logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პაპავა: გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ თსუ-ში არეულობა
- +

15 მარტი. 2016. 17:11


„ყველას, მათ შორის ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც სხვაგან მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში, მოვუწოდებ, დატოვონ ტერიტორია",- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპავამ აქვე მისი გადადგომის მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.


„არ ვაპირებ გადადგომას. ავუხსენი მათ, რა სიტუაციაც არის. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რა ფორმაც აირჩიეს. რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მივეცი მათ პირობა, რომ მათზე რაიმე ზეწოლა, ზეგავლენა დაცვის სამსახურის  ან პოლიციის მხრიდან არ განხორციელდება. მათ არავინ არ დაარბევს", - აღნიშნა პაპავამ.


ლადო პაპავას აზრით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ თსუ-ში არეულობა, რათა შემდეგ ქაოსი გადაედოს მთელ ქვეყანას.


„ეს ძალები არსებობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე  ქვეყნის გარეთ. ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც უნივერსიტეტი უყვარს, არავის უნდა დესტაბილიზაცია", - აღნიშნა პაპავამ და აქვე დასძინა, რომ აუცილებლად უნდა მოიძებნოს საერთო შესაძლებლობები ვითარების განსამუხტად.


პაპავამ დაცვის სამსახურის მუშაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცვის სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თავისი მოვალეობების შესრულებას.


„ჩვენ არ გვყავს დიდი რაოდენობის დაცვის თანამშრომელი, ამიტომ მოგვიწია პოლიციის გამოძახება, რადგან მარტო დაცვის სამასხური ვერ უზრუნველყოფდა ახალგაზრდების დაშორიშორებას. მოშიმშილე სტუდენტებს ვუთხარი, რომ ეს მათი უფლებაა.  არავინ  აპირებს მათ ოთახიდან გაშვებას, ჩვენ ახლაც შევთავაზეთ წყალი, რაც არის საჭირო შიმშილობისთვის, ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებიან. საუბარს და დიალოგს ვაგრძელებთ",  - აღნიშნა პაპავამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner