„საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. მასობრივი რეკეტი, რომელშიც ჩართული იყო ყველა სამართალდამცავი ორგანო. იყო ტოტალური პრაქტიკა საკუთრების ხელყოფის. დღეს ეს ყველაფერი აღკვეთილია და არცერთი პრეცედენტი არ ფიქსირდება, რომ ვინმეს შეხებოდეს ქონების ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სიტემაში მმართველმა გუნდმა ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწია. კობახიძის განცხადებით, 2012 წლისთვის 24 000-ზე მეტი პატიმარი იყო ციხეში. დღეისათვის ეს მაჩვენებელი არის ორნახევარჯერ შემცირებული, ხოლო პატიმრების გარდაცვალების ფაქტი 140-დან 12-მდე დავიდა.
„სასჯელაღსრულების სისტემაში, გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო, ამ კუთხით რა პრობლემები არსებობდა. „რუსთავი 2"-ზე ვუსმენდი წინა ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს მითები იქმნებოდა სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით. 2012 წლისთვის 24 000-ზე მეტი პატიმარი იყო ციხეში. დღეისათვის ეს მაჩვენებელი არის ორნახევარჯერ შემცირებული.
2012 წელს 140 ადამიანი გარდაიცვალა სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს ეს არის 12 ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში იმის შედეგი, რომ აღიკვეთა პატიმრების წამება და არაჰუმანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა.
პატიმრების წამების ან არაჰუმანური მოპყრობის არცერთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც შეეხება პატიმრებს შორის ინციდენტს, მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
2012 წელს ტუბერკულოზის 457 შემთხვევა ფიქსირდებოდა ციხეებში და დღეს არის 56-მდე დასული. გახსოვთ, ჯანმრთელ ადამიანებს უშვებდნენ ტუბზონებში და სწორედ ამის შედეგი იყო ამდენი დაავადებული",- განაცხადა კობახიძემ.