logo_geo
eng_logo
შოთა გეწაძე: მამუკა ახვლედიანს ყოველთვის ვუშლიდი ხელს, ამიტომაც არის ჩემზე გაბრაზებული
- +

4 ოქტომბერი. 2016. 20:15

 

 

მამუკა ახვლედიანს უკანონო საქმიანობის განხორციელებაში ხელს ვუშლიდი და გაბრაზებულია", - ამის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბიუროს უფროსმა, შოთა გეწაძემ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის პასუხად განაცხადა, სადაც ახვლედიანი მას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მონად მოიხსენიებს. გეწაძის მტკიცებით, მამუკა ახვლედიანი კონკრეტულ საქმეებზე წინასწარი შედეგით ინტერესდებოდა, რაშიც იგი მას ხელს ყოველთვის უშლიდა.


რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელიც ვერ არჩევს ერთმანეთისგან მონობას და მეგობრობას. დიდი ხანია მიხეილ ჩინჩალაძესთან ვმეგობრობ, 2003 წლიდან მოყოლებული, მე მისი მეგობარი ვარ და არა მონა. ახვლედიანმა ამ ჩანაწერით, ფაქტობრივად, საკუთარი თავი გასცა. დაადასტურა ის, რომ იგი კონკრეტული საქმეებით ინტერესდებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კონკრეტულ საქმეებზე წინასწარი შედეგების გაგება სურდა, რის საშუალებასაც მე არ ვაძლევდი და ამის გამო, ამ ჩანაწერში ჩემზე გაბრაზებული საუბრობს. მან ეს ყველაფერი დაადასტურა და გასცა საკუთარი თავი. საქმეების წინასწარ შედეგებზე საუბარი და ინფორმაციის გაცემა აკრძალულია, სწორედ ამას ცდილობდა და ეს ვერ მიიღო - მე შევუშალე ხელი, ყოველთვის ვუშლიდი ხელს.

 

ითხოვდა, წინასწარ მითხარით, რა შედეგს დააყენებს კონკრეტული მოსამართლე კონკრეტულ საქმეებზეო, არ ვეტყოდი, ჯერ ერთი, არც ვიცოდი, მაგრამ რომც მცოდნოდა, არ ვეტყოდი. ეს იყო დანაშაული და ბუნებრივია, ხელს ვუშლიდი უკანონო ინფორმაციის გაგებაში. ძალას ვერ დამატანდა",-განაცხადა შოთა გეწაძემ.


მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობაც ჰქონდა, თუმცა გეწაძის თქმით, მან ის დროულად აღკვეთა.


გეწაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ კოლეგიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც არასოდეს არავის ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევიან და უკანონო გარიგებებში არავისთან შევლენ.


იყო მცდელობა, რომ მოსამართლეებზე ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ მე ეს აღვკვეთე და არ დავუშვი. ამაზე გაბრაზებულია. თუ დააკვირდით. ახსენებს კიდეც ჩანაწერში, რამეს რომ მოვიკითხავ ადმინისტრაციულში, ეს ინფორმაცია ჩინჩალაძემდე მიდისო. რას ჰქვია მოიკითხა, ეს მოკითხვაა? მითხარით, რა შედეგი უნდა დადგეს კონკრეტულ საქმეებზეო? ეს არის დანაშაული. არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა საქმეებზე შედეგების წინასწარ გაგებით, მაგრამ კარგი ინტერესი რომ არ ჰქონდა, ფაქტია. ხელი შევუშალე უკანონო საქმიანობაში და დავიცავი ადმინისტრაციული კოლეგიის დამოუკიდებლობა, ამიტომაცაა გაბრაზებული. ჩემი და ჩინჩალაძის მეგობრობა არავისთვის დასამალი არ არის და არ უნდა ეწოდოს ამას მონობა. ძალიან ცუდია, რომ რადიკალურად განსხვავებულ ურთიერთობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს",-განაცხადა შოთა გეწაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner