სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე სამალავს მიაკვლიეს. სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის რაიონში, თბილისში (მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე), საგურამოსთან ახლოს, ტყეში მიწისქვეშა სამალავებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ იარაღი 2009-2011 წლებშია შენახული. ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალტრასთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში იოსებ ზაალიშვილი საუბრობს.
„ეს არის მაყუჩიანი იარაღი, რომელსაც ძირითადად, კილერები იყენებენ. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ ის სპეციალური დანიშნულებისაა (მაყუჩიანი იარაღი, იგივე ვინტორეზი, 200 მეტრის მანძილზე ისვრის), რაც მიანიშნებს, რომ ის დივერსიული ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაცმოძრაობა" არეულობის მოწყობას აპირებს, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მათ სწორედ ასეთი დივერსიული იარაღი სჭირდებათ.
ამოღებული იარაღი დამალულია აგვისტოს ომის მერე, ანუ მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ. შეიძლება დავასკვნათ, რომ საუბარია არა შეიარაღებულ აჯანყებაზე, არამედ მცირემასშტაბიან ტერორისტულ აქტებზე.
„ნაციონალების" ლიდერებისგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უნდა ველოდოთ. თუმცა, არჩევნების შემდეგ სიტუაციის დაძაბვა მათთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, ხალხმა ისინი ლინჩის წესით გაასამართლოს. არც ის არის გამორიცხული, სააკაშვილმა დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვინმე თავისიანი მოკლას", - აცხადებს იოსებ ზაალიშვილი.