„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენრალურმა მდოვანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში „არჩევანი 2016" განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დაუშვებს ქვეყანაში ძალადობის დაბრუნებას.
„პარტია „ქართული ოცნება" არის გარანტი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ძალადობა, ქვეყანაში დააბრუნოს ძალადობრივი რეჟიმები, არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ საკუთარ მოქალაქეებზე. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დავუბრუნეთ ღირსება, დავუბრუნეთ შესაძლებლობა იმისა, რომ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღეს გამოთქვას თავისი აზრი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და ამის გამო ისინი არ იდევნებიან, ხელკეტებით და ქვებით არ დასდევენ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და შეიძლება პარალელებიც გავავლოთ და შევადაროთ. 2012 წელს საქართველოში 24 ათასი პატიმარი იყო და ევროპაში ამ მონაცემებით პირველ ადგილზე ვიმყოფებოდით, 9 წლის განმავლობაში გასამართლებული იყო 300 ათასი ადამიანი სხვადასხვა საქმეებზე, აქ იყო სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული დანაშაულები. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. არცერთი ადამიანი არ იქნება დაჩაგრული, არცერთი ადამიანი არ დაისჯება უკანონოდ საქართველოში. ეს ყველაფერი არის წარსული", - განაცხადა კახა კალაძემ.