logo_geo
eng_logo
ლაშა ტუღუში: დღეს მთელი ქვეყანა დენთის კასრებზე ზის
- +

15 მარტი. 2016. 17:48


უფლებადამცველი ლაშა ტუღუში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას გმობს. როგორც „რეპორტიორთან" ინტერვიუში ტუღუში აცხადებს, სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ საქმე და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.


თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება, - ამის შესახებ ლაშა ტუღუში „რეპორტიორს" ესაუბრა:


- იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, თუმცა თუ გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს. 2014 წლის იანვარში ათობით ათასი ფაილი პროკურატურას გადაეცა, ეს სახელმწიფო კომისიამ გადასცა, რომლის წევრი მეც გახლდით, 2 წელი და რამდენიმე თვე გავიდა და პასუხი არ არის. იმ გამოძიებას ბევრად უფრო მარტივად შეეძლო დასკვნები გაეკეთებინა, დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო, ჩვენ ვერაფერი დავინახეთ.


ვფიქრობ, რომ ეს იყო ხელისუფლების სერიოზული შეცდომა. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა სერიოზული სამართლებრივი დასკვნები დაედოთ სამართალდამცავ ორგანოებს, დასკვნები გაეკეთებინათ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას.

 

- დასკვნებში რას გულისხმობთ?


- დასკვნებში ვგულისხმობ, რომ ასეთი ტიპის დანაშაული დასჯადია! როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ მსგავსი ბოროტება დამკვიდრდეს როგორც თამაშის წესი. თუ ეს დამკვიდრდა, როგორც თამაშის წესი, ეს აზიანებს მთელ ქვეყანას. ყველა პარტია მოწყვლადია, ყველა პოლიტიკოსი მოწყვლადია, ჩვენი საზოგადოების ყველა აქტიური წარმომადგენელი მოწყვლადია. ჟურნალისტის, სასულიერო პირის, მეცნიერის, ბიზნესმენის და ზოგადად ყველას მიმართ შეიძლება გამოიყენონ მსგავსი სიბინძურე. ამიტომ, ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ, რაც შეიძლება სწრაფად. თუ გამოძიება ისე გააგრძელებს მოქმედებას, როგორც 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა, მაშინ ეს მარაზმი არათუ გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და გართულდება ვითარება. ძალიან სერიოზულად ვფიქრობ იმ რისკებზე, რომელიც გველოდება.


- რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება?


- ერთმა ფაქტმა რა რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და როდესაც ასეთი სიბინძურე ძალიან დიდი დოზით, სადღაც სკივრში აქვთ შენახული, წარმოიდგინეთ ამ სკივრის თავის მოხსნამ რა შეიძლება გამოიწვიოს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი. ამიტომ პრემიერის, პრეზიდენტის და სპიკერის განცხადებები ჰაერში არ უნდა დარჩეს და ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მიხვდნენ, რომ პირველ რიგში მათ მოეთხოვებათ პასუხი. ეს მათ ჩაიდინეს თუ - სხვებმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, რომ გადაკეტოს მსგავსი ბინძური არხები, რათა ქვეყანა არ იყოს დაშანტაჟებული და არ დაგვსვან იმ დენთის კასრებზე, რომლებზეც დღეს ვსხედვართ.


- რამდენიმე დღე გავიდა ვიდეოს გავრცელებიდან. როგორ ფიქრობთ, აქამდე უნდა ჰქონოდა თუ არა პროკურატურას საზოგადოებასთან კონტაქტი და გამოძიების მსვლელობაზე რაიმე ინფორმაცია მაინც მიეწოდებინა?


- მესმის, რომ საქმის ძალიან სწრაფად გამოძიება რთულია. თუმცა, მე ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიყავი კომისიაში, როგორც იქნა გადავეცით ეს მასალები პროკურატურას და ამის შემდეგ არაფერი არ ისმის, რა თქმა უნდა არ მიკვირს, რომ ორ და სამ დღეში შედეგს ვერ ვხედავთ. თუმცა, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, სულ ცოტა მეტი აქტიურობა მაინც სჭირდება პროკურატურას.


სახელმწიფომ რაღაც კითხვებს პასუხები უნდა გასცეს: რატომ მუშაობენ ისევ ის ადამიანები იმ სისტემაში, სადაც სჩადიოდნენ დანაშაულს? ამ კითხვაზე არანაირი არგუმენტი, ახსნა და პასუხი არ მომისმენია.

 

- გავრცელებული ვიდეო, ხომ არ არის იმ ვიდეო ჩანაწერებიდან ერთ-ერთი, რასაც თქვენ იკვლევდით, როდესაც ფარული ჩანაწერების შემსწავლელ დროებით კომისიაში იყავით?


- არ გამოვრციხავ, რომ ეს მასალა იყო ნაწილი იმ ფაილების, რომლებიც განადგურდა. შესაძლოა ვიღაცას ჰქონდა დუბლიკატი. ჩემთვის ცოტა რთულია ამაზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ არსებობს დუბლიკატები, გატანილი მასალები. თუმცა, ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა. ეს იყო იქ მნიშვნელოვანი. 8 თვის მანძილზე იყო დისკუსიები ამ კადრების განადგურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით გადადგამდა თუ არა ხელისუფლება ამ ნაბიჯს, რადგან ფაქტობრივად, კადრების განადგურებით მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ უკვე არსებობდა გამოძიება, რომელსაც უნდა დაედგინა კიდევ იყო თუ არა მსგავსი სახის კადრები შემორჩენილი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გადავეცით გარკვეული მასალები პროკურატურას, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. მათ უნდა დაედგინათ ვინ აკეთებდა ამას, რატომ აკეთებდა, რა მიზნები ჰქონდა, ვინ იყო დამკვეთი. როდესაც ამ ყველაფერს გაარკვევდნენ დღეს გვეცოდინებოდა ვინ და რატომ აკეთებს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ბევრად რთული იქნებოდა მათთვის კადრების გამოქვეყნება.


- ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს კადრების ავთენტურობაც. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო მეტ ქაოსს შეიტანს საზოგადოებაში.


- ყველაფერი რაც შეიძლება გამოჩნდეს, მართალი კი არ იქნება. ძალიან მარტივია გააყალბო და შექმნა ფაბრიკაცია ასეთი ტიპის მასალებისგან. შეიძლება ხმა მიამსგავსო, ფოტოშოფი გამოიყენო, კადრი გადაამონტაჟო, ეს არის ტექნოლოგიები, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებენ. ახლა რომ გამოიყრება ეს მასალები, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც მოსალოდნელია, ვინ გაარკვევს სად არის სიმართლე და სად ტყუილი. ამ ქაოსში გადარჩენა სად არის? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლება და სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი საზოგადოება.


- რა რეაქცია უნდა დაახვედროს საზოგადოებამ აღნიშნულ ფაქტებს?


- სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავის ვალდებულებები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სისტემა უნდა შეიცვალოს. დღევანდელი კანონმდებლობა შესაძლებლობებს იძლევა, რომ გაგრძელდეს მსგავსი ქმედებები. ამიტომ, კანონი უნდა გაუმჯობესდეს. საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ თავი დაიცვას ამ ბინძური თამაშისგან. საზოგადოებას ჩამოუყალიბდა სწორი მიდგომა, მას არ მოსწონს მსგავსი რაღაცები. ჩვენ არ უნდა ვენდოთ ასეთ სიბინძურეს, არ უნდა წავახალისოთ და მედიამ უნდა გადაკეტოს ეს არხები. ამ ბნელ და ბოროტ არსებებს თავიანთი ინტერესების განხორციელების საშუალება არ უნდა მივცეთ. მგონი ამას ყველა კარგად ხვდება. მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოყალბდნენ და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. ჩვენ ამ ბინძურ ხალხს უნდა ვუთხრათ უარი. არ უნდა მივიღოთ მათ ბინძურ თამაშში მონაწილეობა. ეს არის საზოგადოების ღირსეული პასუხი და ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორედ ასე პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner