„დღეს განათლების სისტემა არის დემოკრატიული და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არის აკადემიური თავისუფლება", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა „არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, განათლების სისტემა ვითარდებოდეს პოლიტიკური წნეხის ქვეშ, როგორც ეს ადრე იყო. გიგაურის განცხადებით, მთავრობამ განათლება პრიორიტეტად დაისახა.
„განათლების ბიუჯეტი 350 მილიონით არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით, ხოლო პროფესიული განათლების ბიუჯეტი 100 %-ით არის გაზრდილი. ასევე გავზარდეთ სტიპენდიები, დღეს 20 000-ით მეტი სტუდენტი იღებს სტიპენდიას.
როგორც ადრე იყო სწავლა სწავლისთვის, ეს ასე აღარაა, თეორიულ სწავლებასთან ერთად დამკვიდრდა პრაქტიკული უნარების გამომუშავება და რაც მთავარია, აღზრდის კომპონენტი შემოვიდა განათლებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორიენტაციას ვაკეთებთ ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი სამოქალაქო ღირებულებების მქონე ახალგაზრდების აღზრდაზე", - განაცხადა გიგაურმა.