„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოში წინასაარჩევნოდ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შემოვიდა", - ამის შესახებ „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, „ნაციონალებმა" ეს ფული კონტრაბანდითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობით იშოვეს და ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით აპირებენ შავი ფულის გამოყენებას.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოში წინასაარჩევნოდ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" შავი ფული, რომელიც არა არჩევნებს, არამედ არჩევნების შემდეგ დაგეგმილ დესტაბილიზაციას უნდა მოხმარდეს! სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯით, კონტრაბანდით, ორგანოებით ვაჭრობითა და ათასი სხვა სისაძაგლით მილიარდები დააგროვეს, ახლა კი ამ შავი ფულის გამოყენებას რევანშისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით აპირებენ!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
ბრეგაძე აღნიშნულ სცენარს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" საუბრის აუდიოჩანაწერს უკავშირებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და ამბობს, რომ დესტაბილიზაციის გეგმასა და აღნიშნულ ჩანაწერს შორის კავშირი არსებობს.
„რა თქმა უნდა, ეს ერთი ჯაჭვია და სწორედ იმ შავმა ფინანსურმა წყარომ, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ, უნდა უზრუნველყოს „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი გეგმების რეალიზაცია!
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ჩვენ მოვისმინეთ გავეშებული მანიაკების მიერ წამოსროლილი ფრაზები, რომ კონკრეტულ პიროვნებებს კადაფივით უნდა გაუსწორდნენ, ჯოხებით უნდა გააუპატიურონ და ა.შ.
ერთი სიტყვით, „ნაციონალები" ზნეს არ იცვლიან და მათ კვლავინდებურად სიამოვნებთ ადამიანების დამცირება, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა! ეს პოლიტიკური ძალა არ არის, ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც კორუფციით, იარაღის კონტრაბანდით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობითა და ნაირგვარი სიბინძურით საზრდოობს!
ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც „ნაცმოძრაობა" მეორე პოლიტიკური ცენტრი და „მთავარი ოპოზიციური ძალა" იქნება საქართველოში!
აი, სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ! ნაციონალების დანაშაულებრივი სინდიკატი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს! - ეს არის ახლა ჩვენი მთავარი მისია და ამოცანა!" - აღნიშნა ბრეგაძემ.