„თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის („ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავი) განცხადებით, მათ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან მიიღეს დავალება, რომ არჩევნების შემდეგ პროვოკაციები უნდა მოეწყოთ:
- არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობა" დესტაბილიზაციას ამზადებს. სწორედ ეს სცენარი განიხილებოდა, როდესაც „თავისუფალზონელებს" კონკრეტულ დავალებებს გვაძლევდნენ. კერძოდ, ლიდერები გვეუბნებოდნენ, არჩევნების შემდეგ თბილისის პარალიზება აუცილებელია და საკუთარი ავტომობილებიც უნდა დაწვათო. მიუხედავად იმისა, რომელ ძალას ვუჭერთ მხარს, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე ვფიქრობთ - ვიღაცების პოლიტიკურ ამბიციებს სახელმწიფოს მომავალს არ შევწირავთ. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავალების შესრულებაზე უარი განვაცხადეთ და „თავისუფალი ზონა" დავტოვეთ.
- კონკრეტულად, რომელი ლიდერებისგან იღებდით მსგავს დავალებებს?
- თითქმის ყველა თათბირზე ერთი და იგივე ტექსტი გვესმოდა - არჩევნების შემდეგ თბილისში „კიევური მაიდანი" გვჭირდებაო. ამ სცენარს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილი, კობა ხაბაზი და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები გვაცნობდნენ. მაგალითად, დაგვავალეს, რომ ავტომობილები კანცელარიასთან და თბილისის ცენტრალურ ნაწილში უნდა დაგვეწვა. სხვათა შორის, იქვე ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ კომპენსაციას "ნაციონალური მოძრაობა" მოგვცემდა. სხვა ფულად გარანტიებსაც გვპირდებოდნენ, რომ უკან არ დაგვეხია, მაქსიმალურად ჩავრთულიყავით, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების სცენარში.
დღეს ჩვენ საფრთხე გვემუქრება. თუ ჩემსა და ორგანიზაციის სხვა, უკვე ყოფილ წევრებზე ძალადობა განხორციელდა, პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას" დაეკისრება.
რუსუდან შელია