logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: საქართველოს ასეთი აღვირახსნილი ხელისუფალი არასდროს ჰყოლია
- +

5 ოქტომბერი. 2016. 15:40



მწერალი ნაირა გელაშვილი სოციალურ ქსელში ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის მეუღლე სანდრა რულოვსზე საუბრობს. გელაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მმართველობის პირველივე წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ასეთი აღვირახსნილი პრეზიდენტი არასდროს ჰყოლია.


„პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ მეთაურად არ მოიაზრება, იგი, ასევე, ერთგული, მოყვარული და ყურადღებიანი მეუღლისა და მამის (ან დედის) განსახიერებაც უნდა იყოს. ოჯახი ხომ სრულიად სამართლიანად განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის ფუნდამენტურ ღირებულებათა შკალაზე (რაც, სხვა მხრივ ამერიკის ადეპტებად ქცეულ, ქართველ „ნაციონალურ ბელადებს" ნაკლებად აღელვებდათ). ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერისა და წარმატებულობის ერთ-ერთ მიზეზად ხომ ამერიკული ოჯახის სიმტკიცეც სახელდება.

 

მოკლედ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ პუნქტში აშშ-ს რომ არ ეთანხმებოდა, ყველას კარგად და მწარედ გვახსოვს. 

 

მისი მმართველობის პირველივე წლებში ცხადი გახდა, რომ საქართველოს ასეთი აღვირახსნილი ხელისუფალი არასდროს ჰყოლია. დიდსა და პატარას პირზე ეკერა პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვის ორგიები შინ თუ გარეთ, თბილისში, ბათუმში, სიღნაღსა თუ შატილში. ასევე, უცხოეთში პოლიტიკური ვიზიტების დროს. პრეზიდენტი ვერტმფრენით უვლიდა ხოლმე საქართველოს და გუნება-განწყობის მიხედვით ეშვებოდა მის  ამა თუ იმ  წერტილში საქეიფოდ და სალაღობოდ. დიდი ამბავი იყო ატეხილი ერთ პატარა ქალაქში იმის გამო, რომ მთვრალმა პრეზიდენტმა იქაური მოხელის ცოლს დაადგა თვალი და ქალი გადამალეს. მაგრამ პრეზიდენტი არ ცხრებოდა თურმე და ... ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ლაზღანდარობდნენ ამის თაობაზე იქაური ბავშვები, როგორ შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს იქაური ხანდაზმულები...

 

სხვაგან მავანი მიმტანი ქალი მოუვიდა თვალში და... წინ რა დაუდგებოდა. ერთხელ საქართველოს მთაში რომ ზეიმობდა, შვეულმფრენით ჩაჰგვარეს იმდროინდელი გულის რჩეული,  რადგან ბრძანა, სასწრაფოდ აქ გამიჩინეთო. ხედავდნენ, როგორ შედიოდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში უნომრო მიკროავტობუსი, საიდანაც, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობდნენ, ქუჩიდან აკრეფილი „სექს-მუშაკები" გადმოდიოდნენ მარტო მყოფი პრეზიდენტის განტვირთვისათვის. როგორც ამბობდნენ, ქალბატონებისთვის პრეზიდენტის სასახლის, როგორც სასტარტო ადგილის გავლა იყო საჭირო მაღალ თანამდებობაზე მოსახვედრად... მერე კი მათ კეთილად გათხოვებაზე ზრუნავდნენ შესაბამისი მოხელეები. კი, ის ჰყვებოდა ამას, ვისაც თვითონ მოუწია მსგავსი დავალების შესრულება. მოკლედ, ინგლისურად მორატრატე, ნეოლიბერალი სულთნის კარზე ჰარამხანა იფურჩქნებოდა", - წერს ნაირა გელაშვილი.

 

 

გელაშვილის თქმით, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მარტო ატარებდა ცხოვრებას, მაშინ, როცა მისი მეუღლე „სასახლეში ბორგავდა".

 

„და აი, ასე, პირველი ლედი თავის სახლში მარტო ატარებდა ცხოვრებას შვილებთან ერთად. პრეზიდენტი კი - სასახლეში ბორგავდა, იქ იფრქვეოდა მისი და მისი უახლოესი გარემოცვის ჰედონისტურ-ბიოლოგიური აღტყინებები. იქ იყო იგი ბოლოს თავის მომღერალ სატრფოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. 

 

ეს ხდებოდა ღიად, აშკარად. ეს იყო მ. სააკაშვილის ხელისუფლების სტილი, „მისი გუნდის" პრივილეგია, რაღაც სისტემური მოვლენა, ამოსაცნობი ნიშანი. იცინოდნენ ამის თაობაზე უცხოეთში, პოლიტიკურ წრეებში, დიპლომატიურ კორპუსში. საქართველოს ბედი ეს აღმოჩნდა, რომ მისი ღირსება ამ მხრივაც უნდა გაქელილიყო. ისედაც დამცრობილ ქვეყნის თავმოყვარეობიდან არაფერი აღარ უნდა დარჩენილიყო. მ.სააკაშვილის უსაშველო ბიოლოგიური დაუკმაყოფილებლობა შერწყმული მის სისასტიკესთან ადამიანთა მიმართ - იწვევდა ნერონისა და კალიგულას ასოციაციას, რადგან ესენი დარჩნენ მსგავსი პათოლოგიის კლასიკურ მაგალითებად დასავლეთის ისტორიულ სივრცეში", - წერს გელაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner