„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ინტერესი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამართოს მსჯელობა და ამ მსჯელობის შედეგად მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული ჩანაწერების საკითხს ხვალ საგანგებო სხდომაზე განიხილავს. გაბინაშვილის თქმით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის მაგალითი უნდა იყოს პრეცედენტული სხვა მოსამართლეებისთვის.
„ეს შემთხვევა უნდა იყოს პრეცედენტული ხასიათის სხვა მოსამართლეებისთვის, რომ სისტემაში ასეთი უმსგავსობა იქნება თავშივე აღკვეთილი. მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ მოსმენილი საბჭოს პოზიცია.
ბოლო დროს მამუკა ახვლედიანი მოგვევლინა როგორც რეფორმატორი, ფლაგმანი სასამართლო სისტემის „გულშემატკივარი", მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი „ქადაგების" მიღმა, ის ყოველთვის საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდა", - განაცხადა გაბინაშვილმა.