თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარის ჩანაწერთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო საგანგებო სხდომაზე მსჯელობს.
სხდომის დაწყებამდე იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო სხდომის მოწვევა საბჭოს ყველა წევრის ინიციატივა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აღარ არის.
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხის გაანალიზებით უნდა მიიღოს ან განცხადება, ან მიმართვა, ან კონკრეტულად გამოხატოს შეხედებულება, რომ ეს სხვა მოსამართლეებისთვის, რომლებიც დღეს სისტემაში მუშაობენ, იყოს მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე. ასეთი შეხვედრები აკრძალულია კანონით კომუნიკაციის წესთან დაკავშირებით", - განაცხადა გაბინაშვილმა.
გაბინაშვილის თქმით, ჩანაწერიდან გამომდინარე, შეხვედრის ინიციატორი თავად ახვლედიანი იყო, რაც მისი მხრიდან მოსამართლისთვის კომუნიკაციის წესის დარღვევაა.
„ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მისი ინიციატივით გამართა შეხვედრა საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან და ის არა მარტო ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორია, არამედ საქმეზე სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებით. რამდენადაც მე ამ ჩანაწერში მოვისმინე, ინიციატორი ამ შეხვედრის თავად ახვლედიანი იყო და ეს ფაქტი ცალსახად კომუნიკაციის წესის დარღვევაა. უნდა ვიცოდეთ ყველამ ეს წესი, იმისთვის, რომ მოსამართლემ დაიცვას თავი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით როგორც სასამართლოს შიგნით, ასევე გარედან მოსალოდნელი ზეგავლენებისგან. მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო, თავად ახვლედიანმა გამოხატა ინტერესი, ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინა მხარისთვის, მაშინ როდესაც ამ საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. რაც მე ამ ჩანაწერიდან დავინახე, ის წინასწარ აჟღერებს მოსამართლესთან საუბრის დეტალებს, რომელიღაც შუამდგომლობასთან დაკავშირებით და წუხს, რომ ვერ ეხმარება ამ მხარეს და ზეგავლენას ვერ ახდენს მოსამართლეზე", - განაცხადა გაბინაშვილმა.
როგორც მერაბ გაბინაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ახვლედიანი ადმინისტრაციულ ფუნქციებს ჩამოაშორა.
„საბოლოოდ, საზოგადოებამ მგონი დაინახა, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც ახვლედიანი ჩამოაცილა ადმინისტრაციულ ფუნქციებს. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ადამიანი, რომელიც დღეს რეფორმატორად გვევლინება და თითს უქნევს სასამართლოს, ჭკუას არიგებს მოსამართლეებს, შეურაცხყოფილი ტონით ლაპარაკობს, როდესაც ის მოსამართლე იყო, საკუთარ კოლეგებზე, მათ კომპეტენციაზე, მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რაც ეთიკის წესების მძიმე დარღვევვაა", - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მამუკა ახვლედიანი მოწვეული არ არის, ვინაიდან ის სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.