logo_geo
eng_logo
ბესო ხომერიკი: მე და ჩემს მეგობრებს სააკაშვილისთვის შეკითხვა უნდა დაგვესვა, ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებდით...
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:47


 

ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს ბესო ხომერიკსა და მის მეგობრებს ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მისმა მხარდამჭერებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:


- მეგობარმა შემატყობინა, რომ სააკაშვილი თავის მომხრეებს მანჰეტენზე, უკრაინულ ეკლესიაში ხვდებოდა. გადავწყვიტე, ჩემს ორ მეგობართან ერთად მივსულიყავი და რამდენიმე შეკითხვა დამესვა. შენობაში ხუთი წუთის შესულები არ ვიყავით, რომ რამდენიმე კაცი მოგვიახლოვდა და გვითხრეს - თქვენთან სალაპარაკო გვაქვს, გვერდზე გავიდეთო. რაშია საქმე-მეთქი? თქვენ ნაციონალების ამომრჩევლები არ ხართ, ჩვენ პრეზიდენტს ვხვდებით და აქაურობა დატოვეთო. ვუპასუხე - ვისი ამომრჩეველიც ვარ, საარჩევნო ყუთთან გადავწყვეტ, ხოლო, რაც შეეხება აქ მოსვლას, ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა, ეს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და თქვენ ვერ დამიშლით აქ ყოფნას, ეკლესიიდან მაგდებთ-მეთქი? მათ სახლში რომ შევჭრილიყავი, უფლება ჰქონდათ, გარეთ გავებრძანებინე, მაგრამ არა ეკლესიიდან. ჯიკავი დამიწყეს. ვინც პროვოკაცია მოაწყო და ხელით შემეხო, შენობაში შევარდა, ხოლო გარეთ მყოფებმა ჩხუბი აგვიტეხეს. მერე, ნერვებაშლილებმა, ჩვენც გინება დავიწყეთ. პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ ჩვენ მათ მოსვლამდე წავედით. აქ ამდენს ბედავენ და წარმომიდგენია, 2012 წლამდე მანდ რას შვრებოდნენ.


- როცა ინციდენტი მოხდა, სააკაშვილი სადიყო, რა შეკითხვა უნდა დაგესვათ?

 

- ჩხუბის დასრულების მერე ორ წუთში მისულა. ჩვენ უკვე წასულები ვიყავით. ნაციონალურ მოძრაობას თუკი იმის პრეტენზია აქვს, რომ დასავლური პარტიაა, აზრის გამოთქმას რა უფლებით მიკრძალავს? სააკაშვილი ჩემი სამშობლოს პრეზიდენტი იყო და შეკითხვა რატომ არ უნდა დამესვა? ამერიკის ელჩის იან კელის აზრით, საქართველოში სამაგალითო საარჩევნო სისტემაა და ასეთ წინასაარჩევნო ვითარებას ამერიკაშიც ინატრებდა. ეს ამერიკის პოზიციაა და არა კელის პირადი აზრი. ამას გარდა, გამოცემებმა „ჰუმან რაითს ვოჩმა" და „ამნესტი ინტერნეიშენელმა" განაცხადეს, საქართველოში დღეს სასამართლოს თავისუფლება არნახულ დონეზეაო. სააკაშვილისთვის უნდა მეკითხა - იურისტი კაცი ხარ, მაგრამ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, სასამართლოში რატომ არ ცხადდები და რატომ არ ამტკიცებ შენს უდანაშაულობას-მეთქი?


- სააკაშვილის მხარდამჭერი რამდენი კაცი იყო შეკრებილი?

 

- 200 კაცამდე. ეს არის სექტა, რომელიც სააკაშვილზე ლოცლობს. თავს დაგვესხა, ალბათ, 20-30 კაცი - სააკაშვილის დროინდელ ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი ტიპები, სააკაშვილივით გიჟის თვალები რომ ჰქონდათ.


- სააკაშვილს შეხვედრაზე უთქვამს, არჩევნებს ზუგდიდშიც ვიგებთ და ქუთაისშიცო, თანაც, თურმე, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

 

- ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში ნაციონალებმა ოდესმე არჩევნები მოიგონ. სამარცხვინოდ წააგებენ, ბარიერის ზღვარზე დარჩებიან. არჩევნებზე აუცილებლად ყველა უნდა მივიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. ნათქვამია - ცუდ მთავრობას ის ხალხი ირჩევს, ვინც არჩევნებზე არ დადისო. რაც შეეხება სააკაშვილს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩამოვა - როცა ჩამოასვენებენ. თავისი სურვილით ეგ ციხეში არ ჩაჯდება. მისი მხრიდან არჩევნების მოგებაზე ლაპარაკი კი წინასაარჩევნო ბოდიალია, მეტი არაფერი!


- სააკაშვილთან შეხვედრა რამდენ ხანს გაგრძელდა?

 

- ალბათ ერთი საათი. ვიღაც გაურკვეველი ტიპები დაჰყვებოდნენ, ალბათ, უკრაინიდან, იციან, როგორი კურდღელიც არის.


- სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკაში რა შეფასებები კეთდება?

 

- სააკაშვილისა და უკრაინის თემა ძალიან ცუდად შუქდება, ეს ისევე აინტერესებთ, როგორც მე - წყალდიდობა ბანგლადეშში. ეს მანდ ახსენებენ გამუდმებით სააკაშვილს და აგინებენ. ასევე ახსენებენ, მაგალითად, მაია ორჯონიკიძეს, რომელსაც ტელევიზიაში იმიტომ ეძახიან, რომ ხალხმა აგინოს. თუ არ აგინებენ, ტელევიზიაშიც აღარ დაუძახებენ. რაც შეეხება მმართველ წრეებს - სააკაშვილს ადრე „შუქურას" რომ უწოდებდნენ, ახლა უჭირთ აღიარება, რომ ნაგავი იყო.


- ამბობს, შევიცვალეო...

 

- ადამიანი 14 წლის მერე აღარ იცვლება. თუ შეიცვალა, მაშინ ბერად აღიკვეცოს. ძალაუფლების მანიით არის შეპყრობილი და ბურკინა ფასოშიც რომ დაუძახონ პრეზიდენტად, წავა. სანდრასაც არაფერი გამოუვა, სპეცსამსახურის თანამშრომელია და თავის როლს თამაშობს: ვერ გავიგე, საქართველო ახლა შეუყვარდა? დანაშაულს ჩავდიოდი და აღარ ჩავიდენო - დანაშაულს თუ აღიარებს, მაშინ პროკურატურაში წავიდეს და განცხადება დაწეროს.


- ამერიკაში ქართული დიასპორა ვის უჭერს მხარს?

 

- აქ ნაციონალები მოიგებენ, ჩვენებს ხელის განძრევა არ უნდათ, ესენი კი ყველა არჩევნებზე სრული შემადგენლობით დადიან. საპრეზიდენტო არჩევნებიც, მარგველაშვილს როდესაც ირჩევდნენ, აქ წავაგეთ, მაშინ კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. 2012 წელს სისხლი ჩავაქციეთ და რქებით გავიტანეთ ის გამარჯვება. მესმის, რომ „ქართულ ოცნებაზე" ბევრია ნაწყენი, მაგრამ, როცა ასეთ სექტასთან გვაქვს საქმე, თავი არ უნდა დავზოგოთ და უკან არ უნდა დავიხიოთ!

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner