logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: სანდრა შურს იძიებდა ხალხზე, რომლის თვალშიც ესოდენ შეურაცხყოფილი იყო
- +

5 ოქტომბერი. 2016. 15:53


 

„უფრო დამცირებული, უფრო თავმოყვარეობაშელახული პირველი ლედი დემოკრატიული დასავლეთის ისტორიას არა სცნობია", - წერს სანდრა რულოვსზე მწერალი ნაირა გელაშვილი.  მისი თქმით, სანდრა ეგუებოდა ქმრის აღვირახსნილ ცხოვრებას, ისევე, როგორც „ცოლების დაქვრივებას, ბავშვების დაობლებას, დედების გაუბედურებას, ცამდე ასულ მოთქმასა და ვაებას, ადამიანთა მეთოდურ წამებას და პატივის აყრას ციხეებში".



„და ხალხი ამას განიცდიდა. მიუხედავად პრეზიდენტისადმი თითქმის საყოველთაო ზიზღისა და სიძულვილისა, მისი მეუღლე ბევრს ებრალებოდა. ქალბატონ სანდრა რულოვსის ახლო წრე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მას ჰოლანდიაში წასვლა სურდა, მაგრამ ეშინოდა. „რომ წავიდეს, მიშა მოკლავსო", - მიმტკიცებდა ერთი მისი კეთილისმოსურნე, მეტისმეტად დამამცირებელი მდგომარეობის რაიმენაირად შესარბილებლად. მართლაც, რომელი ქალი არ გაიგებს ამ ხვედრის აუტანელ სიმწარეს? 

 

და, ცხადია, მას ისე უნდა დაეჭირა თავი, თითქოს ქმრის ეს უკიდურესად წრეგადასული ცხოვრება, უბრალოდ, არ არსებობდა. და ასეც იჭერდა. მართალია, ეს ისე კარგად ვერ გამოსდიოდა, როგორც ყოჩაღ ჰილარი კლინტონს, როდესაც მისი მეუღლის, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ერთადერთ მორალურ გადაცდომას ისე ფანატიკურად ჩაეძია ამერიკული სასამართლო, რომ ელემენტარულ ნაწილაკებამდე ჩააღწია და მთელი მსოფლიო უხერხულობის შოკში ჩააგდო. ჰილარი კლინტონი კი მთელი ის ხანი მეუღლესთან ხელჩაკიდებული და ამაყად თავაწეული ჩნდებოდა, აქაოდა, ჩვენს მტკიცე ოჯახს მსგავსი პროვოკაციები ბზარს ვერ დაამჩნევსო.  

 

და საკუთარი ძალების რამდენად უფრო დიდი დაძაბვა სჭირდებოდა სანდრა რულოვსს! ეს ხომ უწყვეტი სირცხვილი იყო მთელი ცხრა წლის მანძილზე. და ის დაძაბული ეგუებოდა: ქმრის მიერ მისი, როგორც ქალის ლამის მძვინვარე უარყოფას. თუმცა, სახეზე სულ უფრო უძლიერდებოდა ჩაკლული სიხარულისა და დაფარული გამწარების კვალი.  ეს ცოლების ნება ან ბედისწერაა: ზოგი ქმრისაგან ყველაფერს იტანს „ოჯახის შესანარჩუნებლად", ზოგს პრივილეგიების დათმობას ურჩევნია, სამუდამოდ უარი თქვას ღირსებაზე. ზოგს სხვა გზა არა აქვს და იძულებულია, გულში ჩაიკლას ყველაფერი და ქმარს ბოლომდე დაემორჩილოს. და ყველა გადაწყვეტილებით ბედისწერა იქსოვება.

 

მაგრამ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუსტად ასევე უდრტვინველად ეგუებოდა ცოლების დაქვრივებას, ბავშვების დაობლებას, დედების გაუბედურებას, ცამდე ასულ მოთქმასა და ვაებას, ადამიანთა მეთოდურ წამებას და პატივის აყრას ციხეებში, სადაც ის ხშირად ჩნდებოდა ხოლმე. ის ეგუებოდა  ანთებული სიგარეტით სხეულის დაწვას, ძვალ-სახსართა მსხვრევას, პირში ჩაფურთხებას, ზედ დაშარდვას, ადამიანთა მასობრივ დარბევასა და შემუსვრას... დედისერთა სანდრო გვირგვლიანის თოვლზე დაგდებულ, დასერილ სხეულს, მისი დედის ირინა ენუქიძის გულისგამგმირავ გლოვას, პოლიციის მიერ დაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდების მიწაზე მოცახცახე სხეულებს, მათი დედებისა და მამების სამუდამოდ გაგმირულ გულებსა და უილაჯობას... 

მაგრამ არა მხოლოდ ეგუებოდა... ის, აი, ასეთი ქმრის ერთგული იყო მის შავბნელ საქმეებში: იგი იტყუებოდა შინ და გარეთ, თავის სამშობლოში და საერთოდ, უცხოეთში ყოფნისას, რომ მიშათი უკმაყოფილო მხოლოდ ის კრიმინალური წრეები იყვნენ, ვინც მიშამ სამართლიანად დასაჯა დიადი რეფორმების გატარებისას, ვინც, კაცმა რომ თქვას,  ბალასტი გახლდათ აყვავების გზაზე შემდგარი სახელმწიფოსათვის... რომ საჭირო იყო ქართველ ხალხისათვის კისრის მოგრეხა, რადგან სხვაგვარად მისგან არაფერი გამოდნებოდა, და მაშასადამე, „მიშა" სწორედ ის იყო, ვინც ამ ხალხს სჭირდებოდა" და ა.შ. 

 

და განა მხოლოდ შიშის გამო გააკეთებს ადამიანი ამას? არა.  ქალი, ვისთვისაც სხვისი შვილების დახოცვა-დამცირება საშინელებაა, შეიძლება შიშით გაჩუმდეს, მაგრამ ასე არ იაქტიურებს ადამიანობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებათა გამართლებაში.  მაშასადამე, უკვე მაშინ, სანდრა რულოვსის პირველ ლედად ყოფნის სანუკვარ პერიოდში, სულ სხვა იმპულსსაც უნდა ემოქმედა, გარდა სტატუსის შენარჩუნების წყურვილისა: ქვეცნობიერად სანდრა შურს იძიებდა ხალხზე, რომლის თვალშიც ის ესოდენ შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო, ვისაც ის ან ეცოდებოდა, ან არაფრად აღარ აგდებდა. და იგი შურს იძიებდა თავისი მოღალატე ქმრის ხელით. და... ამავე დროს ქმრის გულის მოგებასაც  ცდილობდა", - წერს ნაირა გელაშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner