ავტორი ნინო ჯიბუტი
ქვეყანაში არსებულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მთავრობაში სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე „რეპორტიორის" შეკითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი პასუხობს.
- იგეგმება თუ არა მთავრობაში საკადრო ცვილილებები და რომელ უწყებას ესაჭიროება განახლება?
- თუ კარგად გავიხსენებთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ავირჩიეთ, მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება. სიტყვა - ამ ეტაპზე ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე იგეგმება, მაშინ იტყოდა რომ საერთოდ არ გეგმავდა ცვლილებას. ეს მისი პრეროგატივაა. ამ წუთში ბატონი გიორგი რას ფიქრობს - მე ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში ცვლილებები ნამდვილად არ იგეგმება.
მე გამოვდივარ იმ პრინციპიდან, რომ თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გარკვეულ სამინისტროს გაცილებით უკეთ გაუძღვება, ვიდრე დღეს არსებული მინისტრი, „მჯობნის, მჯობნი არ დაილევაო", რა თქმა უნდა, ასეთ ცვილილებას მივესალმებით კიდეც და ამაში ტრაგედია არ არის.
- შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია „ქართულ ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის იგივე შემადგენლობას?
- ვფიქრობ, კოალიციას არაფერი ემუქრება და ცალკეულ დეპუტატებს შორის დაწყებული პატარა შეხლა- შემოხლაც ნელ-ნელა ჩაწყნარდება.ზოგადად ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, მაგრამ სურვილი რომ კოალიცია ერთიანი იყოს, მის ყველა სუბიექტს აქვს. ჩემი აზრით, კოალიცია ოქტომბრის არჩევნებისთვის იგივე შემადგენლობით იქნება, რა შემადგენლობითაც მოვედით წინა არჩევნების დროს.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროცესებზე რომ ვისაუბროთ...
- უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს რაც შეეხება, ეჭვი მეპარება, რომ იქ ვიღაც შეგზავნილ - გაგზვანილი იყოს და ბრძანებებს იძლეოდეს. ეს უფრო პროვოკაცია მგონია.
და გეტყვით რატომ - მოდით გავმიჯნოთ, ის რომ ერთია ხელისუფლების სურვილი, მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება, რომ მსგავსი რაღაცეები არ ხდებოდეს, მითუმეტეს უნივერსიტეტში - ეს გამორიცხულია. მეორე არის ინერცია, ამ ინერციის კანონს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია შემორჩენილი სხვადასხვა სამინისტროებში. ერთ მაგალითს გეტყვით, გარემოს დაცვის მინისტრი ბატონი გიგლა ჩემი მეგობარი, გამორჩეულად კარგი ადამიანია, პოლიტიკურად აბსოლუტრურად გამართულად მოაზროვნე, რომელსაც თავის ქვეყანა ძალიან უყვარს. მაგრამ როგორც ჩანს, იქ ქვედა ეშელონებში საქმე მთლად კარგად არ არის. ბოლო დროს ცალკეულ რაიონებში იმდენი ადამიანი დააჯარიმეს, თითქოს გამიზნულია, რომ ხალხი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. თითქოს ვერ შეედავები. კანონს ასრულებენ. მაგრამ ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები იქმნება შეიძლება, რაღაც გაატარო, ლმობიერად მოიქცე. ადამიანმა იგრძნოს, ვისაც აჯარიმებ, რომ მასზე ფიქრობ, და ფიქრობ გარემო არ დაზიანდეს, ადამიანიც იმ გარემოს ნაწილია და ისიც არ უნდა დაზიანდეს.არ ვლაპარაკობ, იმაზე ვინც გამიზნულად, ანგარების მიზნით არღვევს კანონს, ის უნდა დაჯარიმდეს ბუნებრივია, მაგრამ გლეხი რომ საჭიროებისთვის ფიჩხს ან ნატეხს გამოიტანს ტყიდან ამაზეა საუბარი. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გიგლა აგრარული კომიტეტის თავჯდომარე იყო. ანალოგიური რაღაც ხდება აქაც - უნივერსიტეტშიც, შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი სურვილით (ყველაფერი გასარკვევია) გამოიჩინა ზედმეტი ინიციატივა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების სურვილი ეს არ არის, გამორიცხულია ეს აქედან მოდიოდეს. ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად.
- სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში „ორდერეების" დრო უნდა დასრულდეს...
- სწორიც არიან, თუ მართლაც ასეა, უნდა მოითხოვონ კიდეც, სრულიად ვეთანხმები.
- მასწავლებელთა სასერტიფიკათო გამოცდების თემასაც შევეხოთ, ზოგადად რა პრობლემებია განათლების სფეროში? და რა უნდა იღონოს ხელისუფლებამ ამ კუთხით?
- მთავარი საკითხი არის, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს განათლების სისტემა და პირველ რიგში მასწავლებელთა მდგომაროება გაუმჯობესდეს. მაგრამ თუ რომელიმე მასწავლებელი გამოცდას ვერ აბარებს, ეს ტრაგედიაა, და ასეთი მასწავლებლები სამწუხაროდ, ბევრი გვყავს, ეს ყველაფერი კი გამოსასწორებელია. ზოგადად ეს, ალბათ უფრო პრემიერის პრეროგატივაა დააანონსოს, მაგრამ ვიტყვი, რომ ძირეული ცვილელებები იგეგმება განათლების სისტემაში.
- არ გვეტყვით რა ძირეულ ცვილელბებზეა საუბარი?
- ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით. ამას ძალიან მალე გავიგებთ....
- ვიზალიბერალიზაციის საკითხში ხელისუფლებას რა მთავარი როლი აქვს შესასრულებელი?
- წესიერად უნდა მოვიქცეთ. ყველა მოთხოვნა, პრაქტიკულად შესრულებულია. ზოგადად ძალიან დიდი, საოცარი საქმე კეთდება. ვიზებისთვის წვალება რომ არ დაგჭირდება, ეს იმდენად კარგი საქმეა, მორალურადაც გრძნობ, რომ უკვე იმ სისტემის ნაწილი ხდები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო ჰქვია.
მუშაობის უფლებას რაც შეეხება, ევროპა ახლა ისეთ დღეშია, წარმოდგენა არ აქვს ემიგრანტებთან დაკავშირებით რა იღონოს. სიტუაცია ყოველდღე მძაფრდება, დაბნეულები არიან და როგორ მოაგვარონ ეს საკითხი ჯერ არ იციან.