logo_geo
eng_logo
რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ - რით დაემუქრნენ ბესო კალაძეს?
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:46


 

„ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული ფრთის მიერ დაანონსებულ რევოლუციას, როგორც იტყვიან, ბეჭედი დაუსვა გუნდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად უარი თქვა არჩევნების რევოლუციურ გაგრძელებაზე... თუკი მანამდე მხოლოდ ვერსიები ჟღერდებოდა სააკაშვილის ზრახვების შესახებ,  ან ექსპერტების ანალიზი მიგვანიშნებდა, რომ საარჩევნოდ დესტაბილიზაცია იგეგმებოდა, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ ფიგურები, რომლებიც პირველ პირში ყვებიან, რა დავალება მიიღეს ყოფილი პრეზიდენტისგან უკრაინაში.


მკითხველი, ცხადია, მიგვიხვდება, რომ საუბარია „თავისუფალი ზონის" იმ წევრებზე, რომლებმაც ამ ცოტა ხნის წინ საჯაროდ თქვეს უარი პროცესების რევოლუციურ განვითარებაზე და „ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნენ.


„პრაიმტაიმის" სტუმარი დღეს ბესო კალაძეა, ადამიანი, რომელმაც მართალია, უკვე ისაუბრა მთავარ მესიჯებზე, მაგრამ ქვემოთ შემოთავაზებულ ინტერვიუში ის აკონკრეტებს დეტალებს და ჩვენს მკითხველს უამბობს პროცესების იმ შესაძლო განვითარების სქემაზე, რასაც მიშა სააკაშვილი პირადად მას უხაზავდა.


მაშ ასე: რა რესურსით აპირებს რევოლუციას ოდესის გუბერნატორი საქართველოში? რა ფინანსებით ხდება ამ რესურსის მობილიზება? ვინ იქნება პროვოკატორი? როგორ „აშავებს" „ნაციონალური მოძრაობა" ოპონენტებს? რით დაემუქრნენ ბესო კალაძეს?


- ჩვენი ორგანიზაცია - „საქართველოს ერთგულების სახლი", აგვისტოში ჩამოყალიბდა, როგორც „თავისუფალი ზონის" შვილობილი ორგანიზაცია. მისი შექმნის დღიდან ვრცელდებოდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ მიშას მთავარი ამოცანა და მთავარი დავალება არჩევნების შემდგომი პროცესები იყო, ვინაიდან არჩევნები ცალსახად წაგებულია „ნაციონალური მოძრაობისთვის". ის აიღებს, მაქსიმუმ 15 პროცენტს, ამიტომაც არჩევნების შემდგომ ყველაფერი უნდა გააკეთონ „თავისუფალმა ზონამ", ორგანიზაციამ „საქართველოს ერთგულების სახელით" და საერთოდ, ახალგაზრდებმა რომ მოხდეს არეულობის პროვოცირება...


- ეს ორგანიზაცია რატომ შეიქმნა და ვინ იყო მისი შექმნის ინიციატორი?

 

- ჩემი ინფორმაციით, მისი შექმნის ინიციატორი თვით მიხეილ სააკაშვილი იყო.


- თქვენ ამ ორგანიზაციაში სტატუსით იყავით?

 

- იქ გამოკვეთილი სტატუსი არავის აქვს, ვინაიდან მისი იურიდიული რეგისტრაცია არც მომხდარა და შესაბამისად, არც თავმჯდომარე ჰყავს. ეს, უბრალოდ, შექმნილი სახელწოდებაა, თორემ მთლიანად დაკომპლექტებულია თავისუფალი ზონის წევრებით. მათ შორის ვიყავი მეც. მე ვიყავი თავისუფალი ზონის გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუმცა, რაიონული გადანაწილება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ, როდესაც რაიმე ღონისძიება იგეგმება კონკრეტულ რაიონში, იქ მიბმული უნდა იყოს კონკრეტული პერსონა, თორემ ჩვენ ყველა თავისუფალი ზონის ბირთვი ვიყავით.


- შვილობილი ორგანიზაციის შექმნა რატომ დასჭირდა სააკაშვილს?

 

- თავისუფალი ზონა უკვე ძალიან ყვიროდა თავისი აქციებით, შევარდნებით და ა.შ. ახალი ორგანიზაცია კი ცოტა უფრო კულტურული ღონისძიებებით გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა, აგვისტოში საავტომობილო კოლონა მოვაწყვეთ ოკუპაციის გასაპროტესტებლად...


- ანუ თქვენ იქნებოდით ახალი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად პირდაპირ არ იქნებოდით ასოცირებული „თავისუფალ ზონასთან" და „ნაციონალურ მოძრაობასთან"?

 

- დიახ... და არჩევნების შემდგომაც აქტიურად გამოვჩნდებოდით და შენიღბულად ვიმოქმედებდით მოცემული დავალებების შესასრულებლად, ვინაიდან რეალურად ჩვენც „თავისუფალი ზონის" წევრები ვიყავით.


- პირადად თქვენ რამდენი ხანია „თავისუფალი ზონის" წევრი ხართ?

 

- დაარსების დღიდან, 2012 წლიდან... და არამარტო მე. ჩემთან ერთად ბრიფინგზე წარმოდგენილი ათი ადამიანიდან, სამი ჩემსავით არა მარტო ამ ორგანიზაციის წევრია 2012 წლიდან, არამედ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვიყავით 2010 წლიდან. შესაბამისად, როდესაც ახლა ნიკა მელია და ირმა ნადირაშვილი საუბრობენ იმაზე, თითქოს, მე მათ პარტიაში სუს-მა შემაგზავნა, ძირშივე მცდარია - იმ დროს სუს-ი არ არსებობდა და შესაბამისად, ვერც ჩამნერგავდა...


- თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს დაგაშინეს, გადაგიბირეს და ა.შ.

 

- შანტაჟიც, ჩანერგვაც, მოსმენაც, იძულებაც „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედების სფეროა და შესაბამისად ამ ლოგიკით გვიყენებენ ბრალდებებს ჩვენც, რადგან ეს ლოგიკაა მათთვის ყველაზე მშობლიური და გასაგები.


- კარგი... განვაგრძოთ საუბარი იქიდან, როდესაც შეიქმნა შვილობილი ორგანიზაცია და გაიგეთ მისი შექმნის მიზანი. რა მოხდა შემდგომ?

 

- როდესაც ინტენსიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ არჩევნები წაგებული იყო და ჩვენ მის შემდეგ უნდა გვემოქმედა, აბსოლუტურად  გასაგები იყო ყველასთვის, რომ ეს დავალება მოდიოდა უკრაინიდან, კონკრეტულად კი სააკაშვილისგან. გვქონდა პროტესტი და კითხვა - რად გვინდა ეს ძალადობრივი გზა, რევოლუციები და სხვადასხვა სცენარები? ხომ შეიძლება, სხვა გზაც არსებობდეს. ამაზე შიგნითაც გვქონდა საუბრები კონკრეტულ პერსონებთან და მათთანაც ვთანხმდებოდით ამაზე.


- პარტიულ ლიდერებს გულისხმობთ?

 

- პარტიულს არა, თავისუფალი ზონის ბირთვს ვგულისხმობ. შესაბამისად, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, იქნებ წავიდე უკრაინაში და მიშასაც დაველაპარაკო ამ თემაზე, იქნებ კონკრეტული პასუხი მივიღო-თქო.


- ასე ახლო კომუნიკაცია გქონდათ სააკაშვილთან?

 

- მე მას 2010 წლიდან ვიცნობ, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობა იყო ჩართული კონკრეტულ ღონისძიებებში და მიხეილ სააკაშვილი გამოირჩეოდა ჩვენთან ურთიერთობით. 2012 წლის მერე კი „თავისუფალი ზონის" ფინანსური და დამატებითი მხარდაჭერა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილისგან. აქედან გამომდინარე, მეც მქონდა მასთან შეხება და კარგი ნაცნობობაც მაკავშირებდა. ამის გარდა, 2016 წლის 9 მაისს, როდესაც დავით ნარმანიას ვაკის პარკში დავხვდი და ბოტანიკური ბაღის თემაზე საყვედური ვუთხარი, რაც ტელევიზიებმაც გააშუქეს, სააკაშვილმა თავის ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე" შეაქო ჩემი ეს ქმედება. ერთი სიტყვით მქონდა კომუნიკაცია და წასვლამდე მივწერე, რომ ვაპირებდი ჩასვლას და მასთან შეხვედრას. მას არ უპასუხია ჩემთვის, 18 სექტემბერს მე და ირაკლი ქომეთიანი ჩავედით კიევში. ჩვენი კონტაქტებით მოვახერხეთ მასთან დაკავშირება და მიშა სააკაშვილს მეორე დღესვე შევხვდით.


- ოდესაში?

 

- არა, კიევში, ერთ-ერთ კაფეში, რომლის სახელიც არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ... მისი ინიციატივა იყო ის კონკრეტული შეხვედრის ადგილი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ერთად. ჯერ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე, ვუამბეთ თავისუფალი ზონის, მისი რესურსების შესახებ და ამ რესურსის გამოყენების გზებზე. სწორედ მაშინ გვითხრა, რომ ეს რესურსი სჭირდებოდა არჩევნების შემდეგ, რადგან უნდა დაგვეწყო აქციები არჩევნების გაყალბების სახელით. მან გვითხრა, რომ ეს არჩევნები წაგებული გვაქვს და ამიტომ საპროტესტო აქციების მთავარი სლოგანი უნდა იყოს ის, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა გავიდეთ ქუჩაში.


- კონკრეტული დავალებები მოგცათ? ვთქვათ, რამდენი ადამიანი უნდა გამოგეყვანათ, ან სად უნდა ყოფილიყო თქვენი ლოკაციის ადგილი?

 

- არა, ეს საუბარი არ ყოფილა. მან გვითხრა, რომ ამ პროცესში უნდა ჩაგვერთო „თავისუფალი ზონის" სრული რესურსი. ეს კი არის 200-250 კაცი...


- ეს რაოდენობა, დამეთანხმებით, ალბათ, არ არის შთამბეჭდავი ძალა.

 

- ამას დაემატებოდა რეგიონები და ჯამში გამოვიდოდა 5000 კაცი.


- მოგიწოდებდათ, ვთქვათ, კონკრეტული პროვოკაციული ქმედებისკენ?

 

- ასეთ დავალებებს ასე კონკრეტულად არ იძლევიან - წადი და თავით კედელს დაეჯახეო, მაგრამ ძალიან მარტივია მის წინადადებაში ამოიკითხო, რა აზრი დევს. მიშა ამბობდა: „ჩვენ არჩევნებამდე არც „თავისუფალი ზონა" და არც სხვა რესურსი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, არჩევნების შემდეგ მოხდეს ბლოკირება კონკრეტული ძალოვანი უწყებების - პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს. ამის შემდგომ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გამოიყენოს ძალა". თუ ძალას გამოიყენებდა ხელისუფლება, ამ სქემის მიხედვით, მობილიზებული იქნებოდა „რუსთავი 2", რომლის მეშვეობითაც მოუწოდებდნენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს გზა გაამართლებდა.


- თქვენ შეეკამათეთ?

 

- არა... ყველაფერზე ვუქნიეთ თავი, რადგან მეც და ირაკლი ქომეთიანსაც საქართველოში გვინდოდა დაბრუნება.


- რომ შეწინააღმდეგებოდით, რა მოხდებოდა?

 

- არც გვიფიქრია ამაზე, არც გაგვირისკავს... ამის მერე მე და ირაკლიმ ვისაუბრეთ. თბილისშიც დავურეკეთ მეგობარს და ვიკითხეთ, რამე ხომ არ შეიცვალა... ყველა მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. ყველა გველოდებოდა.


- ლიდერებმაც იცოდნენ, წასული რომ იყავით?

 

- გააჩნია, ვისზე საუბრობთ: ლიდერია ჩემთვის ირაკლი ქომეთიანიც, გოგა არჩვაძეც, მარი კოხრეიძეც, ყველა ის, ვინც ჩვენთან ერთად დატოვა ორგანიზაცია. ეს ის ხალხია, ვინც ყველა აქციაზე წინა ხაზზე იდგა.


- ვგულისხმობ, ვთქვათ, კობა ხაბაზს...

 

- მასთან არ მისაუბრია, რადგან ის აუცილებლად მირჩევდა გაჩუმებას და არც ჩემს წასვლას გაამართლებდა მიშასთან. მიშამ კარგად იცის, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის შანსი ნულია და სწორედ ამიტომაც უნდა რევოლუცია. ის ამას საქართველოში დაბრუნების ერთადერთ შანსად მიიჩნევს...


- თქვენ საუბრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას გეგმავს. 5 ოქტომბერს პარტიამ აქცია დააანონსა. რა ინფორმაციას ფლობთ, რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა" 5 ოქტომბერს?

 

- მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემმა მეგობრებმა შემატყობინეს და რომლებიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ამ  ინფორმაციის თანახმად, 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა", თავისი სტილით, პროვოკაციების მოწყობას აპირებს. მათი ერთ-ერთი მთავარი გეგმა არის ის, რომ, როდესაც აქცია დაიწყება, როცა ხალხი შეიკრიბება, ხალხის  სიახლოვეს ააფეთქონ ე.წ. მაშხალები და ამის შემდეგ ხალხში შეიქმნება განცდა, რომ თითქოს ბომბი აფეთქდა. აქციის მონაწილეებში ეს აფეთქების ხმა გამოიწვევს ერთგვარ ჭყლეტას, არეულობასა და პანიკას. არის ალბათობა იმისა, რომ ვინმე დაშავდეს და ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა" დააბრალებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას". პროვოკაციების მოწყობასთან და მათ გაკეთებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის უნარს საზღვარი არ აქვს.


- ანუ 5 ოქტომბრიდან იწყებს რევოლუციური სცენარის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა"?


- მე ვსაუბრობ იმ ინფორმაციაზე, რომელმაც გამოჟონა „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან.  5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე უნდა მოხდეს პროვოკაციები და ერთ-ერთი გეგმა, რაც პარტიაში განიხილეს, არის ის, რაზეც ვისაუბრე.


- ანუ საკუთარ მხარდამჭერებს წირავენ დესტაბილიზაციის გეგმისთვის?


- ასე გამოდის. ამ ყველაფერს ნაციონალები დააბრალებენ მხოლოდ ხელისუფლებას. ისეთი საცოდავები და საწყლები არიან, თვითონაც  იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამ წაგებასთან დაკავშირებით აგებენ ამ გეგმას, რომელიც მე შემატყობინეს.


- რის ჩვენება უნდა ამ პროვოკაციით „ნაციონალურ მოძრაობას"?


- უნდათ აზრის შემოტანა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მომწყობია, რათა ხალხში შექმნან ხელოვნური ემოციური ფონი და ტალღა, თითქოს ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას ცდილობს. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა" აწყობს პროვოკაციებს. ეს არის გასაცოდავებული, დაბეჩავებული „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 8 ოქტომბერს  პოლიტიკური არეალიდან გაქრება. ეს ინფორმაცია მე მაქვს პარტიის ცენტრალური ოფისიდან.


- მმართველი ძალა თუ ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ?


- მე თქვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია. როცა ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდება, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც და, შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები მოახდენენ რეაგირებას ჩემს განცხადებაზე. მე, პირველ  რიგში, ვზრუნავ საზოგადოებაზე, რომ საზოგადოება იყოს საქმის კურსში და იცოდეს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს რამდენიმე დღეში. ხელისუფლებამ საზოგადოება უნდა გააფრთხილოს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ. ყველაზე მეტად რისიც მეშინია, არის ის, რომ... „ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ათას კაცსაც კი ვერ შეკრებს. 1000 კაციც  შეიძლება მოტყუებით მიიყვანონ, თუ ფულს გადაიხდიან და მოისყიდიან. დანარჩენი არის რეგიონებზე, რეგიონში უნდა მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, რომ „ნაცმოძრაობა" გეგმავს პროვოკაციებს.


- დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოჰყავთ რეგიონებიდან?


- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდებიან, ხალხი ჩამოიყვანონ და ამაში ფული დახარჯონ, ანუ ხალხს ფული გადაუხადონ.


- ვინ დგანან ამ პროვოკაციის სათავეში?


- კონკრეტული სახელები არ ვიცი, მაგრამ ეს მარტივია. ამ საქმეს ვერ გადაწყვეტს, სიტყვაზე, პრესსამსახურის თანამშრომელი. ამ საქმეს წყვეტენ პოლიტსაბჭოს უმაღლესი პირები, პარტიის ლიდერები და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება არ მოტყუვდება, შეხედავს სიმართლეს და ამ ბინძურ პოლიტიკურ გუნდს არ გაეკარება.


- პირველი, ვინც თქვენ სუს-თან კავშირში დაგდოთ ბრალი, თქვენი ყოფილი თანამებრძოლი, დავით გოგოხიაა...

 

- დათო გოგოხიამ გააკეთა ის, რაც მას კობა ხაბაზმა დაავალა.


- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ზონელები სხვანაირად ფიქრობენ და მზად არიან, მათაც დატოვონ ორგანიზაცია?

 

- როდესაც დაკითხვიდან გამოვედი, მე გავაკეთე განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობას" აუცილებლად დატოვებდნენ მისი წევრები. მეორე დღესვე, ას ოცმა წევრმა დატოვა პარტია სამგორის ორგანიზაციიდან. ეს არ არის მცირე რაოდენობა. მე ვიცი, რა განწყობაა იქ და ისიც ვიცი, რომ ეს პროცესი მარტო ამ ფაქტით არ დასრულდება.


- უკვე აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს დაპირისპირება ბოკერიას ფრთასა და სააკაშვილის ფრთას შორის. იქ ყოფნის დროს თქვენ ამას გრძნობდით?

 

- დაპირისპირება არის და ამას არავინ უარყოფს, თუმცა, თუ ვინმე ძალადობრივ გზას ეწინააღმდეგებოდა, ამის შესახებ ჩვენსავით ხმამაღლა უნდა გააკეთონ განცხადება, თორემ გულში რას ფიქრობენ, ეს არავის აინტერესებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ფაქტია და არც არავინ უარყოფს, რომ „თავისუფალი ზონისთვის" მიუღებელია ე.წ. ბოკერიას ფრთა, ამ ფრთისთვის კი, - „თავისუფალი ზონა". ისიც ვიცი, რომ ზონის წევრებს არ უნდათ დესტაბილიზაცია, უბრალოდ, კონკრეტული ფიგურები ცდილობენ ისინი მოტყუებით გაიყვანონ ქუჩაში.


- რამდენად საფრთხის შემცველია ის რესურსი, რაც „თავისუფალ ზონაში" დარჩა?

 

- ერთ ადამიანსაც შეუძლია სახელმწიფოს ზიანი მოუტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ უწყებები, რომლის პასუხისმგებლობაც არის უსაფრთხოება, ადეკვატურად იმოქმედებენ და აღკვეთენ ყველა მსგავს პროვოკაციულ იდეას.


- თქვენ თქვით, რომ კიევში არ შეეწინააღმდეგეთ სააკაშვილს, თქვენივე უსაფრთხოების გამო, აქ ხომ არ გრძნობთ რაიმე საფრთხეს?

 

- იყო ასეთი ფაქტი: „ნაციონალური მოძრაობიდან" მომიგზავნეს ერთი ადამიანი, რომელმაც დამიწყო საუბარი ასე: მე გირჩევ, აღარ გააკეთო განცხადებები. მესმის, შეიძლება, სიმართლესაც ამბობ, მაგრამ გირჩევთ, ამაზე არ ისაუბროთ, რადგან ჩვენ შემდგომი სხვანაირად დაგწამებთ ცილს.


- ასე მოხდა კიდეც, ისიც ითქვა, თითქოს უკრაინაში საერთოდაც არ ყოფილხართ...

 

- პირველი ბრალდება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წამიყენა, ის იყო, რომ თითქოს უკრაინაში საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი... მერე ერთი დღე იფიქრეს და მიხვდნენ, რა სისულელე თქვეს. ამიტომ შემდეგი ბრალდება იყო, თითქოს უკრაინაში ერთი დღით ჩავედი და იმავე დღეს დავბრუნდი. მესამე ვარიანტი ჰქონდათ, რომ ჩავედი, დავრჩი, რამდენიმე დღე, მაგრამ მიშა არ მინახავს... მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. მე მაქვს პასპორტი, სადაც ფიქსირდება საზღვრის კვეთა. ისიც ჩანს, რომ 5 დღე ვიმყოფებოდი უკრაინაში 18 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე... მთავარი იცით რა არის? ქუჩაში რომ გავდივარ, უცხო ხალხი მეუბნება მადლობას. ასეთი სწორი ნაბიჯი რომ გადადგიო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ოფისიდან პირდაპირ მანქანაში სხდებიან და ქუჩაში საერთოდაც ვერ გადიან. ასე რომ, შიში და მსგავსი შეგრძნებები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაშია".

 

მარიამ ნადირაძე

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner