ორიოდე დღის წინათ სენაკში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერი აქცია ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის რამდენიმე შეკითხვამ ჩაშალა! დედა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა ერთადერთი შვილი მოუკლა, ექსპირველ ლედის თვალებში ჩახედვას სთხოვდა! ვერ გეტყვით, არ თუ ვერ ჩახედა რულოვსმა მის წინ მდგარ ია მეტრეველს თვალებში, მაგრამ მან, როგორც პოლიტიკოსმა, უკანასკნელი შანსი დაკარგა - ჩვეული მიამიტური სიყალბითაც ვერ შეძლო, თუნდაც თავისი „სამაგალითო" ქმრის გამო ხმამაღლა მოეხადა ბოდიში:
- აღშფოთებული ვარ, სანდრა რულოვსი დღეს ზუგდიდში მაჟორიტარად რომ იყრის კენჭს. გაღიზიანება ვეღარ დავმალე, როცა მისი ბოლო ინტერვიუები მოვისმინე. თურმე, მიშას თვალებში ჩაუხედავს და დაუნახავს, რომ ქვეყანაში აღარ იქნება ძალადობა, აღარ მოკლავენ და აღარ გააუპატიურებენ ადამიანებს. მინდოდა, ახლა ჩემთვის ჩაეხედა თვალებში. მაინტერესებდა, რას მეტყოდა მე, ია მეტრეველს, რომელსაც ერთადერთი შვილი მომიკლეს!
მე და გულიკო გამცემლიძე, რომელსაც ასევე ანგელოზივით შვილი გამოუსალმეს სიცოცხლეს, საგანგებოდ ჩავედით სენაკში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერ აქციაზე. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, ჩაილუღლუღა - საჯაროდ გაგცემთ პასუხსო. ხალხს კი მიუბრუნდა და განუცხადა - სუფთა ხელებით მოვდივარო, რომელი სუფთა ხელებით, ყელამდე სისხლში რომ აქვთ ჩაფლული? ისე დაიბნენ, წესიერად ღონისძიება ვეღარ გააგრძელეს და მალევე დაიშალნენ.
- აქციის წევრების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა თქვენს გამოსვლას?
- გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული ხალხი სამარშრუტო ტაქსებით სხვადასხვა სოფლიდან ჰყავდათ მოყვანილი. ჩვენი თვალით დავინახეთ, როგორ ჩაუჯიბეს ვიღაც კაცს ფულები, უბრალოდ, ამის დაფიქსირება ვიდეოკამერით ვერ მოვასწარით. აქციის მონაწილეებმა ჩვენ მიმართ დიდი აგრესია გამოიჩინეს, მანქანის მინა დაგვიზიანეს. სიამოვნებით გაგგვლეჯდნენ შუაზე, საშუალება, რომ ჰქონოდათ. გამოგვეკიდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ყვიროდნენ - რა გინდათ სანდრა რულოვსისგან, ნაციონალები გაიმარჯვებენო. აქეთ მეუბნებოდნენ - რამდენი მოგცეს ფულიო, არ დაგიმალავთ, ძალიან შემეცოდნენ.
- აქციის დაშლის შემდეგ რულოვსმა კომენტარი გააკეთა, ამ ყველაფერთან მე რა შუაში ვარო...
- გუშინ სხვა რამეს ამბობდა - მიშა გვირაბს გათხრის და მაინც ჩამოვა, ჩვენ ვართ, რაც ვართო. ახლა თურმე, არაფერი აქვს საერთო მიშასთან! ამ ქალს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, იმ შეურაცხყოფას ვერ აიტანდა, რასაც სააკაშვილი აყენებდა. ეს ხომ მთელმა საქართველომ და მსოფლიომ იცის?!
სანდრა რულოვსს ხმის ამოღების მორალური უფლება არა აქვს. სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს რომ თავი დავანებოთ, მარტო თავისი ცოდვები და დანაშაულები ეყოფა. მის წინააღმდეგ ჩვენებებია მიცემული და მალე გამოძიებაც დაიწყება.
- აქციაზე კიდევ დაგრჩათ რამე მისთვის სათქმელი?
- სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ კი არ უნდა დაწანწალებდე, მუხლმოდრეკილი უნდა ევედრებოდე უფალს, რომ თქვენი ცოდვები შვილებზე და მომავალ თაობებზე არ გადავიდეს!! მისთვის ამის თქმაც მინდოდა... რას ჰქვია, მიშა მეტს აღარ იზამს და შეცდომებს გამოასწორებს?! გგონიათ, რომ მხოლოდ შეცდომა დაუშვით, რომელიც შესაძლოა, მომავალში გამოსწორდეს?! თუ ასეა, მაშინ გამიცოცხლეთ ჩემი შვილი!
- გჯერათ, რომ პასუხს აგებენ წლების წინათ ჩადენილ დანაშაულებზე? მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა თავის განცხადებაში ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობს!
- ერთი ჩამობრძანდეს საქართველოში, თუ ციხეში არ აღმოჩნდება, მაგასაც ვნახავთ. არ ვიცი, რა მაძლევს იმედს, მაგრამ მჯერა, რომ ვერც უფლის და ვერც ამქვეყნიურ სასამართლოს ვერ გაექცევიან. მალე დადგება ის დღე, როცა ესენი სიმაღლის მიხედვით ჩაეყრებიან ციხეში!
ნაციონალების ხსენება რომ აღარ იქნება, აი, მერე დაიწყება ამ ქვეყნის აღორძინება!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი