„გახსოვთ, რომ ხელისუფლება იყო ერთი დიდი მონოლითი ნეგატიური, უარყოფითი გაგებით და დღეს სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობას აკონტროლებს პარლამენტი, სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხელისულების დანაწილების კუთხით ფუნდამენტური ცვლილება განახორციელა.
„პარლამენტი დაემსგავსა ნამდვილ პარლამენტს, მისი როლი არის გაძლიერებული. მთავრობას აკონტროლებს პარლამენტი, სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხელისუფლების დანაწილების კუთხით ფუნდამენტური ცვლილება გვაქვს. იმის მიუხედავად, რომ ვერ მოესწრო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.
საჯარო სამსახურის სისტემაში გვაქვს ასევე ფუნდამენტური ცვლილება. პირველად საქართველოში დამკვიდრდა კონკურსების სისტემა. მოხელეთა კონკურსებით შერჩევის საყოველთაო წესი.
ჩვენ ვართ გარანტი, რომ შენარჩუნდება ადამიანის უფლების დაცვა და დემოკრატია. ჩვენი მიზანია, დავუახლოვდეთ ევროპას ამ კუთხით და სტანდარტები უფრო ავწიოთ",- განაცხადა კობახიძემ.