logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: სანდრა რულოვსი საარჩევნო კამპანიას ადამიანთა ბნელ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებზე აგებს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 16:28


 

„როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი გაჭირვებაში არ მიატოვეს მის მიერ მომადლიერებულმა დასავლეთის პოლტიკურმა ძერებმა და იგი თანამშრომლებთან ერთად უკრაინაში დაამკვიდრეს, სადაც თავისუფალი სიყვარულის განუკურნებელ ტრფიალს ისევე არ დასჭირდა მეუღლე, როგორც თბილისში არ სჭირდებოდა", - ამის შესახებ მწერალი ნაირა გელაშვილი წერს. მისი თქმით, სააკაშვილმა თავისი გეგმების განსახორციელებლად იხმო სანდრა საქართველოში.


„და აი, ოთხი წლის შემდეგ მან იხმო მისგან შეურაცხყოფილი და დამცირებული დედა თავისი შვილებისა. და მიუშვირა მას თვისი ამღვრეული თვალები ჩასახედად. და მონუსხული სანდრა მორჩილად გამოემგზავრა საქართველოში შვილთან ერთად და ბრმად  შთავარდა არჩევნების მარათონში. რისი იმედით? მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედით, რომ ხალხი ბრბოა და, სანდრასი არ იყოს, სხვების ტანჯვა-წამებას არაფრად აგდებს; პირიქით: უხარია კიდეც, რადგან გამწარება და ბოღმა უთუხთუხებს გულში! ან რომ  ხალხს მეხსიერების ჩაბნელებები სჭირს და თანამოქალაქეთა გაპარტახება უკვე დავიწყებული აქვს; რომ ხალხი გამოსულელებულია და საკმარისია, უცხოელი რძალი თავის ენაზე დაელაპარაკოს და, სიმღერაც კი უმღეროს, - მეტი არც არაფერი სჭირდება: აღტაცებისაგან აკივლდება და ვნებისაგან ატორტმანდება. და ის, სამწუხაროდ, შორს არ არის ჭეშმარიტებისაგან. სანდრა რულოვსი  თავის საარჩევნო კამპანიას ადამიანთა ყველაზე ბნელ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებზე აგებს.  და მიცურავს სანდრა გედივით ბრბოში. მისი მოჩვენებითად სათნო ღიმილი დაგუბებულ შხამს, დიახ, მუხანათობას  ჩამოფარებია: ვენდეტა! და დაანახვებს მის უარმყოფელ ქვეყანას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ავზნიან მეუღლეს, თავის ძალას სანდრა-დამცირებული! დაანახვებს, რომ ხალხს იგი მოენატრა, განსაკუთრებით სამეგრელოში. მეგრელებსა და სანდრას ერთნაირად სჭირდებათ მიყენებული ჭრილობების მოშუშება, და ისინი ერთმანეთს ათბობენ. ოღონდ, სანდრას, სინამდვილეში, თავისი თავის გათბობაც კი აღარ შეუძლია...", - წერს ნაირა გელაშვილი.


ნაირა გელაშვილი იხსენებს, რომ სანდრას დავალებით და მისი სურვილით „კავკასიური სახლისთვის" მათ კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონება კუდ-ს და სოდ-ს უნდა წაერთმია და მის სანაცვლოდ დაარსებული „რუსული ცენტრისთვის" გადაეცათ.


„მე არა მჯერა, რომ სანდრა რულოვსი ციხეში მოკლული ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა, როგორც ამას მრავალი პატიმარი ამტკიცებს. მე არ ვიცი, მართლა სპეცსამსახურების კაბინეტებში დაიწერა თუა არა სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების სცენარი, როგორც ამ საქმეებთან უფრო ახლოს მყოფი ადამიანები გვამცნობენ. არც ის ვიცი, მართლა იმისთვის ისწრაფვის დეპუტატის იმუნიტეტის მოსაპოვებლად, რომ გაექცეს შესაძლო სასჯელს თავისი ბიზნეს-დანაშაულებისათვის, თუ არა.  მე ის ვიცი, რასაც ვხედავდი და ვხედავ და ეს საკმარისზე მეტია ერთი ქალისათვის - სამყაროში მოთარეშე ბოროტების გასამდიდრებლად. მე ვხედავ, როგორ ატყუებს და ასულელებს ჩემს ხალხს, როგორ უმტკიცებს, რომ თურმე ყორნის გასათეთრებლად მისი ქვიშით ხეხვაც კი არ არის საჭირო, უბრალო საპნიანი წყალიც საკმარისია, ხოლო კუზიანს სამარის გარეშეც უსწორდება კუზი. ვხედავ,  როგორ აბრუნებს უკან გაჭირვებულ ხალხს მასობრივ აღვირახსნილობასა და სისასტიკეში; როგორ რყვნის მას, როცა საუკუნის დანაშაულს - სანდრო გვირგვლიანის უღმერთო წამებასა და სამსხვერპლო ცხოველივით დაკვლას, თუ ღირსებით სავსე სამხედრო პირის კოლექტიურ გაუპატიურებას, როცა მთელი ციხე მსხვერპლის ღრიალით ზანზარებდა, - ნაზი ღიმილით „შეცდომებს" უწოდებს, შეცდომებს, რომლებიც მას თურმე არ ეხება! და კიდევ ერთი რამ ვნახე, რაც  უშუალოდ შემეხო: 2010 წელს ჩვენი საზოგადოება შეძრა „ნაციონალური ხელისუფლების" კიდევ ერთმა ექსცესმა, რომელსაც ყოფილი მხედრიონელი და ქილერი, ბატონი ნიკოლოზ რურუა მეთაურობდა (არ დაგავიწყდეთ, თანამოქალაქენო, რომ სწორედ ეს სისხლიანხელებიანი კაცი იყო ნაციონალების კულტურის მინისტრი!). ჰოდა, ამ კაცმა პრეზიდენტს მიაღებინა გადაწყვეტილება მთელ კავკასიაში ცნობილი, უძველესი სამშვიდობო ორგანიზაციის, კულტურისა და განათლების ცენტრის „კავკასიური სახლის" გამოძევების შესახებ იმ შენობიდან, რომელიც მისთვის ააშენა ევროპულმა ფონდმა „ჰორიზონტმა". ამ ფონდის რეზიდენცია ნიდერლანდებშია, მას იქაური ადამიანები მართავენ, და მათ სწორედ „კავკასიურ სახლში" გაიცნეს თავიანთი თანამემამულე სანდრა რულოვსი, რომელიც აქ, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, ხშირად დაიარებოდა. და ყველანი სიყვარულით ვიღებდით მას. ის კი, ქალური და სათნოღიმილიანი, ჩვენთან სტუმრად რომ დადიოდა და წვეულებებზე თავის თანამემულეებსაც ხვდებოდა, თურმე ჩვენს შენობას სათავისოდ ათვალიერებდა. და აი, დადგა დღეც ოცნების ასრულებისა. 2010 წელი.  კუდ-ი და სოდ-ი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მთელი მომსახურე პერსონალი ქუჩაში უნდა გავეყარეთ, „კავკასიური სახლისთვის" მთელი უძრავი ქონება წაერთმიათ და მის სანაცვლოდ დაარსებული რუსული ცენტრისთვის გადაეცათ... თამანშრომლების ბინებში უკვე ჩხრეკა დაიწყო ტერორის მიზნით... სანდრა რულოვსის რომელიღაც ფონდისათვის განკუთვნილი იყო მთელი პირველი სართული. ხოლო  მეორე და  მესამე სართულები -„რუსული კულტურის ცენტრს" უნდა დაეკავებინა. და აქ მთავარი ის არის, რომ „კავკასიური სახლის" გაუქმებას და მის ნაცვლად „რუსული მუზეუმის" შექმნას მისი დაარსების დღიდან: 1994 წლიდან, არაოფიციალურად თუ ღიად, დაჟინებით  ითხოვდა რუსეთი, განსაკუთრებით, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, როდესაც „სახლმა" ჩეჩენი ლტოლვილები შეიფარა. საერთოდ, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „კავკასიური სახლი" რუსეთისაგან რეპრესირებული ორგანიზაცია იყო თავისი მისწრაფებების გამო, მიეღწია შიდაკავკასიური სოლიდარობისა და თანხმობისათვის. და ნეოლიბერალიზმისა და „ევროპული ფასეულობების" განსახიერება ბატონი რურუა ქალბატონ სანდრასთან ერთად უმჭიდროეს კავშირს ამყარებს თბილისში ოფიციალურად მოქმედ მეხუთე კოლონასთან და მასთან ერთად აუქმებს „კავკასიურ სახლს"! მხოლოდ ჩვენი და დასავლური საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა იხსნა ორგანიზაცია დაღუპვისაგან და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი აღსრულება შეაჩერა. და მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს იურიდიულად დაგვიმტკიცა ჩვენთვის აშენებული შენობა და დასავლელი მეგობრების თხუთმეტწლიან გაოგნებას და ჩვენს ტანჯვას წერტილი დაუსვა.  ასე რომ, საკუთარ კანზე გამოვცადეთ, რა შეიძლება იდგეს სანდრას მომხიბლავი ღიმილისა და ქალური მანერების უკან. და თუ რატომ სჭირდებოდა თავისი ფონდის რუსული კულტურის ცენტრთან (ასეთი „ცენტრები" სინამდვილეში, სულ ცოტა, სააგენტოებია) თანაარსებობა, ეშმაკმა უწყის.  და მაინც გამიჭირდება თქმა, რომ ის თავის მეუღლესთან თუ მეგობარ ნ. რურუასთან ერთად ორმაგი აგენტია თუ სამმაგი. არ ვიცი. ეს ქსელები არ მესმის. რასაც მე თვითონ ვხედავ, ისიც საკმარისია...  და მიცურავს სანდრას ნაზი ღიმილი და მოღუღუნე ხმა აღტკინებულ ბრბოს თავზე და მიცურავს სანდრა ბრბოს ტალღებზე თავისი გაურკვეველი მომავლისაკენ. ნუთუ მართლა ჰგონია, რომ ამ ნაკადმა ის შეიძლება ნანატრ მიკროსოდომში - პრეზიდენტის გიგანტურ სასახლეში შეაცუროს? მაშ რა ამოძრავებს, რატომ გაირთულა კიდევ უფრო ცხოვრება და გადაიდო მშვიდი მომავალი? რატომ დაუპირისპირდა ასე ჯიქურ საქართველოს? რატომ წამოიკიდა ტვირთი, რომელიც იმ საფქვავზე უფრო მძიმეა, ჯაყოს მიერ მოტყუებულ, პატივაყრილ და გასრესილ მარგოს რომ წამოუკიდია ზურგზე და წიქვილის გზას მიუყვება? შვილებს კიდევ უფრო რატომ უმძიმებს საკუთარი მამის წყალობით ისედაც დამძიმებულ ხვედრს? მხოლოდ კაცის კი არა, ქალის გულიც შავი ზღვის მორევსა ჰგავს, და  თუ რაღაც სპეციერარქიის მიერ მიღებულ დავალებას გამოვრიცხავთ, რომელსაც ცოლიც და ქმარიც ერთნაირად ემორჩილებიან, მაშინ ეს ვერსია რჩება: ალბათ მიუღწეველი მეუღლის მიერ დაკისრებული საბრძოლო დავალების შესრულებით სანდრა იმედოვნებს, მისი გულის მოიგოს, მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროს და, ვინ იცის, დაიბრუნოს კიდეც... ეს სანდრას ამოკის რბოლაა, ის ვეღარ გაჩერდება... მან- ახლა უკვე ბრბოს დედოფალმა - ძალიან სევდიანი ფურცლები თავისი წარსულიდან ისევ მომავალში გადაიტანა..." - წერს ნაირა გელაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner