„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ის საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ დაინდობს.
„სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება ისე უნდა, პუტინს თავს შესთავაზებს კი არა, რომ დასჭირდეს, საკუთარი ოჯახის წევრებს ცოცხლად გააძრობს ტყავს. პუტინი კი არა, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ შეჰპირდეს, დაოთხილი ჩავა. არ ჩასულა მოსკოვში, არ უმათხოვრია თუ რა? რუსეთს მაშინ ემათხოვრება, როცა ძალიან უჭირს. ახლაც სიამოვნებით წავა რუსეთში. მისგან განსხვავებით, ჩვენი ლიდერი იქ ღიად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მიდის. ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ესაუბრება რუსეთის პირველ პირებს. სააკაშვილი და მისი გუნდი რუსებთან იმიტომ გარბიან, რომ ქვეყანას უღალატონ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, საერთაშორისო ფორუმებზე ტუალეტებთან და კაფეებთან როგორ უსაფრდებოდა მსოფლიო ლიდერებს. აგვისტოს ომის შემდეგ მისთვის ხელის ჩამორთმევა არავის სურდა, ეს მათ წინ ხვდებოდა და ისინიც იძულებული იყვნენ, სააკაშილისთვის გამარჯობა ეთქვათ. მის მიერ კონტროლირებადი მედია ნაძალადევად ხელის ჩამორთმევას საქმიან შეხვედრად ასაღებდა. სააკაშვილი ასეთი ყალთაბანდია და მე რა ვუთხარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას ვერაფრით მოაშორა ჭირი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.