logo_geo
eng_logo
ანზორ მაისურაძე: დიახ, პროვოკაცია ნაცებმა მოაწყვეს! მათ გაწირეს გივი თარგამაძე!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 18:09



წუხანდელი „ტერაქტის" შეფასება „რეპორტიორმა" „ცხელ კვალზე" უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძეს სთხოვა:


- ის, რაც წუხელ კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა, გაცხელებული ტვინების მიერ არის განხორციელებული.


ტელესივრცის ოკუპანტები, რომლებიც საერთოდ, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიან, ნაცებზე ვლაპარაკობ, ერთხმად აცხადებენ, რომ „ტერაქტი" ხელისუფლების მოწყობილია.


გამორიცხულია! რადგან პირველი დასკვნა, რომელიც ამ შემთხვევაში ობივატელს აზრად მოუვა, მმართველი პარტიისკენ ხელის გაშვერა იქნება.


ასეც მოხდა.


მაშ, რა გამოდის: ხელისუფლებამ თავისი ყელის გამოსაჭრელი დანა თვითონ მიაწოდა აგრესიულ ოპონენტს და ხელი შეუწყო საზოგადოებრივი აზრის „ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ წარმართვას. და, ამასთან ერთად, - ტერაქტების მქადაგებლის - გივი თარგამაძის გმირად, ხალხისთვის წამებულ რაინდად გამოცხადებას? გაიხსენეთ უკრაინაში წლების წინ მყოფი თარგამაძის მონაწილეობით ჩატარებული საუბრის აუდიოჩანაწერი,  რომელშიც იგი იუშჩენკოს ხელისუფლების კონკრეტული ოპონენტის ფიზიკური ლიკვიდაციის განსახორციელებლად მოუწოდებს თანამოსაუბრეებს, რისთვისაც გარკვეული თანხის გადახდასაც ჰპირდება.


- ე.ი. თქვენ გამორიცხავთ დღევანდელი ხელისუფლების მონაწილეობას წუხანდელ ინციდენტში?

 

- დღევანდელისას - კატეგორიულად გამოვრიცხავ, ყოფილი ხელისუფლების შესახებ კი აი, რას გეტყვით: უშიშროების ორგანოებში ჩემი ხანგრძლივი მუშაობის პრაქტიკაში არ მახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე მთავრობას ასეთი უაზრობა, ასეთი სისულელე ოდესმე ჩაედინა.


გამონაკლისი სააკაშვილის პრიმიტიულად მოაზროვნე და ბოროტი ხელისუფლება აღმოჩნდა, რომელიც მზად იყო საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაეწირა თავისი ქვეყნის მოქალაქეები.


გაგახსენებთ ხურჩის ინციდენტს, რომელიც ყოფილებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, გალის რაიონიდან ჩამოსულ ადამიანებს მოუწყეს სოფელ ხურჩასთან. ხოლო ამ პროვოკაციის მსვლელობა გადააღებინეს წინასწარ მიწვეულ ტელეოპერატორებს, ოკუპანტების მოწყობილ „ტერაქტზე" პირდაპირი მინიშნებით.


ერთ რამეში ჩაიჭრნენ მაშინ ეს ავანტიურისტები. ვერ გათვალეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული არაპროფესიონალი მარტივად დაადგენდა, რომ ცეცხლი ზუგდიდის მხრიდან გაუხსნეს და არა ენგურის გაღმა ნაპირიდან.


ახლა გუშინდელ ინციდენტს დავუბრუნდეთ, უფრო ზუსტად, ისეთ ოპერატიულობას, რომელიც შემთხვევის კვალზე დაუყოვნებლად გამოჩენილ ტელევიზიებს და 5 ოქტომბერს, ნაშუადღევს სარფიდან 5 კილომეტრში მიხეილ სააკაშვილის მოვლინებას უკავშირდება - ტყუილსა თუ მართალს, ეს კიდევ დასადგენია.


შემთხვევით ასეთი რამ არ ხდება: საქმე გვაქვს დეტალურად დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციასთან.


- აფეთქების კონფიგურაციის შესახებ რას ფიქრობთ?

 

- ახლა ბევრი იჩემებს ექსპერტობას და აცხადებს, რომ აფეთქება დისტანციურად იყო მართული. მაგრამ გამორიცხული არ არის სითბური ეფექტის პრინციპი, ან სხვა მეთოდი. ამ ეტაპზე დაჟინებით რამის თქმა შეუძლებელია.


უეჭველი პროფესიონალების მონაწილეობაა, რომლებსაც ზუსტად ჰქონდათ გათვლილი აფეთქების ძალა, მიმართულება, ისეთი, რომ არ დაზარალებულიყვნენ მანქანის პირველ სავარძელზე მსხდომნი. თუმცა ვერავინ ვერ გამორიცხავდა გაუთვალისწინებელი ფაქტორების ზემოქმედებას.


- ე.ი. გაწირეს გივი თარგამაძე?

 

- სავსებით შესაძლებელია...


ასეთია ჩემი ვარაუდი, რომელიც, ვფიქრობ, სიმართლისგან მაინცდამაინც შორს არ უნდა იყოს. ვინ და რა მიზნით მოაწყო ეს პროვოკაცია, ვინ დაიქირავა აფეთქების მომწყობი პროფესიონალები, ამას მხოლოდ გამოძიება დაადგენს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner