რომ დაგასწრეს, ესე იგი, გენდობოდნენ, არა?
- ნდობა მხოლოდ ჩემს კი არა, შეიძლება, სხვა მოხელეებისა და გუბერნატორების მიმართაც უკვე აღარ იყო, მაგრამ ექსტრემალურ რეჟიმში მოქმედებდნენ. მეორეც, ადამიანებს ნუ მოსთხოვთ, ყოველთვის სწორი და გააზრებული სვლები აკეთონ _ ჭადრაკში ყველა სწორ სვლას რომ აკეთებდეს, მაშინ ყველა პარტია ყაიმით დამთავრდება. ამიტომ, მათ დიდ სიბრძნეს ნუ მივაწერთ, თუმცა ამის გახმაურება არ სურდათ... იმავე საღამოს, მე და ჩემი მძღოლი, რომელიც ჩემი მეგობარია და ერთად ვართ გაზრდილები, სოზართან წავედით. სოზარი საზღვარგარეთ, თუ არ ვცდები, ბალტიისპირეთში მიდიოდა სამსახურეობრივ საქმეზე, მაგრამ მას მერე, რაც ვუთხარი, ცუდი რაღაც მოხდება-მეთქი, გამგზავრება გადადო... არ ვიცოდი, დარბევა 6-ში მოხდებოდა თუ 7-ში, მაგრამ იმ წერილში ყველაფერი აღწერილია და საიდუმლოს არ წარმოადგენს... მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა და მოგეხსენებათ, 7 ნოემბერს სოზარიც გაილახა.
- თათბირის დეტალები მაინცდამაინც სუბარს რატომ გააცანით? განა, არ შეგეძლოთ, მოსალოდნელი უბედურების შესახებ მედიისთვის, თუნდაც ,,იმედისთვის" ან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გეცნობებინათ?
- აგიხსნით... საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ არაინფორმირებული არ ვარ, ზუსტად ვიცი, ვის რა უნდა ვუთხრა და ვინ რა ტვირთის ამწევია. მაშინდელი მედიისთვის თქმას აზრი არ ჰქონდა - ეს შედეგს არ მოიტანდა, რაც შემდეგაც დადასტურდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვუთხარი სოზარ სუბარს, ფაქტობრივად და ფორმალურადაც, ერთადერთი სახელმწიფო ორგანო სახალხო დამცველიღა იყო დარჩენილი, რომელიც ამ შეთქმულებაში არ მონაწილეობდა. სხვათა შორის, სოზარმა პირველივე დღიდან ამის გახმოვანება დაიწყო და იცით, მედია ძირითადად რას ეკითხებოდა? _ წყარომ სხვას რატომ არ უთხრა, პროკურატურას რატომ არ მიმართაო.
სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართეთ...
- 7 ნოემბრამდე?
- არა, 7 ნოემბრის მერე ყველაფერი ვთარგმნეთ და ჰამერბერგსაც ხელიდან ხელში მივეცით, ევროკავშირისა და, თუ არ ვცდები, ვატიკანის ელჩსაც და ვუთხარით, რომ ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა, შემთხვევითი და სპონტანური კი არა, სისტემური იყო. გარდა ამისა, სოზარი პარლამენტის ტრიბუნაზე არაერთხელ გამოვიდა და საგამოძიებო კომისიის შექნას ითხოვდა... სხვათა შორის, ეს ტექსტი მედიამ 2008-ში არაერთხელ დაბეჭდა.
- კარგი, რა, ბატონო ვასილ, მაგალითად, მერაბიშვილისთვის რომ გვეკითხა, 7 ნოემბრამდე თათბირი მართლა ჩაატარეთ თუ არაო, გვიპასუხებდა, კი ბატონო, ჩავატარეო?
- აი, ნახეთ, რა კარგად თქვით... არ ვიცი, ამას დაბეჭდავთ თუ არა..
- ყველაფერს, რასაც ამბობთ, სიტყვა-სიტყვით დავბეჭდავ...
- მერაბიშვილისთვის რომ დაგვესვა, რა აზრი ჰქონდაო _ აი, ეს რომ გავთვალე, მედიას ამიტომაც არ მივეცი და სახალხო დამცველს მივეცი, რომლისაც მჯეროდა, რომ გარეთ გამოიტანდა და გამოიტანა კიდეც. ამის გამო ლანძღავდნენ, თუმცა ითმენდა. მოკლედ, მედიის იმედი არ მქონდა, თან მერაბიშვილის გარდა, იქ კიდევ ბევრი სხვა ვინმე იყო... მერაბიშვილსა და სხვებს თუ არ ჰკითხავენ, აბა, საბავშვო ბაღის მოსწავლისთვის კითხვის დასმას რა უნდა?.. ის, რომ ეს საქმე ტივტივებდა, ჰამერბერგისა და პიტერ სემნების დიდი დამსახურება იყო.
- 7 ნოემბრის ვანდალიზმზე მსოფლიომ რომ გაიგო, ჰამერბერგისა და სემნების დიდ დამსახურებად ამას თვლით?
- არა მხოლოდ... იგივე ამ წერილთან დაკავშირებით შეკავების მომენტებიც იყო. მედიამ მოახერხა, ამით არ დაინტერესებულიყო, თორემ გგონიათ, ნაცმოძრაობისთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა, ეს ამბავი გარეთ საიდან იქნა გამოტანილი? _ რასაკვირველია, ყველამ იცოდა.
- და თუკი ყველამ იცოდა, თქვენზე ზეწოლა არ ხდებოდა?
- ამიტომაც გითხარით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გარკვეულად გარანტიები იყვნენ... მედიას ამ კითხვების დასმა აწიც შეუძლია _ ღვთის მადლით, ახლა საშიში არაფერია და სანამ სასამართლო იქნება, რომ არ მოგატყუოთ, მეც ძალიან მაინტერესებს, როგორ პასუხს გასცემენ... მეტსაც გეტყვით, მედია ამ საკითხით მაინცდამაინც არც ჩემთან და სოზართან დაინტერესებულა იმიტომ, რომ მედიას სააკაშვილი ძალიან ,,მძიმე ხელით" აკონტროლებდა. ისინი ასეთ რაღაცას სახავდნენ _ 7 ნოემბერი შემთხვევით მოხდა და შემოგვერბიაო, მაგრამ ასე არ იყო... ამ დროისთვის ოპოზიციის წინააღმდეგობა ჩაქრობისკენ იყო წასული და გადაწყვიტეს, დადგა ის მომენტი, როცა ერთხელ და სამუდამოდ ყელში უნდა წაეჭირათ და ქვეყანა ბოლომდე მოეგუდათ. თათბირზე იყო საუბარი, რაიონებში მივყვეთ, გვერდები ჩავამტვრიოთ, რომ პროტესტის ყველა გამოვლინება ჩაიხშოსო.
სინამდვილეში, ნაცმოძრაობას მხარს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი უჭერდა _ ალბათ, 8-10 პროცენტი და ამ 8-10 პროცენტს ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა, ამისთვის, ერთის მხრივ, ძალა და მუშტი იყო საჭირო, მეორეს მხრივ კი _ პროპაგანდა.
- დავიჯერო, ზემოხსენებულ თათბირამდე ვერ ხვდებოდით, რომ ნაციონალები ცუდები იყვნენ?
- ამ თათბირს ბევრი წინაპირობა უძღვოდა და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული საუბარიც იყო. გაუცხოება თანდათან ხდებოდა, თუმცა მაინც გვერდზე ვიყავი _ პერიფერიაში და პარტიის საქმიანობასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, თუმცა იმაზე, რაც რეგიონში ხდებოდა, პრეზიდენტთან პირდაპირი საუბრები მქონდა ხოლმე. ის უარყოფდა, ასე არ არისო, მაგრამ ვეუბნებოდი პროკურატურის წართმევებთან დაკავშირებით... ერთხელ, ჩემი თანდასწრებით, ადეიშვილს, პირდაპირი მნიშვნელობით, დედა აგინა...
- სააკაშვილმა?
- დიახ... თუ გაინტერესებთ, ეს არაერთხელ მომხდარა... ეს მისი სტილი იყო...
- ანუ, სააკაშვილმა ადეიშვილს იმიტომ აგინა, რომ პროკურატურა არაკანონიერად იქცეოდა?
- დიახ, კონკრეტულ საკითხზე შევედი და ვუთხარი, გაუგებარი თემები ხდება და პროკურატურა ერევა-მეთქი და აგინა, თუმცა შემდეგ იგივე გაგრძელდა იმიტომ, რომ ქვეყანა უკვე ამ რელსებზე იყო გადაყვანილი...
- მაშასადამე, პროკურატურა სააკაშვილს არ ემორჩილებოდა?
- როგორ არ ემორჩილებოდა?! პროკურატურამ სიღნაღი და გუდაური კი არ უნდა აშენოს, არამედ, საქმეები გამოიძიოს. მივედი და ვუთხარი, დუშეთის წყალზე ფული რომაა გამოყოფილი, პროკურატურამ ეს ფული ამოიღო და მეუბნება, გუდაურს უნდა მოვახმაროო. მიშამ უთხრა, ხომ არ გადაირიეთო, მაგრამ იგივე გაგრძელდა...