ავტორი ალა გრიგალაშვილი
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები გარედან მართული პროცესია, რომელიც შეგნებულად მიზნად ისახავს ქაოსის მოწყობას, უნივერსიტეტის განადგურებას.
„უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გარედან მართულია და მიმართულია უნივერსიტეტის დანგრევისკენ. კანონი არ გვაქვს უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც დაარეგულირებდა, მოაწესრიგებდა უნივერსიტეტის ცხოვრებას. სწორედ განათლების სისტემის ბრალია, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება. ეს არის სისტემა, რომელიც სპობს და ანადგურებს ქართულ განათლებას. მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობა, ეს იყო სააკაშვილის დაკვეთა, რომელმაც მოინდომა უმაღლესი სასწავლებლების განადგურება... უნივერსიტეტიდან განდევნეს პროფესიონალი კადრები და მორეკეს უმეცარი, უწიგნური ხალხი. თეა თუთბერიძის მსგავსი ხალხი რომ პროფესორი ხდება, ეს დიდი უბედურებაა", - განაცხადა ჯაველიძემ.
აკადემიკოსი სტუდენტთა პროტესტს გამართლებულად მიიჩნევს. „ლორთქიფანიძე და მასთან ერთად სხვა სტუდენტები ითხოვდნენ სწორს - ამ ახალგაზრდას, გიორგი გაფრინდაშვილის, 28 წლის ბიჭის, რომელსაც ძალიან ცუდი წარსული აქვს და რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უშიშროებასთან, კანცლერობა არ შეიძლებოდა. დღეს უნივერსიტეტს მართავს კანცლერი და არა რექტორი. რექტორს აღარ აქვს იმდენი უფლება რამდენიც კანცლერს. დღეს ნაციონალები ყველა დონეზე არიან. სწორედ მათი კანდიდატურა იყო გაფრინდაშვილიც", - განაცხადა ჯაველიძემ.
აკადემიკოსის თქმით, არამარტო უნივერსიტეტში, ზოგადად ქვეყანაში, არეულობის მოწყობა ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სურვილია.
„პროცესების შეგნებულად არევა არამარტო უნივერსიტეტში, არამედ ზოგადად, ყველა სფეროში ხდება. ამ ყველაფერს ვინც მართავს, ოდესაშია ის კაცი. სურს, ამ არეულობას მოჰყვეს მაიდანი, მაგრამ მაგას ვერ მოესწრება", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ჯაველიძემ.