პარტია „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
„სიბინძურის ასეთ ჭაობში გადავარდნა არ და ვერ მოხდებოდა მედიის, განსაკუთრებით ელექტრონული მედიისა და ქვეყნის გარედან შემოსული პოლიტიკური ფულის გარეშე. იმ ფულის გარეშე, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთის მასონურ-სექტანტური ძალები მართავდნენ და სამწუხაროდ, დღესაც მართავენ ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულთა უმრავლესობას და საერთოდ პოლიტიკოსთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა აბსოლუტურ უმრავლესობას, სატელევიზიო ეთერს", - აცხადებს თეთრების ლიდერი.
თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება და ამას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა ამავე დროს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მთელ მსოფლიოში სერიოზულად ზღუდავს პირად თავისუფლებას.
„როგორც გენიალურად ამბობს ამერიკელი მწერალი ფოლკნერი: „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში". ამ დღეებში ყველაფერზე საუბრობენ ამის გარდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მაღალ ეშელონებში უწესო ცხოვრებაა გამეფებული და ყველა მოსალოდნელი მხილებისაგან წინასწარ თვითდაზღვევაზეა გადასული. კეთდება სამარცხვინო, მე ვიტყოდი, აღვირახსნილი, ყოველგვარ ღირსებას მოკლებული განცხადებები. გულდასაწყვეტია, რომ მათი ავტორები უმაღლესი თანამდებობის პირები არიან, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული მინისტრებითა და პარლამენტარებით, აღარაფერს ვამბობ ყველასჭკუისმასწავლებელ ჟურნალისტებზე. საკითხი ასე დგას - ან ქვეყანა, ან გარყვნილ პოლიტიკოსთა ბატონობის გაგრძელება და ყოველგვარი ქართულის განადგურება. ახლა გამოჩნდება, ჰყავს თუ არა ქვეყანას სახელმწიფო კაცები, ქართული სულისა და ცნობიერების ელიტა, სახელმწიფოზე მოფიქრალი და გარედან მართვისაგან თავისუფალი პოლიტიკოსები , რომელთა გამოჩენას, ასპარეზზე აქტიურად გამოსვლას და მართალ სიტყვას ხალხი დიდი ხანია ელოდება!" - აცხადებს თემურ შაშიაშვილი