7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). მათ შორის უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა.
გამოფენა, რომელიც 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ლალი ზამბახიძე 1941 წელს დაბა ჩოხატაურში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1966-67წ.წ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქტორი, ხოლო 1967-90წ.წ. ჟურნალ „ნიანგის" ილუსტრატორი იყო. ლალი ზამბახიძე 1971 წლიდან საქართველოს მხატვრათა კავშირის წევრია. 1996-2003წ.წ. მხატვართა კავშირის მდივანი, გრაფიკის სექციის თავჯდომარე. 1967 წლიდან დღემდე თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 2003-06წ.წ. კი დაზგური გრაფიკის დეპარტამენტის თავჯდომარე. იგი მუშაობს აკვარელის, აკრილის, ოფორტის, მონოტიპიის და სხვა შერეულ ტექნიკებში.