„შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება მუდამ სისასტიკეს და ძალადობას უპირისპირებდა. ესეც არის აღკვეთილი და არცერთი პრეცედენტი არ ფიქსირდება",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადამიანის უფლებები დღეს ქვეყანაში აღარ ილახება, არის სასამართლო დამოუკიდებელი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.
„პირადი ცხოვრების ხელყოფა. ჩურჩულით დადიოდნენ ქუჩებში, დერეფნებში, საკუთარ სახლებშიც კი. გახსოვთ, რამდენი ჩანაწერი კეთდებოდა წინა ხელისუფლების მიერ, რომელიც შემდეგ გამოამზეურეს. ეს ყველაფერი აღკვეთილია დღეს ქვეყანაში.
ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს რაც შეეხება, კერძოდ, სასამართლო სისტემას, პროკურატურას, შსს-ს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანების უფლებების ხელყოფას 2012 წლამდე. სასამართლოზე გავამახვილებ ყურადღებას, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. არცერთი ადამიანი აღარ საუბრობს, რომ სასამართლო ულახავს მას უფლებებს. მაგალითად. ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით 55%-ით არის შემცირებული ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი მეტყველებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ასევე, არცერთი შემთხვევა რა ფიქსირდება, რომ ვინმემ უსამართლოდ აღუკვეთა ვინმეს თავისუფლება.
წინასწარ პატიმრობას რაც შეეხება, 49%-დან 29%-მდეა შემცირებული. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის სფეროშიც პრაქტიკა ფუნდამენტურადაა შეცვლილი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა უზრუნველყოფილი",- განაცხადა კობახიძემ.