logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძლიერი სოფელი, ეს უკვე ძლიერი საქართველოა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 23:40



„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევანი 2016" სოფლის მეურნობაზე და ამ სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, წყლით უზრუნველყოფის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.


„ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ეს დარგი ფაქტობრივად წლების განმავლობაში განადგურებული იყო, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ იმდენი მიწების დამუშავება, რაც 20-25 წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა. უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც მეოთხე წელია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები არიან ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძლიერი სოფელი, რადგან ძლიერი სოფლები ნიშნავს ძლიერ რაიონებს, ძლიერი რაიონები ძლიერი ქალაქებია, ძლიერი ქალაქები, ეს უკვე ძლიერი საქართველოა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც გვქონდა წარმოდგენილი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მომავალი წლების განმავლობაშიც აუცილებლად გაგრძელდება. ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტები. ასევე ამოქმედდა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი. ფერმერებს დაახლოებით 250 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მცენარეთა მოვლის საშუალებები საერთოდ უფასოდ დაურიგდათ. 2013-2016 წლებში 150 ახალი აგრარული საწარმო შეიქმნა, 700 საწარმო კი გაფართოვდა და გადაიარაღდა. ასევე ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა. მოხდა სოფლების წყლით უზრუნველოფა. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბევრი სოფელი, სადაც ეს პრობლემა არსებობს და მომავალი წლების განმავლობაში ეს აუცილებლად იქნება მოგვარებული", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner