ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
1979 წლის დასაწყისია.
სახელმწიფო ტელევიზია, ანუ, ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს გადაცემათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ქართულ ფოლკლორს და რომელიც მაშინვე მოინათლა „ვახუშტი კოტეტიშვილის გადაცემებად".
სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ არ იყო ეს მარტო (!) ვახუშტის გადაცემები. იდეა, მისი განხორციელება დაკავშირებული გახლდათ ფილარმონიის მაშინდელ ხელმძღვანელთან დორიან კიტიასთან, რომელიც მერე აიტაცეს ვახუშტიმ, უნიჭიერესმა ფოლკლორისტმა ლექსო ჭინჭარაულმა, ტელეჟურნალისტმა მარიკა ბაქრაძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ გადაცემათა მთავარ რედაქციას და... რა თქმა უნდა, ტელევიზიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, რომლის ძალისხმევით ამ წამოწყებას მიეცა ისეთი მასშტაბები, რომ თაობებს დღემდე ახსოვთ ეს ლეგენდად დარჩენილი „ქართული ფოლკლორის საღამოები", ანუ „ვახუშტი კოტეტიშვილის გადაცემები"...
როცა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ზურაბ ჟვანიას ხელშეწყობით მოინდომეს ამ იდეის გაცოცხლება, ერთი-ორი „გაფართხალების" შემდეგ იდეა ჩაკვდა, რამეთუ...
მიზეზებზე სხვა დროს!
დღეს სულ სხვა საბაბი მაქვს გახსენების და ამაზე ცოტა ქვემოთ.
ამ გადაცემებმა „აღმოაჩინა" ფანტასტიკური, ორიგინალური ტალანტის მქონე არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა თუ ჭარმაგი თანამემამულე, ძირითადად მთიდან (თუმც არც ბარი იყო „ღარიბი" ასეთი მარგალიტებით). მთელ საქართველოს პირზე ეკერა მათი სახელები და თვალცრემლიანი, სიხარულით სავსე გულებით ითხოვდნენ არა მარტო ამ გადაცემების გამეორებას, არამედ ახალ-ახალი სახეების აღმოჩენა-გამომზეურებას.
ამაზე კარგი რა უნდა გვეკეთებინა და ჩვენც სულს და გულს ვდებდით ახალი ტალანტების ძიებაში.
ასე ნახა პირველად საქართველომ აბსოლუტურად უნიკალური, უნიჭიერესი და გამაოგნებელი თუში გოგონა, რომელსაც დღეს აღიარებულ პოეტად იცნობს ქვეყანა და რომლი გვარ-სახელი გახლავთ ეთერ თათარაიძე!
მას შემდეგ 37 წელი გავიდა.
მის პოეზიაზე, მის მეცნიერულ საქმიანობაზე, მის შესანიშნავ ოჯახზე არ ვსაუბრობ დღეს, უბრალოდ, მინდა ერთ „ფაქტი"" გავიხსენო, რომელიც მეტყველებს მაშინდელი საზოგადოების და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ტალანტებისადმი...
ერთი სიტყვით, ეთერი იმდენად მოულოდნელი და კაშკაშა ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომ მისი მომავალი ჩვენი საფიქრალი გახდა. ცალსახად მიგვაჩნდა: ეთერის მომავალი სწავლასთან, პოეზიასთან, ფილოლოგიასთან, ანუ დედაუნივერსიტეტთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად მაშინდელი (თქვენ წარმოიდგინეთ, მეტ-ნაკლებად ახლანდელიც) მისაღები გამოცდების რეალობიდან გამომდინარე, ალვანელი გოგონა კონკურენციას ვერ გაუწევდა კერძო რეპეტიტორებთან მომზადებულ თანატოლებს, თუნდაც, უცხო ენაში, რაც მინიმუმამდე წევდა უმაღლეს სასწავლებელში მისი ჩარიცხვის შანსებს. ერთადერთი გზა - უნივერსიტეტში მისი ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო გამონაკლისის წესით.
მახსოვდა, რომ ამ გზას იყენებდა ლეგენდარული ნიკო კეცხოველი, როცა დედაუნივერსიტეტს რექტორობდა. და ნოდარ დუმბაძის, მუხრან მაჭავარიანის, არჩილ სულაკაურის, რეზო ინანიშვილის და სხვა „სამოციანელთა" თაობის გამორჩეულ შემოქმედთა ბიოგრაფიები ამის მაგალითად გამოდგებოდა. ჰოდა, ასე „თეორიულად" მომზადებულმა დავიწყე ვიზიტები...
პირველი სტუმრობა - თსუ რექტორთან. სითბო, სიყვარული, კეთილგანწყობა, საჩუქარი (უნივერსიტეტის ატრიბუტიკა) და... უარი!
-კი, ყველაფერი მესმის, მაგრამ... ვერ გავაკეთებ, კანონი კანონია!
მეორე ვიზიტი - უმაღლესი განათლების მინისტრთან! განმეორდა ყველაფერი ლამაზად, მაგრამ...
-კი, ყველაფერში გეთანხმები, მართლაც ტალანტია, მაგრამ... ამ პრეცედენტის დაშვება არ შემიძლია, კანონი კანონია!
შემდეგი ადრესატი - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე... აბსოლუტური გაგება, თანაგრძნობა, მაგრამ... კანონი კანონია!
დარჩა ერთი კაბინეტი. ცეკას პირველი მდივანი. შევარჩიე დრო, განწყობა და... მოვუყევი ყველა ვიზიტის შესახებ და მივანიშნე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ... „ყველა გზა რომში მიდის!"
-ესე იგი, ყველა კანონმორჩილია და მარტო მე უნდა დავარღვიო ეს კანონი?
-მარტო თქვენ არა, ჩვენ ორნი ვართ... „დიდო სტალინ, მიითვალე ანგარიშში!" (შევახსენე სტრიქონი ბავშვობისდროინდელი პოპულარული ლექსიდან)...
-წერილი თან გაქვს?
რა თქმა უნდა, მოუმზადებელი არამცთუ არ ვიყავი, ველოდი კიდეც ამ შეკითხვას და ყოველმხრივ არგუმენტირებული, ისტორიული პარალელებით აღსავსე და მოსალოდნელი მორალურ-პოლიტიკური დივიდენდებით დახუნძლული „არზაც" მივაწოდე...
კომპლიმენტთან ერთად სასურველი რეზოლუციაც (რომლის მსგავსი თხოვნა - არა დავალება, არამედ თხოვნა, მინისტრისადმი არც მანამდე და არც მერე არასოდეს მინახავს) მივიღე და რჩევა: მოდი, ეს ჩემი რეზოლუციანი წერილი კანცელარიაში გატარების გარეშე (სიფრთხილეს ხელმწიფის ტოლი კაციც იჩენდა) გადაეცი მინისტრს. თანაც ხუმრობით დაამატა, მამაშვილური ურთიერთობა გაქვთ და „ოჯახში" შეგეძლოთ ამ საქმის მოგვარებაო...
ყველაფერი ეს ხდება ივლისის ბოლო დღეებში. მინდოდა, გამოცდების დაწყებამდე (1 აგვისტომდე) მომეგვარებია ეს საქმე... მაგრამ, მინისტრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ეს პრეცედენტი არ დაიმალება, ვნებათაღელვას გამოიწვევს და უამრავი ნაღდი თუ „ყალბი" ტალანტის მშობელი მოგვაწყდება და... უხერხულ დღეში ჩავაყენებთ ხელმძღვანელობას და საკუთარ თავსო.
რაღა ვქნა. ტაქტიანად მივაწექი. თანაც „დავემუქრე", ტელევიზიით მივმართავ საზოგადოებას და მხარდაჭერას ვთხოვ-მეთქი. სულ გააფუჭებ საქმესო, მივიღე პასუხად.
აიღო და ტელეფონით დაუკავშირდა ცეკას პირველ მდივანს. ტაქტიანად აუხსნა, რომ მისი „თხოვნის" შესრულება ასე მარტივად არ შეეძლო... არ ვიცი „ზემოდან" რა პასუხი მიიღო, მაგრამ ის კი მითხრა, ასეთი რა „აჭამე" პირველ მდივანს, რომ ასეთ ანგარიშს გიწევსო... ვეუბნები: „ტალანტი - ერთი! ფოლკლორი - ორი! ეროვნული მუხტის მხარდაჭერა - სამი! პოლიტიკური დივიდენდი - ოთხი! და, ტელერადიოკომიტეტის მხარდაჭერა - ხუთი! ცოტაა?!"
გაეცინა. ცოტა ხანს მაცალეო...
23 თუ 24 აგვისტოა. ზარი. მირეკავს მინისტრი და მითანხმდება სტუმრობაზე, საქმე მაქვს, მინდა, გამოგიაროო... ყოველთვის სასურველი და სასიხარულოა ამ უღირსეულეს ადამიანთან ურთიერთობა. დავხვდი ცენტრალურ შემოსასვლელთან, რასაც წესისამებრ, იშვიათად ვაკეთებ. აბა, ცივი „ბორჯომი"... ერთმანეთის მოკითხვა და. მაწვდის საქაღალდეს. ვკითხულობ მინისტრის ბრძანებას, რომელიც ავალებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გამონაკლისის წესით ჩარიცხოს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტად ეთერ თათარაიძე. თანაც, საფუძვლად მითითებულია ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა. და ჩამოთვლილი ყველა ის თანამდებობის პირი, ვისთანაც შეათანხმა ეს „უკანონობა"... ერთი სიტყვით, ეშაფოტზე გასაყვანი სიის თავში მე გახლდით.
თავი ვერ შევიკავე და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს და უახლოეს უფროს მეგობარს და კოლეგას გადავეხვიე.
ამით არ მთავრდება ეს ისტორია.
სასწრაფოდ მოვიკითხე ვახუშტი კოტეტიშვილი, ასევე ეთერ თათარაიძე. საღამო ხანია და საცაა „მოამბე" უნდა დაიწყოს. ორივენი შეჰყავთ პირველ სტუდიაში...
არც ვახუშტის, არც ეთერს მათი სასწრაფო „მობილიზაციის" მიზეზს არ ვუმხელ. არ იცის არც რედაქციამ, რაშია საქმე. ერთადერთი, რასაც ვავალებ რეჟისორს, თათარაიძის „მსხვილ პლანს", როცა...
ყველაფერი მზად არის. შევდივარ და ვახუშტის ვუჩურჩულე „ახალი ამბავი" და ვაფრთხილებ: თათარაიძეს ეს „სიურპრიზი" მოუწყოს პირდაპირ ეთერში.
ვახუშტის ვინც ვიცნობდით, კარგად ვიცით მისი „ნაღდი შოუმენობაც". ეს „დავალება" პროფესიულად შეასრულა და... მთელმა საქართველომ გაიზიარა ეთერის მოულოდნელი სიხარული!
... ამ ერთი წლის წინ, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე თათარაიძე-არაბულის „დუეტს" შევხვდით და ეს „სცენაც" თბილად გავიხსენეთ, ოღონდ, რაც ზემოთ მოვყევი, ეს თათარაიძემ დღემდე არ იცის და ახლა გაიგებს.
და მოგონება საჩუქრად მიიღოს საკუთარ დაბადების დღეს! და საღამოს, როცა ოჯახურ წრეში აღნიშნავენ ამ ბედნიერ დღეს, მადლიერებით გაიხსენოს ის ადამიანები, ვისაც გულწრფელად გაუხარდა მისი „გამონათება" ქართულ პოეზიისა და ტელევიზიის სივრცეში. და ვინც ასე ფაქიზად და დაბეჯითებით უჭერდა მხარს მის ნიჭს. და არა მარტო მისას...
მე კი ზეციურ საქართველოში მადლობას ვუთვლი მართლა უღირსეულეს მოღვაწეებს - მინისტრს დავით ჩხიკვიშვილს, რექტორს - აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას, ედუარდ შევარდნაძეს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ პატარიძეს, ვახუშტი კოტეტიშვილს, ლექსო ჭინჭარაულს...
მადლობა არა მარტო ეთერ თათარაიძის ნიჭიერების გამომზეურების გამო, არამედ იმისთვისაც, რომ მქონდა ბედნიერება, მათთან ერთად მეკეთებინა კარგი საქმეები და სიხარული მიმენიჭებნა ადამიანებისთვის.