5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, ასევე პროდიუსერები და კრიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან.
Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა - ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შოუქეისს სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით სტუმრობენ. ქართული შოუ ქეისი ერთგვარი თეატრალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრამატურგიას, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონიდან.
2016 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრმა, ამ დროისთვის, 9 თეატრის 10 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის პრემიერები, რომლებიც 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. (12 პრემიერა)
პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომენდაციო ჯგუფი შედგება თეატრის კრიტიკოსებისაგან - 5 ადამიანი - რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა. ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.
წელს ქართული სპექტაკლების სანახავად ჩამოდიან სტუმრები პოლონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ნორვეგიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ომანიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ბელარუსიდან, ლიტვიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან.